Accessibility links

logo-print

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევაში ეუთოს მონაწილეობა სათუოა. მიზეზი პარლამენტის გადაწყვეტილებაა


საქართველოს პარლამენტმა, როგორც იქნა, მიიღო საარჩევნო კოდექსი, თუმცა ამით სამართლიანი არჩევნებისკენ სერიოზული ნაბიჯი ვერ გადადგა. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ,

ჯერ იყოდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ისეთ წესს დაუჭირა მხარი, რომლითაც ძველი წესი შეინარჩუნა, მოგვიანებით კი მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელ წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციაში დარჩენის უფლება დაუტოვა. პარლამენტის 14 აგვისტოს ეს გადაწყვეტილება სათუოს ხდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევაში ეუთოს მონაწილეობას. მინდა გესაუბროთ ახლად მიღებული საარჩევნო კოდექსის შუქ-ჩრდილებზე.


მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის მიღება დაასრულა, სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლებს ისღა დარჩათ თქვან, რომ საქართველოში ვერც ერთი კარგი კანონი ვერ შექმნის არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტიას, რომ გარანტიები არჩევნებში საზოგადოების აქტიურობამ და საარჩევნო პროცესებში მათი წარმომადგენლების აქტიურმა ჩართვამ უნდა შექმნას. სხვანაირად, მართლაც, არაფერი შეიცვლება. სხვა მიმართულებით ყველა გზა მოჭრილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ძველი წესი, ფაქტობრივად, შენარჩუნებულია და არანაირად არ არის გამორიცხული ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში ისევ ძველი სახეები ვიხილოთ. საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკურ პარტიებს ამ სახეების შენარჩუნების უფლება დაუტოვა, რითაც პარლამენტში წარმოდგენილმა ძალებმა, ყოველ შემთხვევაში, ამ ძალების უმრავლესობამ ღიად გამოხატა არასამართლიანი არჩევნებისკენ მისწრაფება. 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ორგანიზაციაში "სამართლიანი არჩევნები" პოლიტიკურ პარტიათა თვითლუსტრაციას ელოდებიან. როგორც ნუგზარ კუპრეიშვილი ამბობს:

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "პარტიები თუ გადაწყვეტენ ძველი მოხელეების დანიშვნას ამ თანამდებობაზე, ეს იქნება მათი თვითლუსტრაცია. ამით გაირკვევა, ვის არ უნდა ნორმალური არჩევნების ჩატარება ქვეყანაში და ვის უნდა არჩევნები ჩატარდეს გაყალბებების გარეშე. "

რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა და რომელს არა არჩევნების გაყალბება, ვინ არის ამაზე წამსვლელი და ვინ არა, ამის გარკვევა საკმაოდ რთული გახდა. ბუნდოვანია ისიც, 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ისურვებს თუ არა ეუთო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას. მაშინ, როცა პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების გაყალბებაში გაწაფული კადრები შეინარჩუნონ, საეჭვოა ეუთომ კომისიის თავმჯდომარის შერჩევაზე პასუხისმგებლობა იკისროს. ნუგზარ კუპრეიშვილის თქმით:

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "მას გაუჭირდება ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა თავმჯდომარის კანდიდატისთვის. ეუთომ შეიძლება ხელი აიღოს ასეთ განზრახვაზე და ის იქნება აბსოლუტურად მართალი ასეთ შემთხვევაში. "

ახალ საარჩევნო კოდექსს მაინც აქვს გარკვეული პლუსები. პლუსებში ის მუხლები იგულისხმება, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი ხდება დამატებითი სიების ამოღება, საარჩევნო უბნებში სადემონსტრაციო ოქმების გამოკვრა, ამომრჩეველთა მარკირება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის საუბნო ოქმების ასლების გადაცემა. ეს მექანიზმები და, რაც მთავარია, ის, რომ 2 ნოემბრის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებელთა სოლიდური წარმომადგენლობა დაესწრება, მაინც ტოვებს გარკვეულ იმედს, რომ დაინტერესებული ძალები ვერ შეძლებენ მომავალი არჩევნების ადრინდელი არჩევნების კვალობაზე გაყალბებას.

შეგახსენებთ ასევე, რომ, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების უფლება ჩამოერთვათ.
XS
SM
MD
LG