Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" იუწყება, რეფორმისტულმა მოძრაობამ ირანში მორიგი დარტყმა იგემა






კონსერვატორები მოლებით წარმოდგენილმა ეგრეთ წოდებულმა ზედამხედველთა საბჭომ უარყო ირანში მოქალაქეობრივ უფლებათა გასაფართოებლად გამიზნული სამი "პროგრესული" კანონპროექტი, რომლებიც ქვეყნის პრორეფორმისტულმა პარლამენტმა მოიწონა. სარედაქციო სტატიაში გაზეთი წერს:

"ორი კანონპროექტის თანახმად ირანმა ხელი უნდა მოაწეროს გაეროს კონვენციებს წამების აკრძალვის, აგრეთვე ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის შეწყვეტის შესახებ. ხოლო მესამე კანონპროექტის მიხედვით ზედამხედველთა საბჭოს აღარ ექნება უფლება დაამტკიცოს ან უარყოს ამა თუ იმ ხელმძღვანელ თანამდებობაზე წამოყენებული კანდიდატი. ზედამხედველთა საბჭოს მიერ ხსენებული კანონპროექტების უარყოფით ქვეყნის რეფორმისტულმა მოძრაობამ მორიგი დარტყმა მიიღო თებერვლისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ. ათობით რეფორმისტი აქტივისტი კვლავაც პატიმრობაშია ივნისში გამართული საპროტესტო დემონსტრაციების კვალობაზე. შიდა დაპირისპირებები ირანში არ წყდება იმ დროს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს თეირანზე და გამჭვირვალებას მოითხოვს ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მკაცრი კურსის მომხრეებს არ სურთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და დაუბრკოლებლად შეამოწმონ, როცა კი მოესურვებათ ირანში ნებისმიერი ბირთვული ობიექტი. ისინი მოითხოვენ ამასთანავე, რომ თეირანი გამოვიდეს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან".

ბრიტანეთის ჟურნალი "ჯეინს ფორინ რიპორტი" ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა ირანის აწ განსვენებული სულიერი ლიდერის, აიათოლა ხომეინის შვილიშვილის, ირანელი შიიტების მიერ რევოლუციის გმირად შერაცხული ჰუსეინ ხომეინის ამასწინანდელ განცხადებას, რომელშიც დღევანდელი რეჟიმი, ირანში, "მსოფლიოს ყველაზე სასტიკ დიქტატურადაა" მოხსენიებული. ჰუსეინ ხომეინის მიაჩნია, რომ ქვეყნის კონსერვატორი მოლებით წარმოდგენილი ხელმძღვანელობა მისი პაპის, აიათოლა ხომეინის, აგრეთვე ისლამის სახელით ცდილობს ირანში ტირანული რეჟიმის შენარჩუნებას. ჟურნალი განაგრძობს:

"ჰუსეინ ხომეინიმ განაცხადა, რომ ირანში უნდა იყოს "დემოკრატიული რეჟიმი", რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყანაში რელიგის გამიჯვნას სახელმწიფოსაგან. ჰუსეინ ხომეინი არაა რელიგიური ლიდერი, სამაგიეროდ სარგებლობს ვეტერანი რევოლუციონერის ავტორიტეტით, ადამიანისა, რომელიც თავის პაპას ახლდა ლტოლვილობაში ერაყსა და საფრანგეთში, და აიათოლა ხომეინისთან ერთად 1981 წელს ტრიუმფით დაბრუნდა სამშობლოში. ამჯერად, 46-წლის ჰუსეინმა, თავის თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვიტა ერაყის წმიდა ქალაქ ნაჯაფში დასახლდეს. ესოდენ გაბედულმა განცხადებებმა შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჰუსეინ ხომეინის. როგორც პალესტინელთა ერთ-ერთი გაზეთი იუწყებოდა ამ დღეებში, ირანელი კონსერვატორები შიშობენ, რომ ჰუსეინ ხომეინი შესაძლოა ახალი სამბოლო გახდეს ოპოზიციისთვის, და არაა გამორიცხული, რომ მისი ლიკვიდაცია ჰქონდეთ დაგეგმილი. ჰუსეინ ხომეინის უნდა ახსოვდეს რა ბედი ეწია მის ბიძას, აჰმედ ხომეინის, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმეს მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ აღარ ემხრობა მმართველ მოლებს".

"ჯეინს ფორინ რიპორტი" იმავე ნომერში აქვეყნებს სტატიას ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილების შესახებ, ცვლილება შეიტანოს ქვეყნის კონსტიტუციაში და მესამე ვადით დარჩეს ხელისუფლების სათავეში. სტატიაში ვკითხულობთ:

"2001 წლის სექტემბერში ლუკაშენკო მეორე ხუთწლიანი ვადით იქნა არჩეული იმგვარ ვითარებაში, რაც ვეებერთელა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დასავლელმა მეთვალყურეებმა. იმისათვის, რათა მესამე ხუთწლიანი ვადით შეინარჩუნოს პრეზიდენტის სავარძელი ლუკაშენკოს მოუხდება რეფერენდუმის მოწყობა, რომელშიც ელექტორატის ორმა მესამედმა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას უნდა დაუჭიროს მხარი. ლუკაშენკომ ჯერ უარყო, რომ ამგვარი რეფერენდუმის მოწყობა აქვს განზრახული, ხოლო 1 აგვისტოს რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კვლავ იყრის კენჭს, თუ პოლიტიკური ოპოზიცია საბილურობას შეუქმნის ბელორუსიაში საფრთხეს. ლუკაშენკომ შესაძლოა თავი აარიდოს საერთოდ რეფერენდუმის მოწყობას და პარლამენტს მიაღებინოს კანონი პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევის შესახებ. ვინაიდან ბელორუსიის პარლამენტი პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატებითაა ფაქტობრივად წარმოდგენილი, უნდა მოველოდეთ, რომ ლუკაშენკოს სულაც არ გაუჭირდება ამ მორიგი "სპექტაკლის" დადგმა."
XS
SM
MD
LG