Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კრიზისი გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ, 19 აგვისტოს, პარლამენტის საგანგებო სხდომა ისევ გადაიდო ისევ და ისევ კვორუმის უქონლობის გამო. სხდომას, რომელსაც 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის

სეკვესტრის საკითხი უნდა განეხილა, მხოლოდ 105 პარლამენტარი ესწრებოდა. პარლამენტარებზე არ იმოქმედა არც წინა დღით სეკვესტრისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის შესახებ პრეზიდენტის საჯაროდ თხოვნით მიმართვამ და არც ე.წ. თემატური უმრავლესობის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ. შეგახსენებთ: საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია ბიუჯეტის სეკვესტრის თაობაზე პარლამენტს 15 აგვისტომდე უნდა შეესრულებინა. პარლამენტი ვერც ახალ ვადაში ჩაეტია - საეჭვოა, 20 აგვისტომდე პარლამენტმა სეკვესტრი დაამტკიცოს. რა ელის საქართველოს?


"დეფოლტი" - ყველაზე ხშირად ეს სიტყვა გაისმის ქართველ ექსპერტთა შეფასებებში მოვლენების იმგვარად განვითარების შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამ კვირის პირველ ნახევარში არ განიხილავს და არ დაამტკიცებს 2003 წლის ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტს. ანუ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს სეკვესტრს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ განაახლებს საქართველოში თავის პროგრამებს, არ დაუდგება გარანტად საქართველოს პარიზის კლუბში საგარეო ვალების გადავადების საკითხის განხილვისას, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ამ მხრივ საქართველოსთვის პრობლემატური გადაწყვეტილება მიიღონ. ანუ ქვეყანას დეფოლტი გარანტირებული ექნება, რაც, სულ მცირე, თვენახევრის მანძილზე ლარს გააკუპონებს. უკვე ამ მოვლენას რა შეიძლება მოჰყვეს, ჩვენ ყველას ჩვენი უახლოესი ისტორიიდან ჯერ კიდევ კარგად უნდა გვახსოვდეს.
ასეთი პერსპექტივის მიუხედავად, პარლამენტში კვლავ პოლიტიკური ემოციები ჭარბობს - კვორუმი კვლავ არ იკრიბება. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ - აღმასრულებელმაც და საკანონმდებლომაც - პირველ რიგში, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ყველაზე ოპტიმალურ გზებზე იფიქროს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები დამნაშავის ძიებით არიან დაკავებულები. პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტს უპასუხისმგებლობას უსაყვედურებს. 18 აგვისტოს მან განაცხადა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ძალიან დიდი შეშფოთებით აღვიქვი ცნობა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, მრავალი თვალსაზრისით გარდამტეხ ეტაპზე ვერ შეძლო ემსჯელა იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ქვეყანას აქვს ნაკისრი საერთაშორისო ორაგნიზაციების წინაშე. ამდენად, მოვუწოდებ ყველა პარლამენტარს, პარლამენტის ხელმძღვანელობას, იმოქმედოს უზენაესი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, და მოიხადოს ვალი ქვეყნის წინაშე."
ამ ბრალდებას პარლამენტის ხელმძღვანელობა, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 19 აგვისტოს უპასუხებს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სეკვესტრის საკითხი ჩავარდება პარლამენტში, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაეკისრება. და აი, რატომ:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " სავალუტო ფონდმა ერთმნიშვნელოვნად ჩენთან საუბრისას გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ თუ მთავრობა არ უზრუნველყოფს სახელისუფლებო ფრაქციების წარმომადგენლობას დარბაზში და მთელი შემადგენლობით - სახელმწიფო მინისტრიდან დაწყებული, სამინისტროების პირველი პირებით დამთავრებული - არ იქნებიან სეკვესტრის განხილვის დროს, სავალუტო ფონდი მთელ პასუხისმგებლობას დააკისრებს მთავრობას და არა პარლამენტს. ესეც მინდა კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად ვთქვა."
19 აგვისტოს სიხალვათე იყო არა მხოლოდ პარლამენტის სხდომათ დარბაზში, - როგორც გითხარით, სხდომას მხოლოდ 105 პარლამენტარი ესწრებოდა, -არამედ სამთავრობო ლოჟაშიც: პარასკევისგან განსხვავებით, როცა პარლამენტში კვორუმის შეკრებას მოთმინებით ელოდა მთელი მთავრობა, სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის თამადობით, სამშაბათს პარლამენტში მხოლოდ ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი გამოცხადდა. მთავრობის სხვა წევრების ასავალ-დასავალის შესახებ სხვადასხვა ვერსია დადიოდა კულუარებში - ვინ უქეიფოდ იყო და ვინ - საქეიფოდ. პარლამენტართა ნაწილი კოლეგების დაუსწრებლობას ფერისცვალების დღესასწაულით ხსნიდა. სოციალისტთა ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის აზრით, 19 აგვისტოს სხდომის დანიშვნა შეცდომა იყო, რადგან პარლამენტართა დიდი ნაწილი კათალიკოს-პატრიარქმა, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში დაპატიჟა. პარლამენტის სხდომა ოთხშაბათისთვის გადაიდო. თემატური უმრავლესობა პირობას დებს, რომ სხდომაზე კვორუმის პრობლემა აღარ იქნება.
XS
SM
MD
LG