Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროცესი დასასრულისკენ მიდის. უზრუნველყოფს თუ არა კოდექსი არჩევნების შედეგების გამჭვირვალობას?


ორდღიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, 14 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსი კენჭისყრაზე დააყენა და მეორე და მესამე მოსმენით მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ზოგიერთი მუხლის ფორმულირება ალტერნატიული პროექტების კენჭისყრით გადაწყდა, მთლიანობაში კოდექსი არადამაკმაყოფილებელ შეფასებას იმსახურებს. მაგალითისათვის გამოდგება კოდექსის 77-ე მუხლი, რომელიც საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესებსა და ვადებს განსაზღვრავს. როგორც კოდექსის საბოლოო ვარიანტით ირკვევა, გასაჩივრების უფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ ექნებათ.

საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 27-ე პუნქტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება ენიჭებათ არჩევნებში მონაწილე პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს. ამ ჩამონათვალში, ძველი კოდექსისგან განსხვავებით, აღარ არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კომისიების ყველაზე უხეშ დარღვევებსა და უკანონო ადმინისტრაციულ აქტებს სასამართლოს ძალით ვერ დაუპირისპირდებიან.

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] “მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთა პირდაპირი. აი, დღეს მოქმედი ცენტრალური სარჩევნო კომისიის. გადაწყვეტილება პარლამენტისა, რომელიც ჩვენ გვიზღუდავს, გვიკრძალავს პირდაპირ სასამართლოს მივმართოთ გასაჩივრების მოთხოვნით, აი, ეს უკვე გვარწმუნებს იმაში, რომ ეს არის ცეესკოს კიდევ ერთი დიქტატი, შეკვეთა პარლამენტზე. და, სამწუხაროდ, მე უნდა ვთქვა, რომ ეს არის ბატონი ზაქრო ქუცნაშვილის წინადადებით ამოღებული, აი, ეს პუნქტი, ჩვენთვის ეს უფლების წართმევა. ძალიან სამწუხაროა. სხვათა შორის, ჩვენ, ალბათ, ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს პუნქტი დაბრუნდეს. “[სტილი დაცულია]

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წევრის ნუგზარ კუპრეიშვილის ეს უკანასკნელი განცხადება, კოდექსიდან ამოღებული ამ პუნქტის აღდგენის თაობაზე, უფრო ცხელ გულზე წარმოთქმულ ქადილს ჰგავს. ორგანული კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია მიღებული და, ამდენად, მისი რამენაირად კორექტირების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაციას არა აქვს.
დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი მშვიდად განმარტავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტთა რაოდენობა, კანონით, ისედაც დიდია. ანუ პარტიები თავს თავად მიხედავენ.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] “ დამკვირვებლისთვის გასაჩივრების უფლების მიცემა შეიძლება ბოროტადაც კი ყოფილიყო გამოყენებული. ყველა პარტია, მათ შორის, დაპირისპირებული პარტიები თუ არ გაასაჩივრებენ და იტყვიან, რომ არჩევნები ტარდება სამართლიანად, ვიღაცას ხელოვნური საშუალება არ უნდა მივცეთ.”[სტილი დაცულია]

ზაქარია ქუცნაშვილი ვიღაცაში არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობს. არადა, იმავე არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივშია ცენტრალური საარჩევნო კომისიის კანონდარღვევებზე სასამართლო რეაგირების არაერთი ფაქტი. მარტო “სამართლიანმა არჩევნებმა” რუსთავის არჩევნების დარღვევების გამო ორი პროცესი მოუგო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] “ჩვენ რაც რუსთავი გავასაჩივრეთ ორჯერ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება რუსთავთან დაკავშირებით, და ორივეჯერ მოვიგეთ, აი, ამის შემდეგ ეხლა გადაწყვიტა კანონმდებელმა, რომ ეს ძალიან დიდი თავისტკივილია, რომ ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციას ცეესკოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება, თუნდაც უკანონო იყოს ეს გადაწყვეტილება, და ამიტომ ამ უფლებას გვართმევენ დღეს. “[სტილი დაცულია]

საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფლება საოლქო საარჩევნო კომისიების უკანონო გადაწყვეტილებების ორი დღის ვადაში გასაჩივრებაა მხოლოდ. თუმცა კანონში, ამავდროულად, ისიცაა მითითებული, რომ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG