Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვრის დამრღვევი გემები - ბიუჯეტის შევსების კიდევ ერთი წყარო


17 აგვისტოს საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის რეგიონალურმა სამმართველომ საქართველოს საზღვაო საზღვრის დარღვევისთვის თურქული გემი დააკავა.

დაკავებული გემი ფოთის პორტში გადაიყვანეს და მის კაპიტანს 250 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში გემი აუქციონზე გაიყიდება და ამ გზით დაფინანსების გარეშე დარჩენილი საზღვრის დამცველები კიდევ რამდენიმე ათას ლარს შემატებენ საქართველოს ბიუჯეტს.

17 აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ფოთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნაჩუქარი სარადარო აპარატურით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მყოფი ამოუცნობი გემი დააფიქსირეს. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც სასაზღვრო ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდებოდა და, შესაბამისად, ძვირად ღირებული ამერიკული აპარატურაც გამართულად მუშაობდა. ტერიტორიულ წყლებში მცურავი გემი ქართველ მესაზღვრეებთან რადიოკავშირს არ ამყარებდა, ამიტომ გემის დასათვალიერებლად გაიგზავნა სამხედრო საზღვაო კატარღა, რომელმაც საქართველოს საზღვრის დამრღვევ გემზე სხვა დარღვევებიც აღმოაჩინა.

სასაზღვრო უწყების ფოთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა კობა ბოჭორიშვილმა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ გემზე, რომლის სახელწოდებაცაა "ემმა", აღმოჩენილი საბუთების მიხედვით, ტანკერი თურქეთის ერთი პორტიდან მეორეში უნდა გადასულიყო. გემის კაპიტნის ჩვენების მიხედვით, მან ზღვაში ყოფნისას ტანკერის მფლობელისგან დროშის გამოცვლისა და გემისთვის სახელის შეცვლის დირექტივა მიიღო. დაკავების მომენტში "ემმა" სამხრეთ კორეის დროშით ცურავდა. კობა ბოჭორიშვილის განმარტებით:

[კობა ბოჭორიშვილის ხმა] "82 წლის საზღვაო კონვენციით, სასტიკად აკრძალულია ზღვაში სახელის შეცვლა, გადაღებვა, დროშის შეცვლა. შემდეგ მან დაარღვია, გადმოკვეთა ჩვენი საზღვარი და დავაჯარიმეთ. ახალი კანონმდებლობით, გვაქვს ჩვენ უფლება. საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე 200 ათასი ლარია და ნაოსნობის წესების დარღვევაზე - 50 ათასი ლარი."

გემის მფლობელს ამ ჯარიმის 10 დღის მანძილზე გასაჩივრების უფლება აქვს. თუ გასაჩივრება არ მოხდა, 15 დღეში ჯარიმით განსაზღვრული თანხა უნდა იქნეს გადახდილი და თუ ეს პირობა არ შესრულდა, დაკავებული გემი აუქციონზე გაიყიდება.

მიმდინარე წლის მანძილზე საზღვაო საზღვრის დარღვევისთვის გემების დაჯარიმების გზით საქართველოს სასაზღვრო უწყებამ ქვეყნის ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი შეიტანა. შენატანები კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველოს საზღვაო საზღვარიც გაცილებით დაცული იქნება, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი რომ სრული მოცულობით ფინანსდებოდეს. საზღვრის დამცველებს უდენობასთან ერთად საწვავის დეფიციტიც აწუხებთ. მხოლოდ 10 დღის მანძილზე საზღვაო პატრულირების განსახორციელებლად 1 საზღვაო ხომალდს 20-30 ათასი ლარის საწვავი ესაჭიროება. ასეთი ფუფუნება ქართველ საზღვაო მესაზღვრეებს იშვიათად აქვთ. არადა, კანონის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას რომ თავი დავანებოთ, დაკავებული გემებიდან ამოღებული თანხის 30 პროცენტი სასაზღვრო უწყებას ეკუთვნის.

არადა, საზღვაო საზღვრის გაკონტროლებასა და დაცვას, ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან ერთად, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უსახსრობის გამო დაუცველ საზღვაო საზღვარს წლების მანძილზე თავისუფლად კვეთს აფხაზეთში მიმავალი თუ იქიდან გამავალი კონტრაბანდული ტვირთი. კობა ბოჭორიშვილის თქმით:

[კობა ბოჭორიშვილის ხმა] "საერთოდ, წესით და კანონით, გემი უნდა იდგეს საზღვარზე, ოპერაცია არ უნდა ტარდებოდეს. ფსოუსთან უნდა იყოს გემი, მაგრამ როგორი დაფინანსებაცაა და როგორც გვაწვდიან საწვავს, იმდაგვარად ვახერხებთ ყველაფერს."

ამ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს ბიუჯეტის დაგეგმილი სეკვესტრი, რომლის განხორციელებასაც როგორც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე საკანონმდებლო ორგანო ბოლო დღეების მანძილზე უშედეგოდ ცდილობს.
XS
SM
MD
LG