Accessibility links

რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტია განხილული წინა კვირის რუსეთის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტია განხილული წინა კვირის რუსეთის პრესაში. და მაინც, მთავარი აქცენტი აფხაზეთის კონფლიქტზეა გადატანილი.

გაგაცნობთ ორიოდე წერილის შინაარსს.

14 აგვისტოს გაზეთი "ნოვიე იზვესტია" აღნიშნავს, რომ "საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც, იმავდროულად, თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობას მეთაურობს, გამოვიდა წინადადებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში ნეიტრალური ქვეყნის ჩართვის შესახებ. მან ყველაზე მისაღებ კანდიდატად შვეიცარია დაასახელა."

გაზეთის თქმით, "არსებობს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აჭარის დეპუტატის წინადადება კონფლიქტის დარეგულირების პროცესიდან რუსეთის გამოდევნას ისახავს მიზნად." თუმცა, როგორც "ნოვიე იზვესტია" წერს:

"სინამდვილეში ეს ასე არ არის. უფრო ზუსტად კი, მთლად ასე არ არის. რასაკვირველია, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აქტიურად ცდილობენ რუსეთზე ყველაფრის გადაბრალებას, მაგრამ რეალისტი პოლიტიკოსები კარგად აცნობიერებენ, რომ, საბოლოო ჯამში, სწორედ რუსეთი წარმოადგენს იმ შემაკავებელ ფაქტორს, რომელიც კონფლიქტს მასშტაბურ სისხლისღვრაში გადაზრდის შესაძლებლობას არ აძლევს. ეს კავკასიაშიც ესმით." "საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ გაზეთს განუცხადა, რომ რუსეთის გარეშე აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა იგი, ამასთანავე, შუამავალთა წრის გაფართოებას ემხრობა."

როგორც ცნობილია, 26 ივლისს სამგზავრო თბომავალმა "ვეგა-1"-მა "სოხუმი-სოჭი-სოხუმის" მარშრუტით შეასრულა რეისი, რის გამოც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ნოტა, რომელშიც საერთაშორისო ნორმებისა და ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლობის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა რუსეთი. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის ძალებს არაერთხელ გაუჩერებიათ აფხაზეთში მიმავალი გემები და შესამოწმებლად ფოთის პორტში ჩაუყვანიათ, 12 აგვისტის გაზეთი "კრასნაია ზვეზდა" წერს, რომ "აფხაზეთის მხარეს საზღვაო ბლოკადა ხელს არ აძლევს".
გაზეთის თქმით:

"ზღვაზე ქართული მხარის აქტივიზაციის საპასუხოდ, ამ არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ განაცხადა, რომ იგი ამჟამად აქტიურად არის დაკავებული სანაპირო დაცვისა და საზღვაო კომუნიკაციების გამაგრებით, მათ შორის, სამგზავრო გემების შეიარაღებით."

"ეშბამ აგრეთვე არაორაზროვნად განაცხადა, რომ "აფხაზეთისთვის აკვატორიის გადაკეტვისა და სამხედრო თუ კომერციული გემების მიმართ ძალის გამოყენების ცდები ომით დასრულდება."
როგორც "კრასნაია ზვეზდა" წერს, "სამწუხაროდ, ეს ვარაუდი საფუძველს მოკლებული როდია."

12 აგვისტოს "ნეზავისიმაია გაზეტას" აზრით კი, "პირველი ლედი შეარიგებს მოსკოვსა და თბილისს." გაზეთი წერს, რომ "რუსეთის პრეზიდენტის მეღლე ლუდმილა პუტინა თბილისში რუსეთის კულტურული ცენტრის კურატორი გახდება. უკვე ოქტომბერში იგი ეწვევა საქართველოს დედაქალაქს, რათა მომავალი ცენტრის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწროს."

"საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ ვახტანგ რჩეულიშვილმა "ნეზავისიმაია გაზეტას" უთხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მეუღლემ კულტურული ცენტრის შეფობაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა." გაზეთის თქმით, "ლუდმილა პუტინასთვის, რომელიც აქტიური საზოგადო მოღვაწეობით არის ცნობილი, თბილისის კულტურული ცენტრი იქცევა მნიშვნელოვან ნაბიჯად რუსული ენისა და რუსული კულტურის დაცვის საქმეში."
XS
SM
MD
LG