Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აგვისტო ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების დღეა - აქვთ თუ არა აფხაზებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საბაბი


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულებიდან გასული ყოველი მომდევნო წელი აფხაზეთს საქართველოსგან სულ უფრო აშორებს.

ამის თქმა უკვე დაბეჯითებით შეიძლება იმ ზარ-ზეიმის ფონზე, რომელსაც სოხუმი 27 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გეგმავს. დამოუკიდებლობის 10 წლისთავი აფხაზეთში სერიოზული თარიღია. 10 წელი მათთვის საკმარისი დრო აღმოჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ქართველების გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა მიმდინარე წელი: პრაქტიკულად აღდგა სარკინიგზო მოძრაობა, საზღვაო მიმოსვლა, დარიგდა რუსული პასპორტები. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის საბაბი აქვთ.

აფხაზეთის ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბარი, რასაკვირველია, სერიოზულად არც ერთი კრიტერიუმით არ შეიძლება. სოხუმი ისევ გაპარტახებულია და ნაომარი ქალაქის ცხოვრებით ცხოვრობს. ეს ფაქტია, მაგრამ გამარჯვების დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალების პროგრამაში გაჩნდა პუნქტი, რომელიც ნელ-ნელა ანგრევს ეკონომიკურ ბლოკადაში მყოფი რეგიონის იმიჯს: 27 სექტემბერს სოხუმის ხელისუფლება ქალაქის ცენტრში რამდენიმე ფეშენებელური სასტუმროს გახსნას გეგმავს. აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სასტუმროები აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღისათვის ჩასულ სტუმრებს უფასოდ მოემსახურებიან. სტუმრებს კი მრავლად ელიან - საკმარისია მარტო იმის აღნიშვნა, რომ საზეიმო დღეებში დაგეგმილია აფხაზურ-აბაზინური საერთაშორისო ორგანიზაციისა და კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის ერთობლივი ყრილობის გამართვა. ამას დაუმატეთ რუსეთის დედაქალაქიდან და მთელი რიგი სოლიდარული გუბერნიებიდან ჩასული დელეგაციები და ხალხმრავლობაც გარანტირებულია. სხვათა შორის, ამ მხრივ აფხაზეთში დღესასწაულის გარეშეც წინსვლაა: წინა წლებთან შედარებით, მიმდინარე ზაფხულს სოხუმსა და აფხაზეთის საზღვაო ქალაქებში დამსვენებელთა განსაკუთრებულად დიდი ნაკადი ჩავიდა. დამსვენებელთა მაქსიმალური უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის მოქალაქეა. ესეც აფხაზურ-რუსული დიდი პოლიტიკის შედეგია და განზოგადებას ექვემდებარება. თუმცა, მეორე მხრივ, რეალობაა ისიც, რომ აფხაზეთი ნელ-ნელა იბრუნებს უხიფათო და სტაბილური რეგიონის სტატუსს, სხვათა შორის, არა მარტო ზღვისა და მზის მოტრფიალე რიგითი რუსების თვალში: იუბილესთან დაკავშირებულ სარესტავრაციო სამუშაოებს სოხუმში თურქული კერძო ფირმა აწარმოებს.
საერთოდ კი, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, მთელი ამ ათწლიანი პერიოდის განმავლობაში სოხუმის ხელისუფლების სუვერენიტეტის პოლიტიკა ბევრად უფრო მოქნილი და მიზანმიმართული აღმოჩნდა, ვიდრე თბილისის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკა. ამ ათი წლის განმავლობაში აფხაზეთმა ჩაატარა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, რეფერენდუმი, შექმნა და შეიძინა არა მარტო სახელმწიფო ატრიბუტიკა, არამედ თავისებური იდეოლოგიაც. ამ იდეოლოგიის შედეგია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ისტორიის ისეთი კურსის სწავლება, რომელშიც ქართველი ფაშისტი და ოკუპანტია. შესაბამისად, არძინბას ოპოზიციურ წრეებშიც კი ვერ ნახავთ აფხაზეთის საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში დაბრუნების მომხრეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მომავალ თაობაზე.
სეპარატული აფხაზეთი გამარჯვების დღის აღსანიშნავად თითქმის ერთი წელია ემზადება. იგეგმება თეატრალური სანახაობები, სახალხო სეირნობა და, რაც მთავარია, სამხედრო აღლუმი, რომელიც თბილისისთვის გამოწვევასავით ჟღერს: სამხედრო აღლუმი საქართველოს დედაქალაქში, უსახსრობის გამო, 1997 წლის შემდეგ აღარ გამართულა.
XS
SM
MD
LG