Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ეთათბირონ მოსამართლეები?


დავით პაიჭაძე, თბილისი 13 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას სასამართლოს მოქმედების წესის შესახებ დუმილით შეეგება აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წევრი.

შეგახსენებთ, ედუარდ შევარდნაძემ დასვა კითხვა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებამდე ხელისუფლებას სასამართლო განა არ უნდა მოეთათბიროსო? ამ შეკითხვას წაუყრუეს საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა და მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან გაისმა პროტესტი. შევეცადე, მეპოვა მოსამართლეები, რომლებიც დათანხმდებოდნენ პრეზიდენტის ამ განცხადების კომენტირებას.

შედარებით რბილი ნართაული იმის თაობაზე, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გაითვალისწინონ პრეზიდენტის ნება და შეხედულებები, ედუარდ შევარდნაძემ ამ ორიოდ კვირის წინაც გამოთქვა. პრეზიდენტი მაშინ ეხებოდა სასამართლოს განჩინებას პენსიონერებისთვის გაყინული პენსიების ანაზღაურების შესახებ. 13 აგვისტოს სხდომაზე შევარდნაძე უკმაყოფილებას გამოთქვამდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების გამო, რომლის ძალითაც ოდნავ შემცირდა ელექტროენერგიის გადასახადი. სწორედ ტარიფის შემცირება მიიჩნია პრეზიდენტმა იმ საკითხად, რომლის გადაწყვეტამდეც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები მას უნდა მოსთათბირებოდნენ. ხუთშაბათს მე ვერ მივაგენი საკონსტიტუციო სასამართლოს ვერც ერთ წევრს, რათა მეკითხა, როგორ აპირებენ, იმუშაონ ამიერიდან. სამაგიეროდ, დავუკავშირდი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს, მოსამართლე ინგა თოდრიას, რომელმაც მითხრა, რომ არ ეგონა, 2003 წელს ეს საკითხი თუ დადგებოდა: ვის უნდა ეთათბიროს მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებამდე. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მოსამართლე თოდრია ამბობს:

[თოდრიას ხმა] “ეს იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის განცხადება იმის თაობაზე, რომ მე ვმართავ სასამართლო ხელისუფლებას, რომ მე მინდა, გმართოთ თქვენ. სასამართლო ხელისუფლებას არავინ არ შეიძლება მართავდეს, ხელისუფლების არც ერთი შტო, არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო. ჩვენ არასოდეს არ შევდგებით სახელმწიფოდ, სანამ ეს ორი ხელისუფლება ვერ გაიგებს, რომ სასამართლოს მართვა არ შეიძლება”.

ინგა თოდრია, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, 15 წელია, რაც მოსამართლეა. 15 წლის მანძილზე, ამბობს ინგა თოდრია, მას პირველად ესმის ოფიციალური, ლამის ლეგალური განცხადება, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იმართებოდეს. თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, ემართა სასამართლო.

[თოდრიას ხმა] “მაგრამ ამას აკეთებდა არალეგალურად. ამის ლეგალიზება არ შეიძლება, იმდენად ანტიკონსტიტუციური და, საბოლოო ჯამში, ანტისახელმწიფოებრივია. ეს ნიშნავს, სახელმწიფოებრიობას ხაზი გადაუსვა”.

შეკითხვამ, უნდა ეთათბიროს თუ არა მოსამართლე აღმასრულებელ ხელისუფლებას და პრეზიდენტს მისაღები გადაწყვეტილების შესახებ, 13 აგვისტოს შემდეგ დაკარგა რიტორიკული ხასიათი. თუმცა, საბედნიეროდ, ზოგიერთი მოსამართლე ამ კითხვას ჯერ კიდევ ადეკვატურად აღიქვამს. ასე მაგალითად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარემ ნათია წკეპლაძემ მოკლედ მომიგო:

[წკეპლაძის ხმა]: “მე ამას შეურაცხყოფად ვიღებ. ეს რა შეკითხვაა? როგორ შეიძლება ამის მოთათბირება”?

დასასრულ, თავს მივცემთ კომენტარის უფლებას: პრეზიდენტის განცხადებათა მიმართ, შესაძლოა, საზოგადოების საგრძნობი ნაწილი გულგრილია, მაგრამ არის ნაწილი, რომელსაც ასეთი წიაღსვლები აოგნებს. მით უმეტეს, საშურია არა ცალკეულ მოსამრთლეთა რეაქცია შევარდნაძის შეთავაზებულ ახალ წესებზე, არამედ მოსამართლეთა მთელი კორპუსისა. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, იცოდნენ, როგორ აპირებენ ამიერიდან მათი საქმეების განსჯას - კანონზე დაყრდნობით თუ პრეზიდენტთან და მინისტრებთან თათბირის შედეგად.
XS
SM
MD
LG