Accessibility links

logo-print

გამარჯობათ! რადიო "თავისუფლების"


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი გამარჯობათ! რადიო "თავისუფლების"

"ახალგაზრდულ პროგრამას" კიდევ ერთხელ ვუთმობთ იმ პრობლემების გაშუქებას, რომლებიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, კერძოდ, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აწუხებთ. მათ გასულ კვირაში აუწყეს საზოგადოებას, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო სტუდენტების მოთხოვნების იგნორირებას ახდენს. თუ რას ითხოვენ სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები კულტურის სამინისტროსგან, ამას დავით პაიჭაძის მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ. მანამდე გაგაცნობთ ვითარებას, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სუფევს ( იქ მომავალი ფოლკლორისტები სპეციალობას ექსპედიციების გარეშე ეუფლებიან). ვისაუბრებთ იმაზეც, თუ რა პირობებში უხდებათ სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს.


ქართველებს ნამდვილად გვაქვს საფუძველი ჩვენი ფოლკლორით ვამაყობდეთ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტს ეკატერინე დიასამიძესაც ფოლკლორისტობა ქართული ხალხური სიმღერის და საგალობლების უზომო სიყვარულმა აარჩევინა. ის კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკლუტეტის ფოლკლორის კათედრაზე მაგისტრატურას გადის და ძალიან წუხს იმის გამო, რომ თითებზე ჩამოსათვლელ მომავალ ფოლკლორისტებთან ერთად ექსპედიციებში წასვლას ვერ ახერხებს. სტუდენტებს ცოცხალ მასალაზე მუშაობის გარეშე უხდებათ სწავლა და გამოდის, რომ მომავალი ფოლკლორისტები სპეციალობას თეორიულად ეუფლებიან. კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ეს გასაჭირი სტუდენტებმა კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის ყურამდე მიიტანეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. დაწერილი პროექტი, რომელიც ერთი ექსპედიციის მოწყობისთვის 3000 ლარზეა გათვლილი, პროექტადვე რჩება.

[ეკატერინე დიასამიძის ხმა] "მივიღე წერილი, რომ, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ეს პროექტი გრანტზე დამტკიცდა, არადა, თანხა არ არის გამოყოფილი. დასანანია. აგვისტოში უნდა მოწყობილიყო ეს ექსპედიცია. აჭარის მთიანეთში გვქონდა დაგეგმილი წასვლა და ზამთარში ამის გაკეთება ძნელი იქნება. მე ხუმრობით მითხრეს: იქნებ დაუკავშირდეთ ფინანსთა მინისტრს და დაგიჩქაროთ დაფინანსებაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რას გვეტყვის ფინანსთა მინისტრი. "

რას ეტყვის ფინანსთა მინისტრი, ეკატერინემ წინასწარ იცის. "როცა ბიუჯეტის სეკვესტრზე ლაპარაკობენ, ჩვენთვის ვინ მოიცლისო," - ამბობს ის. აგვისტო კი თითქმის იწურება და აჭარის მთიანეთში დაგეგმილი ექსპედიცია აუხდენელ ოცნებად რჩება. სტუდენტების პრობლემა გულთან არავინ მიიტანა, არადა, ქართული ხალხური სიმღერა ხომ ყველას სიამაყეა.

ექსპედიციაში 5 კაციან ჯგუფს უნდა მიეღო მონაწილეობა: ხელმძღვანელს, აპარატურის სპეციალისტს და 3 სტუდენტს. 3000 ლარი კი მარტო აპარატურის შეძენასა და ამ ხუთი კაცის ცხოვრებაზე არ ყოფილა გათვლილი. სტუდენტებს სურდათ ადგილობრივ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ . მათ ხომ სიმღერები მოხუცებისგან უნდა ჩაეწერათ, ესე იგი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სახელმწიფომ მათხოვრული პენსიები არგუნა. გეგმა ვერ შედგა. კონსერვატორიის სტუდენტები წელსაც გაწბილებულები დარჩნენ, მაგრამ ეკატერინე იხტიბარს მაინც არ იტეხს და პრობლემებს, რომელთაც ფოლკლორის კათედრაზე წააწყდა, პრობლემებს მაინც არ უწოდებს. მათ შესახებ მან მანამდეც იცოდა, სანამ სწავლას ამ კათედრაზე გააგრძელებდა.

[ეკატერინე დიასამიძის ხმა] "იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ ჩემთვის სასიამოვნოც არის ამ ყველაფრისთვის ფიქრი და ბრძოლა. მე ამ სპეციალობაზე თავიდანე არ ჩამიბარებია. ვსწავლობდი მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ვიკვლევდი საგალობლებს და საგალობლებმა მიმიყვანა აქამდე, რადგან საგალობელი და ქართული ხალხური სიმღერა ერთი მთლიანობაა. "

ეს ერთი მთლიანობა არის ის, რისთვისაც ნამდვილად ღირს ფიქრი და ბრძოლა, მით უფრო, სწავლა. ამიტომ ეკატერინე ახალ სასწავლო წელს მაინც დიდი ენთუზიაზმით და სამომავლო ექსპედიციების იმედით ხვდება. ახალ სასწავლო წელს უკეთესი მომავლის იმედით დაიწყებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ანრი სამხარაძეც, თუმცა, როგორც ის ამბობს:

[ანრი სამხარაძის ხმა] " ის დაფინანსება, რომელსაც აკადემია ღებულობს, მხოლოდ იმისთვის კმარა, რომ აკადემია არ მოკვდეს, უფრო სწორად, რომ ნელ-ნელა მოკვდეს. მიუხედავდ ამისა, ქართველებს ჭირსა შიგან გამაგრება გვახასიათებს და აკადემიაშიც ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ძნელია აკადემიის სტუდენტებმა სიცივეში აკანკალებული ხელებით ხატონ, ნატურასაც უჭირს, მაგრამ მაინც ვხატავთ. ნატურებიც, სიცივისგან აკანკალებულები, მაინც დგანან. კარგია, რომ ყველაფერი უკეთ იყოს, მაგრამ არ არის. პროცესი მაინც მიდის, მაინც ვცოცხლობთ. "

სხვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისგან განსხვავებით, ეკატერინე და ანრი რექტორატს და პედაგოგებს არ უჩივიან. პირიქით, ამბობენ, რომ შესანიშნავი პედაგოგები ჰყავთ და მათაც - სტუდენტებსაც და პედაგოგებსაც - ხელს დაფინანსების მხრივ არსებული პრობლები უშლით. სამხატვრო აკადემიის შემთხვევაში: უშუქობის, უწყლობის და, რაც მთავარია, ზამთრობით გათბობის პრობლემები. აკადემიაში ამ პრობლემებს ისე მიეჩვივნენ, მათ ხსნებაზე ეცინებათ კიდეც, მაგრამ ეს ხელის ჩაქნევას არ ნიშნავს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ეიმედებათ იმის, რომ მათ სასწავლებელში საგამოფენო დარბაზი გაიხსნება და იქ საკუთარი ნამუშევრების გამოფენის საშუალება მიეცემათ. კიდევ უფრო სერიოზულ იმედებს ისინი თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნის იდეაზე ამყარებენ, მით უფრო, რომ, გეგმის მიხედვით, იქ სასწავლო ცენტრმა უნდა იმუშაოს და მან აკადემიის სტუდენტებს სრულიად ახალი პერსპექტივები უნდა შესთავაზოს. თბილისის ცენტრში, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა ზურაბ წერეთელს ეკუთვნის და, სტუდენტების ინფორმაციით, იდეის ხორცშესხმას მხოლოდღა ადგილობრივი ბიუროკრატები აბრკოლებენ. მიზეზი მარტივია და მას ანრი სამხარაძე განმარტავს :

[ანრი სამხარაძის ხმა] "ეს არის თბილისის ცენტრი. გმირთა მოედნიდან, ამხელა ხმაურიდან, შედიხარ აბსოლუტურად სხვა გარემოში. კბილები აქვთ დაკრეჭილი ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ამ დაკრეჭილ კბილებს ფიასკო ელოდება. მე მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ აქ მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნება, ზურაბ წერეთლის. "

გადაცემის მორე ნაწილში დავით პაიჭაძე საქართველოში სტუდენტების და სახელმწიფოს შეხების ერთ ტიპიურ და სევდიან მაგალითზე მოგითხრობთ.

საქართველოს მოქალაქეებს არ ეუცხოებათ, როცა მათ ხელისუფლება ატყუებს. გარკვეულ ნაწილი, შესაძლოა, უკვე შეეგუა კიდეც ასეთ ტყუილს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება, მისი სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, უნდა ტყუოდეს. ჩვენს სიუჟეტში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომელთაც ხელისუფლების ტყუილი აღაშფოთებთ. ისინი ახალგაზრდები არიან, თბილისის სხვადასხვა სახელოვნო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. თუმცა მათ აღშფოთებაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი განზრახვებია, რომელთა აღსრულებაში დახმარებას სახელმწიფო საკუთარი ნებით დაპირდა. თუ რა გამოვიდა დაპირებიდან, ამას სტუდენტებთან ერთად გიამბობთ.

სამივე ჩემს რესპონდენტს უმაღლესი განათლების ერთი საფეხური უკვე გავლილი აქვს: სოფო ლობჟანიძე ასპირანტია, თეა კახიანი ხელოვნებათმცოდნეა და ახლა რეჟისურას ეუფლება, ხოლო გიორგი დარბაიძე მაგისტრატურაში სწავლობს. ყველა ნორმალური სტუდენტის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა ის მეტ პროფესიულ სიმწიფეს გრძნობს და არა მხოლოდ ცოდნის დაუფლება, არამედ შეძენილი ცოდნის გამოყენება, გამოხატვა სურს.

სტუდენტების ამ სურვილს გასული წლის მიწურულს კარგად მოერგო საქართველოს კულტურის სამინისტროს შეთავაზება - დაეფინანსებინა სტუდენტური პროექტები სამინისტროს გამგებლობის არეალში შემავალ უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტები პროექტებისა და იდეების ნაკლებობას არ უჩიოდნენ. თანხა, რომელიც კულტურის სამინისტროს შეეძლო გაეღო, ბევრი არ იყო -თითო პროექტს, საშუალოდ, ხუთი ათასი ლარი შეხვდებოდა. ეს ფული პროექტების განხორციელებას არ ჰყოფნიდა, მაგრამ სტუდენტებს დამხმარე სახსრების სხვაგან მოძიებაც შეეძლოთ. კულტურის სამინისტრო თანადამფინანსებელი ხდებოდა.

მაინც, რის გაკეთება ეიმედებოდათ სტუდენტებს კულტურის სამინისტროს შეწევნით? თბილისის კონსერვატორიის მაგისტრი და სტუდენტური კლუბის ხელმძღვანელი გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ განზრახული ჰქონდათ პროფესიული ფოლკლორული ჩანაწერების გაკეთება, საოპერო პრემიერის მოწყობა...

[დარბაიძის ხმა] "დონ პასკუალე" გაეტანო დონიცეტის არაჩვეულებრივი ოპერაა, რომელიც საქართველოში არ დადგმულა. როცა პროფესიული ბაზა მომზადებული გაქვს ამ დადგმის განსახორციელებლად, ვფიქრობ, კულტურის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაპირებული მიზერი - 1500 ლარი გადმოგირიცხოს. მინდა მეცნიერების სტიმულირებაზე, პროფესიულ აღზრდაზე ვთქვა: ხელოვნებათმცოდნეების, თეატრმცოდნეების, მუსიკათმცოდნეებისათვის თუნდაც რამდენიმე კვალიფიციური სემინარის დაფინანსება აუცილებელია. იგივე ვითარებაა საორკესტრო, ანუ საშემსრულებლო, ხელოვნებაშიც - აქ საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს"...

შარშან დეკემბერში თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტურმა კავშირმა ჩაატარა სტუდენტური სპექტაკლებისა და ფილმების რესპუბლიკური ფესტივალი "დებიუტი". კულტურის სამინისტროს ყურადღებაც ყოფილი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა სწორედ ამ ფესტივალის შემდეგ მიიქციეს. უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარის თეა კახიანის თქმით, ფესტივალი გართობა-მხიარულებისთვის არ მოუწყვიათ: სტუდენტებისთვის ეს პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალებაა.

[კახიანის ხმა] "წელს გვაქვს იდეა, ფესტივალს მასშტაბი გავუზარდოთ და საერთაშორისო გავხადოთ - თუნდაც სიმბოლურად. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, გავეცნოთ სხვა ქვეყნებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს. ვფიქრობ, აუცილებელია, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიყვანოთ სტუდენტური ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სპექტაკლებსა და ფილმებს გვაჩვენებენ, გავიგოთ, რა მიმართულებები, რა ტენდენციები აქვთ ხელოვნებაში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ფესტივალი მაინც ჩატარდება. შევეცდებით, რაღაც შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ შედეგი უკეთესი იქნება, თუ კულტურის სამინისტრო დაგვეხმარება, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება."

თუ თეა კახიანი კულტურული ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლასა და, საერთოდ, კულტურულ ღიაობაზე ლაპარაკობს, სოფო ლობჟანიძის წუხილი შიდა კულტურული გაუცხოების დაძლევას ეხება. სოფო თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი და სტუდენტური ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ამ სასწავლებლის სტუდენტებს, თავიანთ ბათუმელ კოლეგებთან ერთად, სურდათ 2003 წლის კულტურის დღეების ჩატარება თბილისსა და ბათუმში. სოფო ლობჟანიძის თქმით, ამ დღეებს უნდა ეჩვენებინა, რომ პოლიტიკური ურთიერთობები თბილისსა და ბათუმს შორის არ მოქმედებს ახალგაზრდების კულტურულ ურთიერთობებზე.

[ლობჟანიძის ხმა] "ჩვენი უნივერსიტეტი სამდღიანი პროგრამით ჩავიდოდა ბათუმში: გვექნებოდა ორგანყოფილებიანი კონცერტი, მოვაწყობდით გამოფენას და ვაჩვენებდით სპექტაკლს. ისინიც ჩამოვიდოდნენ თავიანთი შემოქმედებით".

თბილისის კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტს მეორე მცირებიუჯეტიანი პროექტიც ჰქონდა - სტუდენტებისათვის მუსიკალური ცენტრების შესაძენად. ორივე პროექტში შეწევნას კულტურის სამინისტროსგან ელოდნენ.

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში სახელოვნებო განათლების ცენტრებისათვის 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. საუნივერსიტეტო პროექტებზე მუშაობის დროს გაირკვა, რომ სამინისტრო მზად იყო, მხოლოდ ორ-ორი ათასი ლარი გაეღო თითო პროექტისათვის. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ შეკვეცეს პროექტები, მაგრამ ფული მაინც არ ჩანს. არც კულტურის სამინისტროდან ისმის პასუხი. არადა, სტუდენტებს ამ უწყებისთვის არაფერი უთხოვიათ - სამინისტრომ თვითონ შესთავაზა დახმარება, ახლა კი ხმას არ იღებს. ძნელია, სტუდენტები შეაგუო იმას, რომ ქართული სახელმწიფო დაწესებულებისათვის ეს ბუნებრივი ქცევაა.
XS
SM
MD
LG