Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორც გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსის" ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამირ თაჰერი აღნიშნავს,

ერაყელთა უმრავლესობას ჯერაც არა აქვს წარმოდგენა რა ხდება ერაყის ახალშექმნილ მმართველ საბჭოში. "ახალი ხელმძღვანელობის სწრაფვა გასაიდუმლოებისადმი ნაწილობრივ გასაგებია", ამბობს ამირ თაჰერი და დასძენს, რომ "ახალი ლიდერების უმრავლესობას ხომ იატაკქვეშეთში უხდებოდა მოღვაწეობა ერაყსა თუ საზღვარგარეთ". დღეს ეს ადამიანები აცხადებენ, რომ საჯაროობის პოლიტიკამ შესაძლოა მივიწყებული მტრობა გააღვივოს და არაერთგვაროვნად განაწყოს ხალხი ახალი ლიდერების მიმართ. ამირ თაჰერი განაგრძობს:

"დღეს ერაყში არანაირი გასაიდუმლოება არაა საჭირო. ახალი ხელმძღვანელობა უნდა ენდოს ხალხს და აცნობოს მას ყველა ეტაპზე ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მმართველ საბჭოში შემოქმედებითმა დაძაბულობამ იჩინა თავი. ერაყის მომავალი ხომ აზრთა სხვადასხვაობაზე, პლურალიზმზე, ძალაუფლების განაწილებაზე, დისკუსიასა და კომპრომისზეა დამოკიდებული. რეალურ საფრთხეს მაშინ დავუპირისპირდებით, თუ მმართველი საბჭოს აზროვნება და ლაპარაკი წინასწარ დაპროგრამებული რობოტისას დაემსგავსება."

გაზეთ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგის" მიმომხილველი პეტერ მიუნჰი კომენტარს უკეთებს რეიტერის სააგენტოს ვიდეოოპერატორის მაზენ დანას დაღუპვას ერაყში. დანა ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს შემთხვევით 17 აგვისტოს ბაღდადის შემოგარენში მდებარე ციხესთან. გერმანელი ჟურნალისტი წერს:

"ამერიკის ჯარის სარდლობამ ამ ინციდენტს "დასანანი უბედური შემთხვევა" უწოდა. თუმცა მკვლელობა იმის შედეგია, რომ უაღრესად დაძაბულ ვითარებაში უხდებათ ამერიკელ სამხედროებს ერაყში აღდგენითი ოპერაციის განხორციელება. რეიტერის სააგენტოს ოპერატორის ვიდეოკამერა ყუმბარმტყორცნად მიიჩნიეს ამერიკელებმა, რასაც ცეცხლის გახსნა და მაზენ დანას დაღუპვა მოჰყვა შედეგად. გამოძიება დაადგენს მომხდარი ტრაგედიის ჭეშმარიტ მიზეზს, მაგრამ ეს ვერ გააცოცხლებს მაზენ დანას, 4 შვილის მამას, რომელიც პრესის თავისუფლების ჯილდოს მფლობელი გახდა 2001წელს. უფრო მეტიც, ერაყში არ შეწყდება ძალადობა. ძნელია იმის განჭვრეტა, როდის ან სად განახორციელებენ წინააღმდეგობის ძალები მორიგ თავდასხმას".

გაზეთ "ლიბერასიონის" კორესპონდენტი მარი-ლორ კოლსონი სინანულს გამოთქვამს ერაყში რეიტერის სააგენტოს ვიდეოოპერატორის მაზენ დანას დაღუპვის გამო, და თან დასძენს, რომ დანა იყო ვეტერანი ჟურნალისტი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ადრე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ჰებრონში დაიჭრა. ფრანგი ჟურნალისტი განაგრძობს:

"მაზენ დანას დაღუპვა არ ყოფილა მთლად მოულოდნელი. რვა აპრილს, როცა ამერიკის ტანკმა ბადადში ცეცხლი გაუხსნა სასტუმრო "პალესტინას", რომელშიც რამდენიმე უცხოელი კორესპონდენტი, მათ შორის რეიტერის სააგენტოს მეორე ვიდეოოპერატორი იყო გაჩერებული, რამდენიმე ჟურნალისტი იქნა მოკლული და დაჭრილი. რა გარემოებაში მოხდა ეს ინციდენტი დღემდე უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ რეიტერის სააგენტოს ხელმძღვანელობამ და უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა არაერთგზის მოითხოვეს 8 აპრილს მომხდარი ინციდენტის გამოძიება."

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" მიმომხილველი მატ ბივენსი განცვიფრებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებს არა აქვს გარკვეული პოზიცია ჩეჩნეთის საკითხში. მატ ბივენსი ჩეჩნეთის პირველ, 1994-96ი წლების ომს აშუქებდა გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსში" და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტს შეერთებული შტატებისთვის მაშინ არ ჰქონდა ესოდენ არსებითი მნიშვნელობა. ვაშინგტონს არ სურდა მოსკოვთან დაწყებული კარგი ურთიერთობის დაძაბვა ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე პატარა და სეპარატისტული რესპუბლიკის გამო. ამერიკელი ჟურნალისტი დასძენს:

"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა 1999 წელს მეორე ომი წამოიწყო ჩეჩნეთში, ვაშინგტონის პოზიცია გამოიკვეთა: რომ ეს კონფლიქტი სამხედრო ძალით ვერ მოგვარდება, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი. ბუნებრივია აღიძრა იმედი, რომ მოლაპარაკებათა მაგიდას კრემლის ოფიციალური წარმომადგენლები და ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი მიუსხდებოდნენ. მაგრამ იმედი არ გამართლდა; პუტინმა არ მოისურვა კონფლიქტის ამ გზით მოგვარება."
XS
SM
MD
LG