Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 აგვისტოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნების შესრულების ვადა ამოიწურა


15 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნით იყო დაკავებული. ამ დრომდე შეუსრულებელი რჩებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებიდან 2 უმთავრესი მოთხოვნა.

ესენია: ბიუჯეტის სეკვესტრი და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა. მთავრობამ ამ უკანასკნელი პირობის შესრულება ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე შეძლო. მოახერხა თუ არა ხელისუფლებამ სავალუტო ფონდის კიდევ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება?.

როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან ირკვევა, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე დღე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სახელმწიფო მინისტის მოადგილემ გიორგი ისაკაძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ:

[გიორგი ისაკაძის ხმა] "რეალურად ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას აქვს კიდევ დრო საიმისოდ, რომ დღეს რეალურად დაიწყოს განხილვა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებისა და, შესაბამისად, უახლოეს დღეებში მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება კორექტირებასთან დაკავშირებით. საუბარია იმაზე, რომ დაახლოებით სამშაბათ-ოთხშაბათისთვის ეს ყველაფერი ამოწურული იყოს."

როგორც ჩანს, სავალუტო ფონდის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ფონდის მისიის შეხვედრის შემდეგ შერბილდა. თუ რით აიხსნება სავალუტო ფონდის ასეთი დათმობები, ამის განმარტება ეკონომიკის ექსპერტს ნიკო ორველაშვილს ვთხოვე.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "რა პოზიციასაც იკავებს, პირველ რიგში, შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მიმართ, იმ პოზიციის გამეორებას ცდილობს სავალუტო ფონდი. რომ არა ეს გარემოება, ასეთ დამთმობ პოლიტიკას ვერც წარმოვიდგენდით."

რაც შეეხება სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, პირველ რიგში კი, დენის ტარიფის გაზრდას, მისი შესრულება სავალუტო ფონდის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მაინც მოხერხდა. იუსტიციის მინისტრს, რომელიც ტარიფის ზრდის წინააღმდეგ გამოდიოდა, 15 აგვისტოს ენერგეტიკის მესვეურებთან ერთად მთავრობის ეკონომიკური გუნდიც ესტუმრა. რამდენიმე საათიანი თათბირის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული დადგენილება დენის საფასურის 17 თეთრამდე გაძვირების შესახებ რეგისტრაციაში გაატარა და მას იურიდიული ძალა შესძინა. იგი პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

რჩება კიდევ ერთი ვალდებულება - ბიუჯეტის კორექტირება, სეკვესტრი, რომელიც გაცილებით რთული შესასრულებელია საქართველოს პარლამენტში არსებული ჭრელი პოლიტიკური სპექტრის გამო.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 15 აგვისტოს წარუმატებლად ეცადა პარლამენტის სხდომის ორგანიზებას. ბიუჯეტის კორექტირების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ფრაქციები პარლამენტში მისვლით თავს არ იწუხებენ, ხოლო სახელისუფლებო ფრაქციები სხდომის დასაწყებად საჭირო კვორუმის შეგროვებას ვერ ახერხებენ.

თუ სავალუტო ფონდის მოთხოვნათა შესრულების არაოფიციალური ვადის ამოწურვამდეც ვერ მოხერხდა ბიუჯეტის სეკვესტრირება, საქართველოს მთავრობა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება პარიზის კლუბის წევრებთან. კრედიტორების ვალების რესტრუქტურიზების გარეშე კი საქართველოს მოსახლეობას გაცილებით რთული მდგომარეობა ელის, ვიდრე ბიუჯეტის სეკვესტრირებით.
XS
SM
MD
LG