Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა ავღანეთის აღდგენის ახალი გეგმა შეიმუშავა


ანდრო ეული, პრაღა მოელიან, რომ თეთრი სახლი სულ მალე რადიკალურად შეცვლის ავღანეთში მიმდინარე აღდგენითი ოპერაციის მასშტაბსა და ხარჯებს

ამერიკის პრესაში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ვაშინგტონი ერთ მილიარდ დოლარამდე გაუზრდის ყოველწლიურ დახმარებას ავღანეთს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ეს ახალი გეგმა იმისთვისაა გამიზნული, რომ ავღანეთში მიმდინარე აღდგენით პროცესს მეტი კონტროლი გაუწიონ იქ განთავსებულმა ამერიკელმა სამხედროებმა.

გასულ კვირაში 70-დე ადამიანი დაიღუპა ავღანეთში განახლებული ძალადობის შედგად. სამშაბათს 19 აგვისტოს, ავღანეთის დამოუკიდებლობის 84-ე წლისთავზე, ქვეყნის გარდამავალი მთავრობის მეთაურის ჰამიდ კარზაის ძმის სახლში ქალაქ ყანდაარში ყუმბარა აფეთქდა, რასაც საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ვაშინგტონის ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევათა ცენტრის რეგიონულ ექსპერტს ჩარლს ფეარბენკს მიაჩნია, რომ ვაშინგტონის ახალი გეგმა ავღანეთში ვითარების სტაბილიზაციის, აგრეთვე ჰამიდ კარზაის პოზიციის განსამტკიცებლადაა გამიზნული ივნისისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

გასულ წელს პრეზიდენტმა ბუშმა ავღანეთის აღდგენისათვის საჭირო პროგრამის შემუშავება ივალდებულა. მაგრამ კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფაქტობრივად შეუსრულებელი დატოვა ნაკისრი ვალდებულება. დონორმა ქვეყნებმა ოთხნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს ავღანეთის მთავრობას. თუმცა ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც არ მიუღია ავღანეთს, ხოლო ის, რაც მიიღო ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდა და არა აღდგენით სამუშაოებს.

გასულ კვირაში ემნისტი ინტერნეიშენალმა გამოაქვეყნა სააანგარიშო მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ უშიშროებისა და კანონის უზენაესობის აღდგენას ავღანეთში სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ის ფაქტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ მიაწოდა ამ ქვეყანას გადაუდებელი დახმარება. სიმა ვალი ხელმძღვანელობს ვაშინგტონში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ლტოლვილ ქალებს უწევს ყოველმხრივ დახმარებას. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში სიმა ვალიმ თქვა, რომ ბუშის ადმინისტრაციამ საბოლოოდ გადაწყვიტა უფრო აქტიურად ჩააბას შეერთებული შტატები ავღანეთის აღდგენით პროცესში [სიმა ვალის ხმა]: "ვიმედოვნებთ, რომ ესაა ჭეშმარიტი ძალისხმევა, და რომ ის დაპირებები, რაც ჩვენ მივიღეთ, შესრულდება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ხსენებული დაპირებები და დახმარება რიგითმა ავღანელებმა მიიღონ. დაზავებისა და იმ დახმარების სიკეთე, რაც ავღანეთს აღუთქვეს, რიგითმა ავღანელმა მამაკაცმა და ქალმა უნდა შეიგრძნოს".

ვაშინგტონის ახალი გეგმის თანახმად, პრეზიდენტი ბუში ავღანეთში თავის საგანგებო წარგზავნილს ზალმაი ხალილზადეს დანიშნავს ელჩად, რომელსაც შეუზღუდავი უფლებები ექნება გაფართოებული აღდგენითი პროგრამის განსახორციელებლად, აგრეთვე უკანასკნელ დროს გახშირებული ძალადობის აღსაკვეთად.

როგორც ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბრიტანეთში დაბადებულ ხალილზადეს ისეთივე ფუნქციის შესრულება მოუხდება ავღანეთში, რასაც პოლ ბრემერი აკეთებს ერაყში. მაგრამ ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ამ ვერსიას. გაზეთ "ჩიკაგო ტრიბიუნისათვის" მიცემულ ინტერვიუში ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგნელმა ომარ სამადიმ განაცხადა: "ავღანეთი არაა ერაყი. ჩვენ მთავრობაც გვყავს უკვე და ბიუროკრატიაცო".

ხალილზადე ჯორჯ ბუშის ერთ-ერთი წამყვანი მრჩეველია ეროვნული უშიშროების საკითხებში, ხოლო ადრე, ამავე სტატუსით, თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდთან თანამშრომლობდა. ზალმაი ხალილზადე შეცვლის რობერტ ფინს, რომელიც 2002 წლის მარტიდან მოყოლებული შეერთებული შტატების ელჩია ავღანეთში.

თეთრი სახლის ადმინისტრაციას განზრახული აქვს ასევე ასამდე ამერიკელი ექსპერტი დანიშნოს ავღანეთის სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, როგორც ეს ერაყში მოხდა.

ვაშინგტონის ახალ გეგმასთან დაკავშირებით საგულისხმო ისაა, რომ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი უწევს ამჟამად ავღანეთში კოორდინირებას, პენტაგონის პრეროგატივა გახდება. ასეა თუ ისე, ხსენებული გეგმის მიზანი ნათელია: დააჩქაროს ავღანეთში აღდგენითი პროცესი და ბოლო მოუღოს ძალადობას, ამ ბოლო დროს იჩინა თავი სამხრეთ ავღანეთში თალიბებისა და რენეგადი ისლამისტი საველე მეთაურის, გულბუდინ ჰექმათიარის მებრძოლთა მხრიდან.
XS
SM
MD
LG