Accessibility links

ევროკავშირის გაფართოება - საფრთხე უმცირესობათა ენებისთვის


"ახალი ევროპის" დღევანდელი გამოშვება ევროკავშირში

ენების არათანაბარი სტატუსის პრობლემას ეძღვნება. ჩეხეთის დედაქალაქში გასულ თვეში გამართულ ლინგვისტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხს ევროპის ქვეყნების უმცირესობათა ენების გადარჩენა წარმოადგენდა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ევროპის უმცირესობათა ენებს ევროკავშირში გაქრობის საფრთხე დაემუქრებათ. შეშფოთების საფუძველს მათ, ალბათ, ის აძლევს, რომ ევროკავშირში არათუ უმცირესობათა, არამედ ოფიციალურად გამოცხადებული 11 ენის სტატუსის დაცვაც ვერ ხერხდება. თემას ნინო გელაშვილი განაგრძობს:

მომავალ წელს ევროკავშირს ათი ქვეყანა შეემატება, რაც ბლოკის ენობრივად კიდევ უფრო გამდიდრებას ნიშნავს. თუმცა, ეს სიმდიდრე შეიძლება მომავალში პრობლემადაც იქცეს.

დღეს ევროკავშირში 11 ოფიციალური სამუშაო ენაა. ანუ ყოველი წევრი ქვეყნის ენა ოფიციალურად მიჩნეულია სამუშაო ენად ევროპარლამენტისა და ევროკომისიისთვის. თუმცა, ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტებს იშვიათად თუ წააწყდებით თერთმეტივე ენაზე თარგმნილს. ძირითადად ისინი ინგლისურად და ფრანგულად არის, თუმცა, აქაც მოხდა ერთგვარი დისკრიმინაცია და ინგლისურმა აშკარად უპირატესი ადგილი დაიკავა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებში.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ გაწევრიანების შედეგად მათი სახელმწიფო ენები იმავე სტატუსით ისარგებლებს, როგორითაც ბლოკის სხვა წევრების სახელმწიფო ენები. და ეს სამართლებრივად მართლაც ასეა - ასეთია ევროკავშირის პოლიტიკა, მაგრამ რეალობა შეიძლება სულ სხვაგვარი აღმოჩნდეს.

ყველა სხვა ასპექტის გარდა, მრავალენობრივი საქმის წარმოება ძალიან ძვირი უჯდება ევროკავშირს იმ დონეზეც კი, როგორაც ის ამას დღეს ახერხებს. მარტო 2001 წლის მანძილზე ევროკავშირის ინსტიტუტებში წერილობითი, თუ ზეპირი თარგმანის ღირებულება 700 მილიონ ევროს უახლოვდებოდა.

პროფესორი ფერენც კიფერი უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრია. ის იყო გასულ თვეში პრაღაში ორგანიზებული ლინგვისტთა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორიც. პროფესორი კიფერი შიშობს, რომ კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ზოგიერთი - ნაკლებად ხმარებადი ენა საფრთხის ქვეშ დადგება:

[კიფერის ხმა]
"ევროკავშირის ზრდასთან ერთად ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცევა ნაკლებად ხმარებადი ენების პრობლემა, ორენოვნება, უმცირესობათა ენები და სხვა. ეს ენები საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს. მაგრამ, რადგანაც ისინი ნაკლებად გამოიყენება, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ესა თუ ის ენა მხოლოდ შიდა სარგებლობისთვის დარჩეს, ოფიციალურ კონტექსტში კი გამოიყენებენ ინგლისურს. და ასეთ ვითარებას როგორღაც უნდა მოევლოს".

თუმცა, კიფერს მიაჩნია, რომ როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, ასევე კანდიდატმა ქვეყნებმაც უნდა ჩაატარონ მოსამზადებელი სამუშაო ლინგვისტური ტექნოლოგიის განვითარების გზით. აი, კერძოდ რას გულისხმობს უნგრელი პროფესორი:

[კიფერის ხმა]
"უკვე მრავალი წელია ცნობილია, რომ თითოეული ქვეყანა ვალდებულია ლინგვისტურად მოემზადოს ევროკავშირისთვის. ამის ერთ-ერთი გზა აუცილებელი ლინგვისტური ტექნოლოგიების განვითარებაა. თუკი ადამიანი ფიქრობს იმაზე, როგორ გამოიყენოს კომპიუტერი, მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს ჩეხურად, უნგრულად და ა.შ. და არა მხოლოდ ინგლისურად. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ. არის ბევრი სხვა საკითხი, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს".

თუკი კანდიდატ ქვეყნებში ლინგვისტური ტექნოლოგიები არ განვითარდა, საქმის წარმოება ამ ქვეყნებში ძირითადად ინგლისურ ენაზე იქნება.

რაც შეეხებათ ევროპის ქვეყნების უმცირესობათა ენების გაქრობის საფრთხეს, არის ვარაუდი, რომ ეს პრობლემა ცოტა გაბუქებულია. ევროპის ნაკლებ ხმარებული ენების ბიუროს საშუალებით ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროგრამას, რომელიც სწორედ ევროკავშირის ინ 40 მილიონი მოქალაქის ინტერესების დაცვას ემსახურება, რომლებიც რეგულარულად ლაპარაკობენ უმცირესობათა ენაზე. თუმცა, ევროპის ნაკლებ ხმარებული ენების ბიუროს გენერალური მდივანი მარკუს ვარასინიც იმათ ეჭვს ადასტურებს, ვინც ევროპის ენების მრავალფეროვნების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს ხედავს. გენერალური მდივანი ამბობს:

[ვარასინის ხმა]
"ახალი ენების ინტეგრაციისას იქნება გარკვეული პრობლემები, რადგან ევროკავშირს არ გააჩნია ბოლომდე განსაზღვრული ლინგვისტური პოლიტიკა. არსებობს მკაფიო ხედვა ოფიციალურ სახელმწიფო ენებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება ნაკლებად ხმარებულ ენებს, მათ მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა არც ისე ნათელია, როგორც ბევრს შეიძლება ეგონოს".

ასე რომ, ევროკავშირის გაფართოებას გარდა ეკონომიკური პრობლემებისა საკმაოდ სერიოზული კულტურული პრობლემებიც ახლავს თან, რომლებიც ბევრისთვის, ვინც მაგალითად, მხოლოდ ე.წ. ნაკლებ ხმარებულ ენაზე საუბრობს, შეიძლება არსებითიც აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG