Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა 21 აგვისტოს სრულდება 35 წელი ვარშავის პარქტის ჯარების მიერ საბჭთა კავშირის თაოსნობით ჩეხოსლოვაკიაში განხორციელებული შეიარაღებული ინტერვენციიდან.

როგორც გაზეთ "ბოსტონ გლოუბის" მიმომხილველი ჯეფ ჯეკობი აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით, 1968 წლის 21 აგვისტოს მომხდარ ინტერვენციამდე რამდენიმე თვით ადრე, ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ინიციატივით ქვეყანაში დაიწყო სოციალური და კულტურული ლიბერალიზაციის თანდათანობითი პროცესი, რაც "პრაღის გაზაფხულის" სახელით გახდა ცნობილი. 1968 წლის იანვარში, ჩეხოსლოვაკიის კომპარტიას ალექსანდრ დუბჩეკი ჩაუდგა სათავეში. სულ მალე მან ფართომასშტაბიანი დემოკრატიზაციის პროცესს მისცა დასაბამი, გააკრიტიკა წარსულში დაშვებული შეცდომები, მოახდინა პრესის ლიბერალიზაცია და მწვანე შუქი მისცა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასა და მრავალპარტიულ არჩევნებს. ჯეფ ჯეკობი წერს:

"ჩეხოსლოვაკიაში ლღვობის პროცესი დაიწყო. შესაძლებელი გახდა მთავრობის კრიტიკა. ჰაერში თავისუფლების სიომ დაუბერა. რეფორმისტული პროცესი განაგრძობდა წინსვლას. გაუქმდა ცენზურა, აგრეთვე მოგზაურობაზე დაწესებული შეწღუდვები. საიდუმლო პოლიციას ჩამოერთვა უწინდელი შეუზღუდავი უფლებები. მაგრამ ოც აგვისტოს, ფაქტობრივად ერთ ღამეში, ყოველივე ამას წერტილი დაესვა. ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა ვარშავის პაქტის ხუთასიათასკაციანი ჯარი და რამდენიმე საათში ქვეყნის ყველა მსხვილი ქალაქი დაიკავა. დუბჩეკი და მისი მომხრეები სასწრაფოდ მოსკოვში ჩაიყვანეს. შეერთებული შტატების რეაქცია ამ ინტერვენციაზე თავშეკავებული იყო. თეთრი სახლი სიტყვიერი განცხადებით შემოიფარგლა, და საბჭოთა ჯარი მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე რჩებოდა. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირმა სწორი დიაგნოზი დაუსვა "პრაღის გაზაფხულს". დუბჩეკის მიერ დაწყებული რეფორმები ძალაუფლების დაკარგვის რეალურ საფრთხეს უქმნიდა კრემლის მესვეურთ. საბჭოთა ლიდერებს კარგად მოეხსენებოდათ, რომ შეუძლებელია მთავრობა ერთდროულად დემოკრატიულიც იყოს და კომუნისტურიც. თუ დროზე არ იქნებოდა მიღებული სათანადო ზომები, ჩეხოსლოვაკიაში დაწყებული რეფორმები სულ მალე, მთელს აღმოსავლეთ ევროპაში მოუღებდა ბოლოს კომუნისტურ რეჟიმებს. დუბჩეკის შემდეგ ოცი წლისთავზე, საბჭოთა კომუნიზმი მეორე რეფორმისტმა მიხაილ გორბაჩოვმა დაასამარა. გორბაჩოვის წარმატების საიდუმლოება იმაშია, რომ მან გააცნობიერა ის ჭეშმარიტება, რომ გარდაქმნა უბრალო რეფორმით ვერ შემოიფარგლება, და რომ შეუძლებელია კომუნიზმისა და თავისუფლების თანაარსებობა".

საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება რუსეთში, - ამ საკითხს აშუქებს სარედაქციო სტატიაში გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი". გაზეთი წერს:

"სტალინი რომ კენჭს იყრიდეს დღეს საპრეზიდენტო არჩევნებში მისცემდით მას ხმას? ასეთი კითხვით მიმართა ამას წინათ სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ცენტრმა რუს მოქალაქეებს, ვაშინტონში დაფუძნებული, სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ერთ-ერთი ექსპერტის თხოვნით. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა, მათ შორის ახალგაზრდების უდიდესმა უმრავლესობამ უარყოფითი პასუხი გასცა ამ შეკითხვას. ხოლო 26 პროცენტმა განაცხადა, რომ ნამდვილად სტალინს მისცემდა ხმას, ხოლო 14 პროცენტის პასუხი გაურკვეველი იყო. სამოც წელს გადაცილებულ რუსებს შორის თითქმის ნახევარმა დადებითი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვას. ამავე გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი რუსეთში აცხადებს, რომ დემოკრატიულს, ავტორიტარული მთავრობა ურჩევნია. იქმნება იმგვარი შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი კრემლში სიამოვნებით დააკამაყოფილებდა ხსენებული ერთი მესამედის სურვილს. დამოუკიდებელ მედიაზე უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ რუსეთის ლიდერებმა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ახალ მეთოდს მიაგნეს. სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ცენტრს, მისივე ხელმძღვანელის თქმით, სულ მალე ეყოლება დირექტორთა ახალი საბჭო, რომელშიც მთავრობის წარმომადგენლები შევლენ. მანამდე კრემლმა ქვეყანაში მოქმედი უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხი დახურა და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები წაუყენა იმ ბიზნესმენებს, ვინც ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებს. ხოლო სახელმწიფო დუმამ ახლახან მიიღო ახალი კანონი, რომელიც "მიკერძოებულ" საინფორმაციო საშუალებათა დახურვას ითვალისწინებს. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ყოველივე ზემოხსენებულთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს პროტესტი. უფრო მეტიც, ჯორჯ ბუშმა ამას წინათ საჯაროდ განაცხადა: "რუსეთი დემოკრატიის სტატუსს მიუახლოვდაო".

როგორც გაზეთი "ფაინენშალ ტაიმსი" ტაიმსი" აღნიშნავს, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ყველაზე ძნელად ამოსაცნობია ახლო აღმოსავლეთის დესპოტებს შორის. ახლო აღმოსავლეთის "ცოფიანი ძაღლი", როგორც რონალდ რეიგანმა შეაქვა თავის დროზე კადაფის, 34-წლის განმავლობაში მართავს ლიბიას ჩვეული რეპრესიითა და ექსცენტრიული პოლიტიკური ფილოსოფიით. გაზეთი განაგრძობს:

"და აი, სადამ ჰუსეინის დამხობიდან ოთხი თვის შემდეგ ლიბიის ლიდერმა, რომელიც ერთ დროს შეერთებული შტატების ყველაზე დაუძინებელ მტრად იყო მიჩნეული, საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცია გადაწყვიტა საერთაშორისო არენაზე. სადამ ჰუსეინისგან განსხვავებით, კადაფი როგორც ჩანს მიხვდა, რომ შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება მას შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ბედის ირონიით მუამარ კადაფის ლიბია თავმჯდომარეობს დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, რაშიაც აფრიკის ქვეყნებს მიუძღვით წვლილი".
XS
SM
MD
LG