Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ ელექტროენერგეტიკაში


მიუხედავად იმისა, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული ”ეი-ი-ეს თელასის” გაყიდვის ოპერაციის არაპოლიტიკურობა,

იგი მაინც იქცა ქართული პოლიტიკის უმთავრეს თემად. პოლიტიკური პარტიების მცდელობა ენერგეტიკა წინასაარჩევნო ბრძოლის იარაღად აქციონ, კიდევ უფრო ართულებს ქართული ელექტროსისტემის ისედაც კრიზისულ მდგომარეობას.

წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში მყოფ ქართულ პოლიტიკაში მსჯელობისა და დაპირისპირების საგნადაა ქცეული არა მარტო ”ეი-ი-ეს თელასის”, არამედ დენის ტარიფის ცვლილების საკითხიც კი. ამ საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს წინ პერმანენტული საპროტესტო აქციების ესტაფეტა 14 აგვისტოს ლეიბორისტულმა პარტიამ ჩაიბარა. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება ლეიბორისტთა აქტივობის დამსახურებად გამოაცხადა.

[გიორგი გუგავა] ”იუსტიციის სამინისტრომ, ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველზე, სემეკს უკან დაუბრუნა ის დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროენერგიაზე ტარიფების მომატებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მაშტაბით ელექტროენერგიაზე ტარიფი არ მოიმატებს. ეს არის ჩვენი ბრძოლის შედეგი.”

ჯერჯერობით რაიმე შედეგზე ლაპარაკი, ალბათ, ნაადრევია, რადგან 14 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პროექტი მხოლოდ უკან დააბრუნა შემდგომი დამუშავების რეკომენდაციით და მის რეგისტრაციაზე საბოლოო უარი არავის უთქვამს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით:

[ზურაბ ეზუგბაიას ხმა] ”აქტიურობა რაც შეიმჩნევა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, პრინციპში, არანაირად არ განაპირობებს ან საქართველოს მთავრობის მოქმედებას, ან იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევას. იუსტიციის სამინისტროს დასკვნა არ გახლავთ დადებითი დასკვნა, რომელიც იძლევა დადგენილების მიღებისა და რეგისტრაციის საფუძველს.”

თუ იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული ხანმოკლე მიტინგი შედარებით უწყინარი აქციაა და მხოლოდ მასმედიის ყურადღების მიქცევისთვისაა გამიზნული, გაცილებით სახიფათოა ის რეალური ენერგეტიკული მექანიზმები, რომლებზეც ხელი მიუწვდება ამა თუ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას.

ასე მაგალითად, ბოლო დრომდე ჟვანია-სააკაშვილის გუნდს ”ეი-ი-ეს თელასთან” ლობისტური კავშირი ბრალდებოდა, ახლა კი ამავე გუნდის ერთ-ერთი ყოფილი თვალსაჩინო ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ”პი-აი კონსალტინგის” ოფიციალური ლობისტია. ეს კომპანია კი 2 წლის ვადით ”გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის” მენეჯმენტს ახორციელებს.

”პი-აი კონსალტინგმა” სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც, თბილისის გარდა, თითქმის მთელი საქართველოს ელექტროგამანაწილებელ ქსელებს ფლობს, საპრივატიზაციოდ უნდა მოამზადოს. იგი საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის გზით დენის საფასურის ამოღების გაუმჯობესებას ცდილობს. ეს კი უბრალო მოსახლეობის სერიოზული უკმაყოფილების მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის გამორთვებისას გამანაწილებელ სადგურებზე მოსახლეობის ორგანიზებული თავდასხმის რამდენიმე ფაქტი აღინიშნა. იმერეთში ასეთ აქციებს მხარის გუბერნატორიც კი თანაუგრძნობდა. წინასაარჩევნოდ იმავეს განმეორება სულაც არაა გამორიცხული, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომლები უკმაყოფილონი არინ “პი-აი კონსალტინგის” საკადრო პოლიტიკითაც.
მაგალითად, კომპანიის საფინანსო სამსახურის უფროსს გიორგი ტყემალაძეს სამსახურში მისვლა აუკრძალეს. გიორგი ტყემელაძის განცხადებით:

[გიორგი ტყემალაძის ხმა] ”ერთი ლარის ჩადება არ უნდათ, ერთი ლარის. რომ გახვიდეთ და ნახოთ, საშინელ მდგომარეობაშია ტრანსფორმატორები, საშინელ დღეშია ქსელი. ამას ყველაფერს გამოსწორება უნდა და მოვა ზამთარი და ტრაგედიის წინაშე დავდგებით. სპეციალურად იქმნება ეს ფონი არჩევნების წინ, ეს შედის ვიღაცის ინტერესებში.”

მე ამ საკითხებზე კომენტარი “პი-აი კონსალტინგის” ლობისტს ზურაბ ნოღაიდელს ვთხოვე, მაგრამ მან მოუცლელობა მოიმიზეზა და უახლოეს პრესკონფერენციაზე ამომწურავი პასუხების გაცემის პირობა დადო.
XS
SM
MD
LG