Accessibility links

logo-print

პოლიციის პოლკოვნიკი ადამიანის გატაცებაში იმხილება


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს სასჯელთა აღსრულების სისტემაში ორშაბათს სერიოზული დანაშაული გაიხსნა; ოღონდაც ეჭვი ამ დანაშაულის ჩადენაში მიიტანეს არა რომელიმე პატიმარზე, არამედ სისტემის თანამშრომელზე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ შუბითიძე 18 აგვისტოს დილით დააპატიმრეს. მას ბრალად ედება მონაწილეობა ადამიანის გატაცებაში და ფულის გამოძალვა.

12 წლის ბექა მუმლაძე ამა წლის 2 ივლისს გაიტაცეს. მუმლაძის მამა ბიზნესში საქმიანობს და მარნეულში ცხოვრობს. ორი დღის წინ პოლიციამ ბექა მუმლაძე მძევლობიდან გამოიხსნა. ის თბილისში, ლოტკინის მთაზე, ვინმე არმაზ შენგელიას სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი. ბავშვის ჯანმრთელობა ამ ხნის მანძილზე საგრძნობლად გაუარესდა. ბექა მუმლაძეს დღეს სიარული უჭირს. მის გატაცებაში პიროვნებათა ჯგუფია ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი ეჭვმიტანილია მერაბ შუბითიძე, რომელიც ამა წლის 7 აგვისტოდან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მსახურობს, კერძოდ, სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს. 18 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუბითიძის სამუშაო კაბინეტი გაჩხრიკეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ჩხრეკის შედეგებს ასე აღწერს:

[ნარჩემაშვილის ხმა] "ამოღებულია არატაბელური ავტომატი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, დიდძალი ტყვია-წამალი, მიტაცებული ფული, დაახლოებით 16 ათასი დოლარი (აქედან 800 დოლარი ჰქონდა ჯიბეზე, დანარჩენი - სეიფში). აღნიშნული ფული სწორედ იმ კუპიურებისგან შედგება, რომლებიც ჩვენ მიერ იყო დამუშავებული და დანომრილი. ფული [გატაცებული ბავშვის] მშობელმა გადასცა აღნიშნულ პიროვნებას [მერაბ შუბითიძეს, გამოსასყიდის სახით]".

იუსტიციის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 45 წლის მერაბ შუბითიძე სამინისტროს სისტემაში მხოლოდ ათი დღეა მუშაობს, და ისიც, მოვალეობის შემსრულებლად. იუსტიციის მინისტრის მოადგილე კახა კობერიძე ამბობს, რომ მერაბ შუბითიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად თვითონ თავმჯდომარის, შოთა კოპაძის, წარდგინებით დაინიშნა. მანამდე შუბითიძე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო. თუ ბექა მუმლაძის გატაცებაში შუბითიძის ბრალეულობა დადასტურდა, გასაგები გახდება, რომ მსხვერპლი მას სწორედ ქვემო ქართლში მუშაობისას ჰყავდა შეთვალიერებული. მერაბ შუბითიძეს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება აქვს. ის 16 წელიწადს მუშაობდა სასჯელთა აღსრულების დაწესებულებებში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ის ოპერატიულ-სარეჟიმო დარგში ასრულებდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე კახა კობერიძე ამბობს, რომ მოვალეობის შემსრულებლად შუბითიძე იმიტომ დაინიშნა, რომ ეს თანამდებობა საკონკურსოა.

[კობერიძის ხმა] "შემდეგ უკვე, მისი მუშაობიდან გამომდინარე, ალბათ, დადგინდებოდა, რამდენად შეესაბამებოდა იგი დაკავებულ თანამდებობას და გადაწყდებოდა მისი ამ თანამდებობაზე შემდგომი ყოფნის საკითხი."

მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით პირმა შეიძლება ერთიდან სამ თვემდე იმუშაოს. დღეს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის 4 შტატი არსებობს და დღემდე ოთხივე მოვალეობის შემსრულებლებს ეკავათ.

არ არის გამორიცხული, იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა შუბითიძის ახალ პოსტზე გამწესებით, რაც მის დაწინაურებას ნიშნავდა, ერთგვარად მოადუნა ადამიანის გატაცებაში ეჭვმიტანილი პოლიციელის ყურადღება. თანამდებობრივი აღზევების შემდეგ შუბითიძე ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ მას დაეძებდნენ. სანდო წყაროდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შუბითიძის სამუშაო კაბინეტი სწორედ როლანდ გილიგაშვილის მინიშნებით გაჩხრიკეს. გილიგაშვილს მაინცდამაინც არ სურდა ამ კაცის სამსახურში მიღება, მაგრამ შოთა კოპაძის არჩევანში აღარ ჩაერია. ჩანს, იუსტიციის მინისტრს, ვითარცა ყოფილ პროკურორს, ალღო ჯერაც მახვილი აქვს.
XS
SM
MD
LG