Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა და რატომ შეიძინა "რაო ეესმა" საქართველოში


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი რუსულ ენერგოგიგანტებთან, "რაო ეესთან" და "გაზპრომთან", ქართული ხელისუფლების "ფლირტი" დღეს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის შეცვლად აღიქმება. ბოლო რამდენიმე კვირის

განმავლობაში ეს საკითხი პოლიტოლოგების გაცხოველებული მსჯელობის საგანი გახდა. ერთნი ხელისუფლების ამ ნაბიჯს აფხაზეთის პრობლემის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებულ ვაჭრობად აღიქვამენ, სხვებისათვის ეს საგარეო პოლიტიკის ვექტორის რადიკალური შეცვლაა, ზოგი კი ფიქრობს, რომ შევარდნაძემ ეკონომიკის სტრატეგიული სექტორის რუსეთისათვის გადაცემით ოკეანისგაღმელი პარტნიორების პროვოცირება სცადა - აგრძნობინა, რომ საქართველოში ის ჯერ კიდევ ფლობს მართვის რეალურ ბერკეტებს და სხვა კონკურენტ ძალებზე ამერიკელთა მიერ ფსონის დადება უშედეგო მცდელობა იქნებოდა. შესაძლოა, თითოეულ ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, თუმცა უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რუსეთი დაეპატრონა ქვეყნის ენერგოსექტორს - სფეროს, რომელიც, ტრადიციულად, პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტს წარმოადგენდა და წარმოადგენს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის, რითაც, ფაქტობრივად, ეჭვის ქვეშ დააყენა როგორც ენერგეტიკული, ისე სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება.

საქართველოს საგარეო ორიენტაციის ვექტორის შემობრუნებასთან ერთად, ამ შემთხვევაში, ალბათ, ყურადსაღებია თავად რუსული საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირების ფაქტორი, რაც რამდენიმე ხნის წინ გაახმოვანა რუსეთის პრეზიდენტმა და რაც ეკონომიკური ექსპანსიის გაძლიერებაში მდგომარეობს. ანუ რუსეთის ფედერაცია უხეში "მათრახის პოლიტიკიდან" შედარებით ხავერდოვანი ეკონომიკური "საცეცების" ტაქტიკაზე გადადის. სხვათა შორის, ამით შედეგი, ფაქტობრივად, არ იცვლება და, უფრო პირიქით, იმპერიული ზრახვების განხორციელებისათვის ეს პოლიტიკა გაცილებით ეფექტურიც შეიძლება აღმოჩნდეს.

საბოლოოდ, რა მოხდა და რას დაეპატრონა რუსული ენერგოგიგანტი საქართველოში და გაზვიადებული ხომ არ არის ის დისკუსიები, რომელიც ამ, ერთი შეხვედით, ჩვეულებრივ კომერციულ გარიგებას მოჰყვა?

"რაო ეესის" ხელში გადავიდა საქართველოს როგორც ყველაზე მსხვილი ენერგოგამანაწილებელი სტრუქტურა "თელასი", ასევე ენერგოგენერაციის ობიექტი - "თბილსრესის" უმსხვილესი მეცხრე და მეათე ენერგობლოკი, ასევე "ხრამჰესი 1"-ისა და "ხრამჰესი 2"-ის 25 წლიანი მართვის უფლება."რაო ეესს" შეეძლება აგრეთვე გამოიყენოს ენერგოგადამცემი ხაზი, რომელიც "ტრანსენერჯის" ეკუთვნის და რომელიც, სხვა აქტივებთან ერთად, გადაიბარა რუსულმა კომპანიამ. თუ ამას დავუმატებთ ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას და იმ ენერგოვალებს, რომელიც იმავე აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში მიწოდებული ელექტროენერგიის გამო დაგროვდა და რომელიც სახელმწიფო მინისტრმა უაპელაციოდ აღიარა, უნდა ვივარაუდოთ, რომ "რაო ეესის" ხელში გადადის ქართული ენერგეტიკის არა მარტო ყველაზე მსუყე ლუკმა, არამედ ერთგვარი საკომანდო პუნქტი, რომლით მანიპულირების გამოცდილება რუსულ კომპანიებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფო კომპანიებს, საკმარისზე მეტი აქვთ.

არსებობდა თუ არა ალტერნატივა და შესაძლებელი იყო თუ არა, რომ "თელასი" თუ ადგილობრივ ინვესტორს არა, არარუსულ კაპიტალს შეესყიდა?

ცოტა ხნის წინ "თელასის" გაყიდვამდე პრეზიდენტი შევარდნაძე მოუწოდებდა ქართველ ბიზნესმენებს ყურადღება მიექციათ თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიისათვის და დაინტერესებულიყვნენ მისი აქციების შეძენით. ჯერ ერთი, პრეზიდენტის ეს მოწოდება მეტისმეტად დაგვიანებული გახლდათ და რუსულ და ამერიკულ კომპანიებს შორის მოლაპარაკება ამ დროისათვის დამამთავრებელ ფაზაში იყო შესული. ამასთან, საქართველოში, ფაქტობრივად, არ მოიძებნება კერძო კაპიტალი, რომელსაც ამ მსხვილი ობიექტის აქციების შეძენა შეძლებოდა. ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთებული იყო ან ბადრი პატარკაციშვილზე, ან ბიძინა ივანიშვილზე, რომელთა რესურსებიც საკმარისი გახდებოდა "თელასის" შესასყიდად. თუმცა ორივე ამ ბიზნესმენის კაპიტალი, ძირითადად, რუსული წარმოშობისაა, თანაც, მათ საკუთარი ბიზნესინტერესი აქვთ რუსეთში და ძნელი წარმოსადგენია "თელასის" აქციების დაპატრონებით მათ თავიანთი ძირითადი ბიზნესი კითხვის ქვეშ დაეყენებინათ: კრემლი ნაკლებად აპატიებს ვინმეს მისი ინტერესების სფეროში შეჭრას, რუსულ სახელმწიფოს კი გაცილებით უფრო მსხვილი ბიზნესმენები "მოუნელებია", ვიდრე ეს ჩვენ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო. საყურადღებოა ისიც, რომ არც ერთ მათგანს ადრე ენერგოსექტორთან არ უმუშავია და "თელასის" შეძენით, გარდა იმისა, რომ, ფაქტობრივად, უცნობ ბიზნესში ჩაებმებოდნენ, ინვესტიციას განახორციელებდნენ მეტისმეტად პოლიტიზირებულ და, ამდენად, მეტისმეტად სახიფათო სექტორში. რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ "ეი-ი-ესის" წილის გამოსყიდვას, მწირი ბიუჯეტის გამო, ეს ვარიანტი ხელისუფლებამ თითქმის თავიდანვე გამორიცხა.

უკიდურესად გაუარესებული საინვესტიციო კლიმატის, მსოფლიოს ენერგობაზრებზე მიმდინარე მოვლენებისა და არასტაბილური გარემოს გამო, ქართული ენერგოკომპანიით სხვა უცხოელი ინვესტორის დაინტერესების შანსიც მინიმალური გახლავთ. ამ შემთხვევაში "რაო ეესმა" შესანიშნავად ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და "თელასი" "გადაყლაპა". საინტერესოა, რომ, პროცენტული შეფარდებით, აქამდე რუსული ინვესტიციები მეტისმეტად მწირი იყო საქართველოში. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მხოლოდ და მხოლოდ ენერგოსექტორით ინტერესდებოდა და ისიც, პირდაპირი ფულადი კაპიტალდაბანდების ნაცვლად, როგორც წესი, საეჭვოდ დაგროვებული ვალების თუ კულუარული გარიგებების წყალობით უვარდებოდა ხელში.

ამასთან, უცნობია "ეი-ი-ესის" და "რაო ეესის" შვილობილ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები. ასევე უცნობია ის სტრატეგია, რასაც რუსული ენერგოგიგანტი აირჩევს საქართველოს მიმართ. "რაო ეესი" გახლავთ ის სახელმწიფო კომპანია, რომელიც რუსეთის მთელ ფედერალურ მხარეებს გადაუხდელობის გამო სრულ წყვდიადში ამყოფებდა. ამასთან, ანატოლი ჩუბაისი "ეკონომისტმა" მსოფლიოში აღიარებულ ტოპ-მენეჯერთა შორის დაასახელა, შესაბამისად, კრემლთან დაახლოებულ ჩუბაისს საქართველოს ენერგოსექტორის ხელში ჩაგდება, არა გვგონია, მხოლოდ ფილანთროპიული მიზნებისათვის უნდოდეს. საქართველოს ენერგობაზარი მეტისმეტად მცირე უნდა იყოს იმხელა ენერგოგიგანტისათვის, როგორიც "რუსეთის გაერთიანებული ენერგოსისტემაა". ამ შემთხვევაში ეკონომიკურ მომხიბლაობას იძენს, ძირითადად, სატრანზიტო ხაზები, რომლითაც რუსეთს გზა გაეხსნება თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებისაკენ, სხვათა შორის, დაახლოებით იგივე ეკონომიკური მოტივაციაა "გაზპრომის" შემთხვევაშიც.

ორივე ენერგოკომპანიის ინტერესი საქართველოს მიმართ, ცხადია, მხოლოდ ეკონომიკური სარგებლით არ შემოიფარგლება და კრემლის ფავორში მყოფი სტრუქტურისათვის პოლიტიკური ფაქტორი არცთუ უკანა პლანზეა გადაწეული.

დღეს ხელისუფლება ცდილობს იურიდიული საფუძველი მოძებნოს და "ეი-ი-ესსა" და "რაო ეესს" შორის გარიგება ჩაშალოს. ღმერთმა ქნას, ამისგან რაიმე გამოვიდეს და მსოფლიოში ორი უმსხვილესი ენერგოკომპანიის ლამის ერთი წლის განმავლობაში შემუშავებული კონტრაქტის ანულირება რეალურად მოხერხდეს, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ დღეს ეს ყოველივე უფრო ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს.
XS
SM
MD
LG