Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღინიშნა საქართველოში აფხაზეთში ომის დაწყების დღე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 11 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ნაწილები შევიდნენ.

დღეს, შესაძლოა, ბევრს არც ახსოვდეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზად აფხაზეთში გამავალი სარკინიგზო ეშელონების გახშირებული ძარცვა იქცა. სამაგიეროდ, ბევრს ახსოვს, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო.

თუ თბილისში 14 აგვისტოს აფხაზეთში ომის დაწყების დღე აღინიშნება, სოხუმი 14 აგვისტოს სამშობლოს დამცველთა ხსოვნის დღეს ზეიმობს. და კიდევ - თბილისშიც და სოხუმშიც წუთიერი დუმილით პატივი სცეს აფხაზეთის ომში დაღუპულებს.

აფხაზეთში ომის დაწყების მე-11 წლისთავზე კვლავ თვალში საცემია ის განსხვავება, რომელიც არსებობს კონფლიქტში მონაწილეების მხრიდან ამ ომის მიმართ დამოკიდებულებაში. თუ 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულ ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, ვინ ვის მხარეს იბრძოდა, სოხუმში მხოლოდ აფხაზი ეროვნების დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. და კიდევ ის ჩრდილოკავკასიელები, ვინც აფხაზეთის ომისას აფხაზების მხარეზე იბრძოდა. სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპული ყაბარდო-ბალყარელი მებრძოლების მშობლებთან ერთად გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს სოხუმის ცენტრალურ პარკში აღმართული ”დიდების მემორიალი”, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო ინტერ-პრესი.ამავე სააგენტოს ცნობით, სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, “გააკეთოს სათანადო დასკვნები და არ გაიმეოროს საქართველოსთვის საბედისწერო შეცდომები.” იგი საქართველოს ხელისუფლებას უსაყვედურებს, რომ თბილისიდან აფხაზურ მხარეს, მუქარის გარდა, არაფერი ესმის, რაც ხელს არ შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებას და ქართველებსა და აფხაზებს შორის ”ცივილიზებული ურთიერთობის” დამყარებას.
ჯერჯერობით უცნობია, შეაფასებს თუ არა სოხუმის ხელისუფლება მორიგ მუქარად საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის ცნობას, რომ სექტემბერში, კემპ-დევიდში დაგეგმილ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას, ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხსაც განიხილავენ. როგორც იცით, ქართული მხარე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აშშ-ის აქტიურ ჩართვას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. შეგახსენებთ პრეზიდენტ შევარდნაძის ერთ განცხადებას, გაკეთებულს პრეზიდენტ ბუშისგან მიღებული წერილის ერთ დეტალზე საუბრისას:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] ” მთავრდებოდა ეს წერილი ასეთი სიტყვებით: ცოტა ხანიც მოიცადეთ, ცოტა ხანიც დაგვიჯერეთ და ჩვენ ყველანი მოვიცლით აფხაზეთისათვის.”
აფხაზეთისთვის გაერომაც მოიცალა: სექტემბრიდან გალის რაიონში, გაეროს ეგიდით, საერთაშორისო პოლიციელები დაიწყებენ საქმიანობას. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ სწორედ საერთაშორისო პოლიციური ზედამხედველობის მეშვეობით გახდება შესაძლებელი გალის რაიონში დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოების დაცვა. შეგახსენებთ: გალში რუსეთის სამშვიდობო ნაწილების განთავსების მიუხედავად, მშვიდობიანი მოსახლეობის შევიწროება იქ ლამის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.
XS
SM
MD
LG