Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტერიტორიაზე ”დიდი ნავთობსადენის” 35 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე მზად არის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოში განვითარებული ენერგეტიკული სკანდალების ფონზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის რეალიზაცია ჩვეული ტემპებით მიმდინარეობს.

”დიდი ნავთობსადენი”, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ლამის ერთადერთ პროექტად იქცა, რომელსაც გაცხადებული ქართული საგარეო პოლიტიკის ვექტორის შესაძლო ცვლილების გასაბათილებლად იყენებს ხელისუფლება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის პირველი მონაკვეთის მშენებლობა წალკის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს, - აცხადებენ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში. წლის დასაწყისში ნავთობსადენისათვის მილების გადმოტვირთვა მიმდინარეობდა. დღეისათვის კი წალკის მონაკვეთზე უკვე 35 კილომეტრიანი მონაკვეთია ათვისებული.

”დიდი ნავთობსადენის” გეგმიურ ტემპში მშენებლობას საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მაშინ, როდესაც რუსული ენერგოგიგანტები ერთმანეთის მიყოლებით ყიდულობენ მნიშვნელოვან ობიექტებს, ”საუკუნის პროექტის” განხორციელება საქართველოში დასავლური ინტერესების ლამის ერთადერთ ეკონომიკურ გამოხატულებად იქცა.

ამჟამად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დერეფნის გასწვრივ მილების განთავსება და შედუღება მიმდინარეობს. ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში აცხადებენ, რომ დღეისათვის 10 კილომეტრამდე მილი მზად არის დადუღებისათვის. სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით უკვე გაკეთებულია 35 ნაკერი. ადგილობრივი ქანების თავისებურების გამო, მილების ჩასაწყობად და ტრანშეების მოსამზადებლად მკვრივი კლდოვანი ქანების დაშლისათვის სპეციალური ტექნოლოგიები გამოიყენება.

საინტერესოა, რომ მიღებული მასალა სხვა დანიშნულებითაც მოიხმარება. მაგალითად, სპეციალური მანქანა-დანადგარებით გადამუშავების შედეგად მიღებულ ღორღს წალკის რაიონში სავალალო მდგომარეობაში არსებული გზების შესაკეთებლად იყენებენ. დღეისათვის ამ მეთოდით უკვე შეკეთებულია 45 კილომეტრეზე მეტი გზის მონაკვეთი. ნავთობის კორპორაციაში აცხადებენ, რომ მილსადენის დერეფნის გასწვრივ ცალკე ინახავენ მიწის იმ ზედა ნაყოფიერ ფენას, რომელიც ნავთობსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ისევ პირვანდელ მდებარეობას დაუბრუნდება.

შესაბამისად, ”დიდ ნავთობსადენზე” განხორციელებული სამუშაოები, სპეციალისტების განცხადებით, რადიკალურად განსხვავდება იმ მეთოდებისაგან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საბჭოური გიგანტური პროექტების განხორციელების პერიოდში იყენებდნენ და რომელიც სერიოზულ ეკოლოგიურ და რეაკრეაციულ დანაკარგებთან იყო დაკავშირებული.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყებამ უკვე სერიოზული კორექტივები შეიტანა ქართულ ეკონომიკურ ცხოვრებაში. მაგალითად, იმპორტის სტრუქტურაში წელს პირველ ადგილს ამ პროექტის რეალიზაციისათვის საჭირო მილები იკავებენ. ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტრუქტურაშიც მოსალოდნელია ამ პროექტის ხარჯზე ცვლილება, რადგან მშენებლობაში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები იქნებიან დასაქმებული.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დასრულება მომავალ წელს არის ნავარაუდევი.
XS
SM
MD
LG