Accessibility links

logo-print

რატომ არ არის ელექტროენერგია საქართველოში


საქართველოში ელექტროენერგიის მომხმარებელი დენის მწვავე დეფიციტს განიცდის. ეს მდგომარეობა უცხო არ არის საქართველოს მოსახლეობისათვის, ოღონდ ზამთრის პერიოდში,

როდესაც ჰიდროელექტროსადგურები დაცარიელებულია, ხოლო თბოგენერაცია მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკის დაწესება მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს მოულოდნელობებით აღსავსე ქართული ელექტრო წარმოებისთვისაც კი. რატომ არ არის დენი საქართველოში?

მაშინ, როდესაც სათბობ-ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა თავისი პირველი სამუშაო დღე სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო, თითქმის მთელ საქართველოში ელექტროენერგია რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო. ნაკლებად სარწმუნოდ გამოიყურება ამ გამორთვის ოფიციალური ახსნა, კერძოდ, რომ მთელი საქართველო თურმე იმ ერთი უხეირო მონადირის გამო ჩაბნელდა, რომელმაც დილის 6 საათზე ტყვია მიზანს ააცილა და შემთხვევით მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "იმერეთი" იმსხვერპლა. ამავე მიზეზით არ ჩაირთო თურმე სარეზერვო ხაზი "კოლხიდა-2" და საქართველო, ამერიკისა და კანადის მსგავსად, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, სისტემა 0-ზე დაჯდა.

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, პრეზიდენტი შევარდნაძე მოსახლეობას თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში ასეთ დაპირებას აძლევდა:

[შევარდნაძის ხმა] "ბატონ ჩუბაისის განცხადებას შეგახსენებთ იმის შესახებ, რომ მისი კომპანია საქართველოში უფრო შეღავათიანი ტარიფების დაწესებაზე იზრუნებს. ასე რომ, სანერვიულო არაფერია და ქულების დაგროვებასაც ნურავინ ცდილობს ამ თემით."

ეს ვერაფერი ნუგეშია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სექტემბრიდან, 12-ის ნაცვლად, 17 თეთრამდე გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს და რომელსაც ელექტროენერგია, გადახდის მაჩვენებლის მიუხედავად, თითქმის მთელი დღის მანძილზე არ მიეწოდება. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მერაბ კვეკვესკირი კი მხოლოდ უმნიშვნელო შეზღუდვებზე ლაპარაკობს და ჭარბი ელექტროენერგიის არსებობის პირობებში დაწესებულ დენის გრაფიკს ასეთნაირად ხსნის:

[კვეკვესკირის ხმა] "ამჟამად ხდება მარაოსებური გამორთვები. ეს არის დაახლოებით 20-22 პროცენტი შეზღუდვები და ეს არის ის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საბითუმო ბაზარი ეი-ი-ეს თელასთან ერთად."

როგორც ჩანს, ეს მარაო 22 პროცენტზე გაცილებით ფართოდ გაიშალა თბილისის თემქის დასახლებისათვის ან კიდევ კრწანისის რაიონის პურის უბნის მოსახლეებისთვის. ამ უკანასკნელებმა 17 აგვისტოს "ენერგეტიკული ლინჩის წესით" - ეი-ი-ეს თელასის რაიონულ განყოფილებაში შეჭრითა და ელექტროენერგიის თვითნებურად ჩართვით - გადაჭრეს უზომოდ გაშლილი "მარაოს" გრაფიკით გამოწვეული უდენობის პრობლემა. ასეთი თვითნებობა კიდევ უფრო გახშირდება, თუ ელექტროენერგიის კარგ გადამხდელ მოსახლეობას დენი გადახდის შესაბამისად არ მიაწოდეს.

ენერგეტიკის ახალი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი უახლოეს მომავალში პრობლემის გადაჭრის პირობას იძლევა.

[ნიკოლაიშვილის ხმა] "ეი-ი-ესის გადახდიდან არის გამომდინარე გამორთვები. რაო ჯერ არ არის შემოსული. ის 1 სექტემბრიდან დაიწყებს ოფიციალურად ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, შეიქმნა გარკვეული ვაკუუმი, ალბათ, გარკვეულ გაუგებრობებსაც ჰქონდა ადგილი და გადახდები შემცირდა."

როგორც ჩანს, ეი-ი-ესმა საქართველოდან წასვლის წინ მაქსიმალურ მოგებაზე იფიქრა და მოსახლეობიდან ამოღებული თანხა, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ნაცვლად, სულ სხვა მიმართულებით წარგზავნა. ეი-ი-ესი პრესასთან ურთიერთობას ერიდება, ამიტომ მხოლოდ ვარაუდით შემოვიფარგლები. ანალოგიურად, კომენტარებისგან თავს იკავებს საბითუმო ბაზრის ესპანელი მენეჯერიც, რომელიც თელასის მიმართ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს იცავს და ჭარბ ელექტროენერგიას რუსეთის მიმართ ზამთრის მანძილზე დაგროვილი დავალიანების გასასტუმრებლად იყენებს.
XS
SM
MD
LG