Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსი სეპარატისტების პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს გზიდან იშორებს


13 წელია, სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკა ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს. ამგვარი ტიპის სხვა ფსევდო-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მსგავსად,

ყოფილი ავტონომიური ოლქის მოსახლეობაც სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების ჭაობშია ჩაფლული. თუმცა ბოლო დროს ცხინვალელების უღიმღამო ყოფა ორი წლის წინ არჩეულმა პრეზიდენტმა საგრძნობლად გაახალისა. ედუარდ კოკოითმა, ჯერ იყო და, შეთქმულების მოწყობის ბრალდებით, ძალოვანი მინისტრები დაითხოვა. სულ ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი რევაზ ხუგაევი და მთავრობის მთელი შემადგენლობა გადააყენა. რა ხდება საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში? რასთან გვაქვს საქმე - აღმასრულებელი ხელისუფლების სრტუქტურათა რეორგანიზაციასთან, როგორც ამას, კოკოითის გარემოცვა ამტკიცებს, თუ ხელისუფლებისათვის ბრძოლასთან?

ძალოვანი მინისტრების გადაყენებისას ედუარდ კოკოითი თავად ამახვილებდა ყურადღებას შეთქმულების ფაქტორზე. ამჯერად არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დათხოვნას ხელისუფლებისათვის ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათი თქმით, კოკოითმა ამგვარი გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის მიზნით მიიღო. სეპარატისტთა ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას არაღიარებული რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე ირინა გაგლოევა აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ რევაზ ხუგაევს არც პოლიტიკური დასაყრდენი და, მით უმეტეს, არც საკუთარი პოლიტიკური პარტია არ ჰქონია.
[ირინა გაგლოევას ხმა] “არა, არანაირი პოლიტიკური პარტია მას არ აქვს. აი, სტანისლავ კოჩიევი კი კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობს.”

ჩემთან საუბარში ქალბატონ გაგლოევას სტანისლავ კოჩიევი, სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, შემთხვევით არ უხსენებია. საქმე ის არის, რომ კოჩიევის გვარი ფიგურირებს იმ ინფორმაციაში, რომლის მოპოვება ჩვენმა გორელმა კორესპონდენტმა გოგა აფციაურმა შეძლო და, რომლის თანახმადაც, სეპარატისტთა ხელისუფლების უმაღლესი პირები - პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - პრეზიდენტისადმი ოპოზიციური ძალის შექმნას ცდილობდნენ.
[გოგა აფციაურის ხმა] “მთავრობის თავმჯდომარემ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა, რევაზ ხუგაევმა, და პარლამენტის თავმჯდომარემ სტანისლავ კოჩიევმა გადაწყვიტეს პოლიტიკური ოპოზიციური დაჯგუფება შეექმნათ, რომელიც კოკოითის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მხარდამჭერების საწინააღმდეგო ოპოზიციური დაჯგუფება იქნებოდა.”

ხუგაევისაგან განსხვავებით, კოჩიევი თანამდებობას შეინარჩუნებს. იგი კომუნისტია, კომუნისტები კი სეპარატისტთა პარლამენტში უმრავლესობას ფლობენ. სავარაუდოდ, საკადრო წმენდა არ შეეხებათ ძალოვან, საგარეო და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრებს. გამოდის, რომ მთავრობის დათხოვნის ერთადერთი მიზეზი სწორედ რომ ხუგაევის გზიდან ჩამოშორება იყო. დამკვირვებლები ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას გამორიცხავენ. იგი იმავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან რამდენიმე წლის წინ სეპარატისტთა ყოფილმა ლიდერმა ლუდვიგ ჩიბიროვმა ზედმეტი ხმაურის გარეშე გადააყენა. ხუგაევის ხელისუფლებიდან წასვლას ხმაური და აყალმაყალი, სავარაუდოდ, არც ამჯერად მოჰყვება. ალბათ, ამის გამოა, რომ კონფლიქტის ზონაში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი მიხეილ ქებაძე თავს არხეინად გრძნობს.
[მიხეილ ქებაძის ხმა] “...ჩვეულ რეჟიმში. არაფერი, არავითარი დაძაბულობა და ისინი მაგას არ მოჰყოლია. თავიანთი ბრალი იყო. ..არა, რისი შეთქმულება, მაგდენი ტვინი რომელს აქვს აქა ერთი.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG