Accessibility links

რატომ საუბრობს ოპოზიცია პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაზე


ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ოპოზიციამ ერთმნიშვნელოვნად შეაფასა როგორც სახელმწიფო კურსის შეცვლა.

"საგარეო ორიენტაციის ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილოეთით შეტრიალდა," - ასეთია ზოგადი აზრი, რომელიც სხვადასხვა კონკრეტული ფორმით ხშირად ჩნდება საინფორმაციო საშუალებებში.

ნიშნავს თუ არა ორიენტაციის შეცვლას ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებები?

ბოლოხანს განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად არის დამოკიდებული საქართველოს სახელმწიფო ერთ პიროვნებაზე, ქვეყნის პრეზიდენტზე. ის ვითარება, რომ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს, სამოქალაქო სექტორი სუსტია და ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ახლა ყალიბდება, - ნოყიერ ნიადაგს ქმნის პრეზიდენტის უკონტროლო ძალაუფლებისთვის. მხოლოდ ამგვარ პირობებშია შესაძლებელი, ორ კვირაში ერთბაშად იჩინოს თავი იმ პროცესებმა, რომელთა სათავე თვეების და წლების წინ არის საძიებელი.

პირველი უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც ბოლო დღეებში დადასტურდა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეხება. საიდუმლო არასოდეს ყოფილა, რომ პრეზიდენტი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, იმავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობასაც აკონტროლებს, რაც ბევრი სიმახინჯის წყაროა. ამ რეალობას ბოლო დღეებში დაემატა ედუარდ შევარდნაძის საჯარო განცხადებები საერთოდ სასამართლოების და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. განცხადებების სულისკვეთება ისაა, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად და ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიაჩნია, საკუთარი გავლენა გაავრცელოს სასამართლო ხელისუფლებაზე, შეითანხმოს მათი გადაწყვეტილებები. ედუარდ შევარდნაძის ამგვარი დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ აშკარად ეწინააღმდეგება ქვეყნის მართვის ცივილიზებულ წესრიგს. შესაბამისად, გაჩნდა შეფასებები, რომ ქვეყანამ განვითარების დასავლური კურსიდან გადაუხვია.

მეორე საკითხი, რომელიც საფუძვლად დაედო ყველაზე ინტენსიურ მსჯელობებს კურსის ცვლილებაზე, ენერგოსექტორში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ცხადია, ვერც "რაო ეეს"-ის შემოსვლა და ვერც "გაზპრომთან" ხელშეკრულების საიდუმლოდ გაფორმება ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით ვერ განხორციელდებოდა. ორივე მიმართულებით მუშაობა, როგორც ჩანს, მრავალი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ხნის განმავლობაში კურსის ცვლილებაზე ეჭვი არავის აუღია, რადგან პარალელურად ისეთი მოვლენები ვითარდებოდა, რომლებიც ოპოზიციურ ლიდერებსაც კი აიძულებდა, მხარი დაეჭირათ ედუარდ შევარდნაძის საგარეო პოლიტიკისთვის. თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში შექმნილმა ექსტრემალურმა ვითარებამ, რომლის ღერძი ენერგოსექტორში განვითარებული მოვლენებია, პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დიდი ნაწილი პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატზე აალაპარაკა.

მესამე მიმართულება, რომელიც წინა ორთან ერთად ახალ რეალობას ქმნის, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს მიღებული საარჩევნო კოდექსია. ის ფაქტი, რომ საარჩევნო კომისიები არ დაკომპლექტდა პარიტეტული პრინციპით; ის ფაქტიც, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ მის ამჟამინდელ წევრებს, საეჭვოს ხდის არჩევნების შედეგს. და რაკი ამ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობამ ხალისით აიღო, ცხადია, ისევ გაჩნდა აზრი, რომ შევარდნაძეს უფრო მეტად სხვა რამ აღელვებს, ვიდრე არჩევნების სამართლიანობა და ლეგიტიმურობა.

დამოკიდებულება პრესის მიმართ გახდა მეოთხე, ბოლო მინიშნება ხელისუფლების განახლებულ ღირებულებებზე. ბოლო კვირის განმავლობაში პრესამ ორი დარტყმა მიიღო: გადაცემა "60 წუთი" სასამართლომ მილიონი ლარით დააჯარიმა აკაკი ჩხაიძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის; ხოლო მოქალაქეთა კავშირის თბილისის ორგანიზაციამ ღია მუქარით მიმართა ტელეკომპანია "მზე"-ს და მის მესვეურებს.

საბოლოოდ, ოთხივე ფაქტორის შეჯერებით, მივიღეთ ბადე, რომელშიც ხელისუფებამ თავბრუდამხვევი სისწრაფით გამოახვია ქვეყანა: პრეზიდენტის მიერ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლა და კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფა; რუსეთისთვის ენერგობერკეტების გადაცემა; სამართლიანი არჩევნების ეჭვქვეშ დაყენება და შეტევა თავისუფალი პრესის ყველაზე მაღალრეიტინგულ სეგმენტებზე. რისთვის არის გამიზნული ღონისძიებათა ეს კომპლექსი, ბადე, რომელიც მომავალში ახალი კვანძებით შეიძლება შეივსოს? ცხადია, ამჟამინდელი ხელისუფლების თვითმიზანი არ არის არც რუსული ორიენტაცია და არც დასავლური. მისი თვითმიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი საზღაურით, ნებისმიერი ორიენტაციით. ზემოთ ჩამოთვლილი პროცესები, ხელისუფლების ღრმა რწმენით, მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. ოპოზიცია თავიდან აშკარად დააბნია ხელისუფლების რადიკალიზმმა: შევარდნაძე ხომ ყოველთვის მინიმალური რისკით მართავდა ქვეყანას. მაგრამ საპასუხო რადიკალიზმმა არ დააყოვნა: გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანა იარაღით ხელში გახდეს დასაცავი. როგორც ჩანს, იწყება ორმხრივი თავგანწირული ბრძოლა არა იმდენად სავარძლების, რამდენადაც - თავების გადასარჩენად.
XS
SM
MD
LG