Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15-21 აგვისტოს გაზეთ "ახალი ექოპის" შენიშვნით, საქართველოს მთავრობას საფიქრალ-საზრუნავი მოუმრავლდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 15-21 აგვისტოს გაზეთ "ახალი ექოპის" შენიშვნით, საქართველოს მთავრობას საფიქრალ-საზრუნავი მოუმრავლდა და ამის გამო მძიმე დღეები უდგას, რადგან, ერთდროულად,

თავისი არცთუ მწყობრი რიგების "სიწმინდეზეც" უწევს ზრუნვა და პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებად მონათლული სეკვესტრის დამტკიცებასაც ესწრაფვის. პირველიც და მეორეც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების თითქმის ყველა შეკრება ჩინოვნიკთა შორის შეხლა-შემოხლით მთავრდება, პარლამენტში შეტანილი "ნაწილობრივ შესწორებული" ბიუჯეტით კი მთავრობის მხარდამჭერი ფრაქციებიც არ არიან აღტაცებულნი. გაზეთის ვარაუდით, საეჭვოა, პარლამენტარებმა გაითვალისწინონ პრეზიდენტ შევარდნაძის ოპტიმიზმი, რომ ბიუჯეტის საკითხის განხილვისას კანონმდებლები იხელმძღვანელებენ ქვეყნის, და არა პოლიტიკური, ინტერესებით. გაზეთი "ახალი ეპოქა" წერს:



"ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიღებამდე შეჩერებულია ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ისედაც მწირი დაფინანსება. კანონმდებლებს აიძულებენ, დაამტკიცონ არასახარბიელო, შემცირებულ-შეკვეცილი ბიუჯეტი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბრალდებათ როგორც პენსიების, ხელფასების გაუცემლობა, ასევე სავალუტო გუნდთან ურთიერთობის "გაყინვა".
საგულისხმოა, რომ ბიუჯეტის შემცირებაზე ხელმოწერებს სწორედ იმ ხალხისგან ითხოვენ, რომლებმაც ზარ-ზეიმით დაამტკიცეს პარლამენტში 2003 წლის "ამბიციური" და "უხვშემოსავლიანი" მთავარი ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტი. მაშინ მთავრობამ, შემოსავლების გაზრდასთან ერთად, მხარდამჭერ დეპუტატებს საბიუჯეტო მუხლებში ერთობ სოლიდური თანხები "გაუბნია", მაგრამ დანაპირების შესრულება სრულად ვერ შეძლო. რა გასაკვირია, რომ მირიან გოგიაშვილს ძალიან უჭირს ახალი დაპირებებით პარლამენტართა მიმხრობა.
თავად მთავრობაში კი "მეისრეების" ძებნა გრძელდება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შემცირების გამო უკმაყოფილების ჯოხი ფინანსთა მინისტრზე გადატყდება. ავთანდილ ჯორბენაძე საკადრო ცვლილებებით იმუქრება და, ბიუჯეტის კორექტირების პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, არავის გაუკვირდება, თუ სახელმწიფო მინისტრი პრეზიდენტს გოგიაშვილის "თავს მოსთხოვს", თუ მანამდე სახელმწიფო მინისტრის " თავი" არ მოითხოვეს სხვებმა.
ავთანდილ ჯორბენაძე იუსტიციის მინისტრით უკმაყოფილებასაც არ მალავს. როლანდ გილიგაშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მომხრეა და დენის ტარიფის გაზრდას არ ეთანხმება, სახელმწიფო მინისტრი კი "პოპულისტური გადაწყვეტილებებით" და სახალხო მღელვარების შიშით არ აპირებს დასახული მიზნისკენ სვლის შეჩერებას."



16 აგვისტოს გაზეთ "24 საათის" ცნობით, ხელისუფლება ამაოდ ელოდა კვორუმს და სეკვესტრის დამტკიცებას, ვინაიდან პარლამენტმა 2003 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტის განხილვის დაწყება მარტივი და უკვე ჩვეულებრივი მიზეზის - უკვორუმობის გამო ვერ მოახერხა. პარლამენტართა მობილიზაციაზე დადებითად ვერც ის ფაქტი აისახა, რომ, დილის სხდომის ჩავარდნის შემდეგ, საღამოს პარლამენტში მთავრობა მთელი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. გაზეთი წერს:



"მიუხედავად იმისა, რომ ყოველი 10 წუთის შემდეგ ცხადდებოდა რეგისტრაცია და ბოლოს დარბაზში სიაც კი ამოიკითხეს, კვორუმი ვერ შედგა. ამაში დიდი იყო ოპოზიციის "დამსახურება." "ახლები" საერთოდ არ მივიდნენ განხილვაზე; "ნაციონალებს" სულ ორიოდე დეპუტატი წარმოადგენდა; დემოკრატები კი, "როცა საჭირო იყო," რეგისტრაციას არ გადიოდნენ, რისი მიზეზიც მოგვიანებით ახსნეს კიდეც: " გინდათ ბიუჯეტის დამტკიცება? ამას 118 ხმის მოგროვება სჭირდება. კეთილი ინებეთ და კვორუმისთვის საჭირო იმავე რაოდენობის ხმებიც ოპოზიციის დაუხმარებლად მოაგროვეთ," - განუცხადა სხდომის დასასრულს გიორგი ბარამიძემ დამსწრე საზოგადოებას, ძირითადად კი - აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
სახელისუფლებო ბლოკმა ბიუჯეტის ცვლილების დასამტკიცებლად საჭირო 118 ხმის მოგროვება ვერ შეძლო. სხვათა შორის, გუშინაც და მანამდეც ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ბიუჯეტში აღნიშნული ცვლილებების დამტკიცება არც ფინანსთა სამინისტროს ინტერესებში შედიოდა - ამ ცვლილებებით, ხარჯების შემცირების პარალელურად, სამინისტროს ქვემდებარე სტრუქტურების მიერ ამოსაღები შემოსავლების მოცულობა იზრდება . მეორე მხრივ, ამ ცვლილებების დამტკიცება არ შედიოდა სახელისუფლებო ბლოკის იმ ნაწილის ინტერესებშიც, რომელიც შიდასახელისუფლებო პასუხისმგებლობაზე ბოლო პერიოდში საკმაოდ ხმამაღლა საუბრობს.
გუშინ ნინო ბურჯანაძემ სინანული გამოთქვა პარლამენტის მუშაობის პარალიზების გამო და განაცხადა, რომ შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს, რომელთანაც მიაღწია გარკვეულ შეთანხმებას.
" ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ დავიწყებთ სეკვესტრის განხილვას და დავასრულებთ მას მომავალი კვირის პირველ ნახევარში, ვაშინგტონი გაგებით მოეკიდება ჩვენს თხოვნას და მოგვცემენ გარკვეულ პერიოდს ამ საკითხის გადასაჭრელად, თუმცა პარლამენტმა დღეს ნაწილობრივ დაარღვია თავისი პირობა, ვინაიდან განხილვასაც ვერ შეუდგა..." - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ განაგრძობს მოლაპარაკებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
ცხადია, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ სხდომის ჩაშლაში პარლამენტის თავმჯდომარეს დასდო ბრალი და დასძინა, რომ "პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებული ვალდებულება."
რაც შეეხება სავალუტო ფონდის მოთხოვნას, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 15 აგვისტომდე კორექტირების თაობაზე, სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის სეკვესტრის 20 აგვისტომდე გადასავადებლად ფონდის მისიასთან მოლაპარაკება დღესვე დაიწყება."


გაზეთ "24 საათის" შენიშვნით, სულ უფრო იზრდება სახელისუფლებო ძალების მხრიდან აგრესია პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით. ამის ერთ-ერთ ბოლო ფაქტად დასახელებულია "მართალ გაზეთში" გამოქვეყნებული სტატია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესა და მისი ოჯახის წევრებს ეხება. პარლამენტის თვმჯდომარემ ამ და მსგავსი წერილების კომენტირებისგან თავი შეიკავა. 16 აგვისტოს გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა:



" არანაირი კომენტარის გაკეთებას იმ სტატიებზე, რომლებიც იწერება, არ ვაპირებ. ბუნებრივია, რაც უფრო აქტიური იქნება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების მუშაობა, შემოტევები უფრო გაგრძელდება. ტყუილად ჰგონიათ, რომ ამით მოახერხებენ უკანდახევა მაიძულონ. თანამდებობიდან გადადგომას სერიოზულად ვფიქრობდი მაშინ, როცა პარლამენტმა პირველად ჩააგდო მე-18 მუხლი, მაგრამ ჩემს თანამოაზრეებთან სერიოზული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. ამ ბრძოლაში უნდა გამოვიყენო ჩემი თანამდებობა, რომელიც მაძლევს საშუალებას მქონდეს სერიოზული ინფორმაცია იმაზე, რაც მთავრობაში ხდება. ხელისუფლებას ჩემი გადადგომით არ გავახარებ. გამოვიყენებ თანამდებობასაც და ყველა ბერკეტს იმის გასაკეთებლად, რაც მე სწორად მიმაჩნია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, ბურჯანაძე მხარდამჭერებთან კონსულტაციებს განაგრძობს. გუშინ ის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ცნობილი ადვოკატები, ექიმები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა სპიკერის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების შექმნაში მონაწილეობდა, ბურჯანაძეს თანადგომას აღუთქვამენ.
დავით სალარიძესთან ერთად, ბურჯანაძის თანამოაზრეებად ეკონომიკის ექს-მინისტრი ლადო პაპავა, ადვოკატი ზვიად კორძაძე, ექიმი მარინა ჯანელიძე და ცნობილი მეცნიერები და პროფესორები იქნებიან.


ქართული პრესა დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვის პროცესს. 15 აგვისტოს "მთავარი გაზეთის" აზრით, პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძეს თავისუფლად შეუძლია მოღვაწეობა ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე წამებული დეპუტატის ტიტულით დაასრულოს. შეგახსენებთ: საარჩევნო კოდექსის პროექტი პარლამენტში სწორედ ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა. "მთავარი გაზეთი" წერს:



"კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარლამენტში ჯერ კიდევ ბეიკერის ვიზიტამდე მოამზადეს. მოგვიანებით სამთავრობო და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის შეთანხმებულ კანონპროექტს "მარიოტის ვარიანტი" ეწოდა, რომელსაც ორი კვირის განმავლობაში თავაუღებლად კითხულობდა ვახტანგ ხმალაძე. მიუხედავად ამისა, გუშინ აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომელთაც, ეტყობა, კანონპროექტი ხელში პირველად ეჭირათ. სხვაგვარი ახსნა არ მოეძებნება იმას, რომ ვალერი გელბახიანი კენჭისყრის პროცედურის დაწყებისას ზედიზედ აყენებდა ალტერნატიულ წინადადებებს.
ყველაზე დიდი უთანხმოება გამოიწვია იმ მუხლმა, რომელიც ძველი საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის აკრძალვას ეხება. ოპოზიცია ( "აღორძინების" გარდა) და სამთავრობო ბლოკი შეთანხმდნენ, რომ ამ აკრძალვას მხარს დაუჭერდნენ. მიუხედავად ამისა, შემოტანილი ცვლილება ჩავარდა. ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რომ "აღორძინების" წინადადებას - ძველი კომისიების წევრებისთვის არავითარი შეზღუდვა არ დაეწესებინათ, მხარი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრმა დაუჭირა.


11-17 აგვისტოს გაზეთმა "ახალმა ვერსიამ" მცირე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იდეალური თვმჯდომარის ვინაობის დასადგენად. გამოიკითხა 100 რესპონდენტი.
გაზეთის ცნობით, ყველა გამოკითხული თანხმდება, რომ ცესკოს იდეალური თავმჯდომარე უნდა იყოს პატიოსანი, ნეიტრალური, ანუ მიუკერძოებელი, და საარჩევნო კანონმდებლობის კარგად მცოდნე პიროვნება. გამოკითხვის შედეგი ასეთია:


გამოკითხულთა ასი რესპონდენტიდან უმრავლესობა პარლამენტარ ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს ამ თანამდებობისთვის შესაფერის საუკეთესო კანდიდატად, შემდეგ ადგილს იკავებენ იურისტი დავით უსუფაშვილი და ფსიქოლოგი შოთა ნადირაშვილი. სიაში მოხვდნენ: სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, ოლოგარქი ბადრი პატარკაციშვილი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი, იურისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და სხვები.
XS
SM
MD
LG