Accessibility links

logo-print

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების "რუსული მოდელი"


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მაშინ, როცა საქართველოში ყველაზე დიდ ყურადღებას მაინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება იწვევს, დსთ-ს წევრ სხვა სახელმწიფოებში არჩევნებთან დაკავშირებით სხვა პრობლემები იჩენს თავს.

აზერბაიჯანში ოპოზიცია უკვე ერთი კვირაა, ხალხმრავალ მიტინგებს აწყობს ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით - აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 15 ოქტომბერს ჩატარდება. რუსეთში კი სამაგალითო არჩევნების ჩასატარებლად "ალტერნატიული" ფორმები იქნა გამოძებნილი.

რუსული მედიის ირონიული შენიშვნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია დეკემბრისთვის დაგეგმილ დუმის არჩევნებში მონაწილე პარტიებს, მხარდამჭერთა სიების წარდგენის გარდა, ვოკალური და პლასტიკური შესაძლებლობების დემონსტრირებასაც სთხოვს. ინტერნეტ გამოცემა "გაზეტას" ცნობით, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა პარტიას 22 აგვისტოსთვის საკონცერტო ნომრების მომზადების დავალება მისცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრ ვიშნიაკოვის აზრით, ეს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ამ სახალხო ცეკვა-თამაშში უნდა მიიღონ მონაწილეობა პარტიების ლიდერებმა თუ საკმარისი იქნება კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი მუსიკოსების ან პარტიის რიგითი წევრების თვითმოქმედების დემონსტრირება.
22 აგვისტოს მოსკოვში, მანეჟის შენობაში, დუმის არჩევნებში მონაწილე პარტიების 5 დღიანი ფორუმის მოწყობის იდეა ისევ და ისევ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ალექსანდრ ვიშნიაკოვს ეკუთვნის. ამ ხუთი დღის მანძილზე დაგეგმილია პარტიის ლიდერების მონაწილეობით დისკუსიების მოწყობა რუსეთის სხვადასხვა საჭირბოროტო თემებზე, შეხვედრები ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან და ა.შ. ბოლო დღეს პარტიის ლიდერები, PR- სამსახურების წარმომადგენლები და მედია ხელს მოაწერენ "საზოგადოებრივ შეთანხმებას 2003 წლის არჩევნების ირგვლივ". არჩევნების დანიშვნის მეათე დღეს კი მუშაობას დაიწყებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც გააკონტროლებს საზოგადოებრივი შეთანხმების შესრულებას.
რუსული პრესის ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოში შევლენ არჩევნებში მონაწილე 28 პარტიის, ოთხი ჟურნალისტური გაერთიანების, ტელემაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის, რეგიონალური პრესის კლუბისა და პოლიტტექნოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლები. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ეცნობება როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე მედიისა და პრ-ის კომპანიების პროფესიულ გაერთიანებებს. ალექსანდრ ვიშნიაკოვი პარტიების ფორუმის ჩატარებას რუსეთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნები სამაგალითო პირობებში, ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩატარდება.
სხვათა შორის, ფორუმის რა გითხრათ, მაგრამ არჩევნების თავისებური სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება ქართულმა პოლიტელიტამ ამ ერთი თვის წინ, შორეულ სტრასბურგში ყოფნისას, გადაწყვიტა, როცა ხელი მოეწერა სტრასბურგის მემორანდუმს. მემორანდუმით, პარტიები აღიარებენ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას. შესაბამისად, პარტიები მხარს უჭერენ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონიტორინგის ჯგუფის შექმნას, რომელშიც, თავად პარტიების წარმომადგენელთა გარდა, შევლენ მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ მემორანდუმს საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა მსხვილმა პარტიამ მოაწერა ხელი, თუმცა მონიტორინგის ჯგუფი ჯერაც არ შექმნილა.
XS
SM
MD
LG