Accessibility links

logo-print

მწერალთა ანტისაბჭოთა განწყობილება 60 წლის წინ


"ანტისაბჭოურად განწყობილ მწერლებს ჩვენ

აქტიურად ვამუშავებთ. მიღებულია ზომები ანტისაბჭოთა ჯგუფების ოპერატიული ლიკვიდაციისთვის"... ასე მთავრდება ზუსტად 60 წლის წინ შექმნილი დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს საკავშირო კაგებეს მესამე განყოფილების მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე შუბნიაკოვი. საბჭოთა კონტრდაზვერვის ეს წერილი, რომლის სათაურია "მწერალთა და ჟურნალისტთა ანტისაბჭოთა განწყობილებების შესახებ", იძლევა საშუალებას ვიმსჯელოთ ხელოვნებისა და ხელისუფლების ურთიერთობის პრობლემაზე. 60 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს, შექმნილი დოკუმენტი თანამედროვეობასაც ეხმიანება და გვაფიქრებინებს, რომ ამ ხნის მანძილზე რუსეთის ისტორიაში ბევრი არაფერი შეცვლილა.


შუბნიაკოვს თავის დოკუმენტში ქართველი მწერლები არ უხსენებია. იგი, ძირითადად, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრებით შემოიფარგლა და თავის წერილში არსად მიუთითებია ინფორმაციის წყარო ან, კონკრეტულად, ინფორმატორი. კაგებეს გასაიდუმლოებულ დოკუმენტში, რომელიც რუსეთში სამი წლის წინ გამოქვეყნდა, ინფორმატორთა ფსევდონიმებიც კი გადაშლილია. წაშლილია აგრეთვე სტალინის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვები. ავტორი ამ შემთხვევაში ერთი ფრაზით კმაყოფილდება ("გამოთქმულია მკვეთრად უარყოფითი აზრი")... რაც შეეხება ქართველ მწერლებს, დოკუმენტში მათ არ ახსენებენ ან იმიტომ, რომ ანტისაბჭოთა მოსაზრებებს იმხანად ვერც ერთი ჩვენი მწერალი ვერ გამოთქვამდა ან, უფრო იმიტომ, რომ კაგებეს თბილისის მწერალთა წრეში თავისი ინფორმატორები არ ჰყავდა. არსებითად, საბჭოთა უშიშროება იმხანად ნაკლებად კარგავდა დროს ზურგზე და უფრო ფრონტის ხაზზე დარჩენილი შემოქმედებითი ინტელიგენციის მსოფლმხედველობით იყო დაინტერესებული. ამიტომაც მოხვდა, ალბათ, პოლიტიკურად საეჭვო მწერლების სიაში უკრაინელი კინორეჟისორი ალექსანდრ დოვჟენკო, რომლის მოსაზრება, გამოთქმული სადღაც (შეიძლება სუფრაზე), საგანგებოდაა "გამოტანილი" დოკუმენტში:

"ნუ დავდებთ ბრალს ანტიპატრიოტიზმში უკრაინელ გოგონებს, რომელთაც გერმანელები შეუყვარდათ და გათხოვდნენ კიდეც. ბრალი დავდოთ იმას, ვინც ვერ შეძლო ამ გოგონების პატრიოტული აღზრდა."

შეიძლება გაგიკვირდეთ, რა თქვა ამისთანა გაუგონარი უკრაინელმა რეჟისორმა? რატომ მოხვდა იგი "შავ სიაში"? მაგრამ შუბნიაკოვის დოკუმენტის გაგება ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით ნამდვილად არ შეიძლება, ისევე როგორც საკმაოდ მოკლებულია ლოგიკას კაგებეს მუშაობის სტილი ომის წლებში. ამ დოკუმენტით ჩანს, რომ დასავლელი მოკავშირეებისკენ მიბრუნებული სტალინის ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ უხსნის შემოქმედებით ინტელიგენციას, თუ რა უნდა თქვან, როგორ თქვან და რის შესახებ უნდა წერონ. დაბნეული მწერლები კი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრებს გამოთქვამენ. კაგებეს ყველა ეს აზრი საეჭვოდ ეჩვენება, ამიტომ შუბნიაკოვის სიაში, ფაქტობრივად, ამ პერიოდში მოღვაწე ყველა მწერალი ხვდება. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა პასტერნაკის ერთი ციტატა, ასევე საგანგებოდ მოყვანილი:

"მე გრძელი ენა მაქვს და მარშაკი არა ვარ, რომ გავიმეორო ის, რასაც მეუბნებიან. მე მაინც ჩემებურად ვილაპარაკებ, თუმცა ვიცი, რომ ასე ცუდად დავამთავრებ."

1943 წელს შექმნილ ამ დოკუმენტს ავტორის კომენტარი ცოტა აქვს. მთელი წერილი ციტატებითაა სავსე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავად კაგებეს მაიორიც დაბნეულია ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით და ამიტომ "საეჭვოდ" მიაჩნია როგორც მოკავშირეების მიმართ პოზიტიურად განწყობილი, ასევე რეტროგრადი კომუნისტების მოსაზრებები. პოზიციათა ასეთი სიჭრელე კი ბადებს აზრს, რომ 1943 წელს საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური მანქანა საკმაოდ იყო შერყეული. მწერალთა შორის გამოჩნდნენ ეგრეთ წოდებული "ზაპადნიკები" და "პოჩვენიკები"... და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, მწერალთა ორივე ჯგუფი ხელისუფლებას უპირისპირდება.

ფედინი, მწერალი:

"ამერიკის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ. რუსეთი უნდა დაეჩოქოს ამერიკას, ერთგული ძაღლივით უქიცინოს კუდი, თორემ დაიღუპება, როგორც სახელმწიფო."

ჩუკოვსკი, მწერალი:

"რა კარგია, რომ ჩვენი ბედი ახლა მოკავშირეთა ხელშია. იქნებ ნამდვილ კულტურას გვაზიარონ?"

ვასილიევი, ლიტერატურათმცოდნე:

"ბოლოს და ბოლოს, ეს ბედის ირონიაა - ჩვენ სისხლს ვღვრით და ვანადგურებთ სამშობლოს ინგლისურ-ამერიკული კაპიტალიზმის გასამაგრებლად. გამოდის, რომ ინგლისურ-ამერიკული კაპიტალიზმი იმდენად ჭკვიანია, რომ მისკენ მიმართულ დარტყმას იგერიებს და ნაციზმს ჩვენს წინააღმდეგ წარმართავს. მათი ბრძანებით "კომინტერნი" დავშალეთ? იქნებ ახლა "ინტერნაციონალზე" ვთქვათ უარი? პროლეტარიატის ჰიმნი ხომ სძულთ კაპიტალისტებს."

1943 წელს კომუნისტური ინტერნაციონალის გაუქმებამ ეტყობა მართლაც აღაშფოთა აქამდე ხელისუფლებასთან დამეგობრებული საბჭოთა მწერლები. ოფიციალურმა პროპაგანდამ კომინტერნის დაშლა იმით ახსნა, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილმა განსხვავებულმა სიტუაციამ, როცა კომპარტიები ზოგან აიკრძალა, შეუძლებელი გახადა ერთიანი პროგრამით მუშაობა. კრემლმა იმხანად, უბრალოდ, ვერ აღიარა, რომ ლოზუნგი "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით" უტოპია აღმოჩნდა და რომ ზოგიერთ ქვეყანაში მემარცხენე ძალებმა უარი თქვეს სტალინის ტოტალიტარულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. მაგრამ საბჭოთა იდეოლოგიას ასეთი სიცრუე ძვირად დაუჯდა - შუბნიაკოვის დოკუმენტით ირკვევა, რომ კომინტერნის დაშლას "პოჩვენიკი-კომუნისტები" მოკავშირეებს აბრალებენ და უკმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ სტალინი "ინგლისელი და ამერიკელი კაპიტალისტების დაკრულზე ცეკვავს". შუბნიაკოვი წერს, ზოგიერთი მწერალი ისე გათავხედდა, რომ ავრცელებს ჭორს, თითქოს რუზველტმა სტალინს კოლმეურნეობების დაშლა მოსთხოვაო. რუსი მწერლების უმრავლესობა აქ, აშკარად, ვერ მალავს დასავლეთის სიძულვილს, რითაც, სხვათა შორის, ყოველთვის გამოირჩეოდა საბჭოთა მწერალთა კავშირი. როგორც შუბნიაკოვის დოკუმენტით ირკვევა, ეს სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოწინავე საბჭოთა მწერლებს თავიანთი სათაყვანებელი მამა-ბელადის პატრიოტიზმშიც კი შეეპარათ ეჭვი. არ არის გამორიცხული, რომ ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა, და თავად სტალინიც, კარგად ხედავდა, რომ დასავლელ მოკავშირეებთან დაძმობილება მწერალთა ყველაზე ერთგულ არმიას დაუკარგავდა. ამიტომ ხელისუფლებამ რუსეთის (და არამარტო რუსეთის) ისტორიისთვის ჩვეულ, ეგრეთ წოდებულ "ბალანსის", პოლიტიკას მიმართა - ოფიციალურ დონეზე მოკავშირეებს "უმეგობრდებოდა", არაოფიციალურად კი დასავლური ფასეულობების სრულ დისკრედიტაციას ეწეოდა. განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ეს პოლიტიკა ებრაელებთან დამოკიდებულებაში. ქვეყანა, რომელიც ფაშისტებს ებრძოდა, ამავე დროს, ნელ-ნელა აღვივებდა ანტისემიტურ განწყობილებებს. შუბნიაკოვმა, როგორც ჩანს, მაინცდამაინც კარგად ვერ გაიაზრა ხელისუფლების ეს პოლიტიკა, როცა საეჭვო მწერლებს შორის ანტისემიტებიც დაასახელა.

ნიკანდროვი, მწერალი:

"მორალის თვალსაზრისით, უნდა განადგურდნენ ან როგორმე შეიზღუდონ ებრაელები. ებრაული საკითხი - ყოველი რუსის სამხედრო საკითხია."

გამოდის, რომ კაგებეს დაბნეული მაიორი არ იწონებს ანტისემიტი მწერლების გამონათქვამებს. მაგრამ "ბალანსის" პოლიტიკით შთაგონებული დოკუმენტის ავტორი არც იმ მწერლებს ინდობს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ანტისემიტიზმის მომძლავრებას აღიარებენ. დოკუმენტში ეს ადამიანებიც "შავ სიაში" ხვდებიან.

ბონდი, პროფესორი-პუშკინოლოგი:
"ნახეთ, როგორი განწყობილებაა არმიაში - ანტისემიტური, ანტიგერმანული განწყობილება, ნაციონალურ უმცირესობათა მიმართ აგრესია, თითქოს ისინი კარგად ვერ ომობენ... ხელისუფლება ყოველმხრივ იზიარებს ამ განწყობილებას."

შკლოვსკი, მწერალი:
"ჩვენი რეჟიმი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ცინიზმით. მაგრამ კომუნისტური პარტიის ანტისემიტიზმი მაინც საოცარი რამეა."

კაგებეს დოკუმენტში განსაკუთრებული აგრესიით არიან მოხსენიებულნი ის მწერლები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში არა კონკრეტულ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად კომუნისტურ სისტემას ადანაშაულებენ. თუ ამ მწერლებმა მართლაც გამოთქვეს ის მოსაზრებები, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, თუ ინფორმატორთა "დანოსი" უბრალო შურისძიება არ არის, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გერმანულ ფაშიზმთან ბრძოლამ დააიმედა საბჭოთა შემოქმედებითი ინტელიგენციის ერთი ნაწილი - შეიძლება მათ დაიჯერეს კიდეც, რომ ომის დასრულების შემდეგ კომუნისტურ ტოტალიტარიზმს ბოლო მოეღებოდა.

პრიშვინი, მწერალი:
"უცნაური რამე ხდება ჩვენს ქვეყანაში: მოსახლეობა დაიღალა ომით, უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მაგრამ როგორც კი ადამიანი ფრონტზე ხვდება, გმირულად იბრძვის და მზადაა გაწიროს თავისი თავი."

უტკინი, მწერალი:
"ჩვენს სახელმწიფოს შვეიცარია მირჩევნია. იქ არავის სჯიან სიკვდილით, თავებს არ აჭრიან. ჩვენში გერმანიის მსგავსი რეჟიმია... გერმანიის ფაშიზმი უნდა დავამარცხოთ, მერე კი ჩვენს თავს მოვუაროთ. რუსეთს დღეს არც ხელოვნება აქვს და არც კულტურა. მათი იდეალია - ხალხის ქცევა ცხვრის ფარად. ამ იდეალს მათ უკვე მიაღწიეს."

გაგახსენებთ, რომ ეს იყო კაგებეს მესამე განყოფილების მეორე სამმართველოში 1943 წელს შექმნილი დოკუმენტი, რომლის ასლი სტალინსაც გაეგზავნა. ბელადი ამ წერილს არსად გამოხმაურებია.
XS
SM
MD
LG