Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისური ენა საქართველოში


განავაგრძობთ გადაცემათა ციკლს, რომელთა მეშვეობით ვცდილობთ აღვწეროთ, როგორ ვრცელდება ინგლისური ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ინგლისურისადმი რუსების დამოკიდებულებაზე უკვე ვისაუბრეთ.

ამჯერად თქვენს ყურადღებას საქართველოს მივაპყრობთ. ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისა არ იყოს, ინგლისური ენა იქაც წამყვან პოზიციას იკავებს. საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ინგლისურის შესწავლით და ეს დაინტერესება არ არის მარტო მოდის აყოლა, მას პრაქტიკული მოტივაცია ასაზრდოებს. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან უცხო ენად ინგლისურს აღიარებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ინგლისურმა საქართველოშიც დაიკავა ის ადგილი, რაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსულს ეკავა.


უახლოეს წარსულში საქართველოში უმთავრეს უცხო ენად რუსული მიიჩნეოდა. მშობლიური ენის შემდეგ, რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლებას ყველა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში წამყვანი პოზიცია ეკავა. საქართველოს საშუალო და უმაღლეს სკოლებში რუსული დღესაც ძველებურად ისწავლება, თუმცა ამ უცხო ენაზე მოთხოვნილება აღარ არის ისეთი, როგორიც წარსულში იყო. მოთხოვნილების თვალსაზრისით, საქართველოში რუსული ინგლისურმა ჩამოიტოვა. თავად რუსებისა არ იყოს, საქმიანი ქართველებიც დილაობით ოფისებში გარბიან და შემდგომ გეგმებს მესიჯებზე აგებენ. ინგლისური ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი აქ ინგლისური ენის მცოდნეებზე მოთხოვნილების ზრდის პროპორციულად იზრდება. ვითარება კი ასეთია: თუ სამსახურის მაძიებლები ინტერნეტში თავისუფალი ვაკანსიების გვერდით დაინტერესდებიან დარწმუნდებიან, რომ ინგლისურის ცოდნას საქართველოში უკვე მარტო ოფისმენეჯერებს კი არა, მძღოლებსა და მზარეულებსაც კი სთხოვენ.

საქართველოში რუსულს რომ ინგლისური ძლევამოსილად ენაცვლება," ბრიტანეთის საბჭოს" მიერ საქართველოს საშუალო სკოლებში ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. ამ გამოკვლევის შედეგებიდან "ბრიტანეთის საბჭოს" ინგლისური ენის პროექტების მენეჯერს რუსუდან ტყემალაძეს შემდეგი მონაცემები მოჰყავს:

[რუსუდან ტყემალაძის ხმა] "როდესაც ჩვენ საშუალო სკოლების უფროსკლასელებს დავუსვით შეკითხვა :" რომელი უცხო ენა გსურს რომ იცოდე, პირველ რიგში?" 95 პროცენტმა დაასახელა ინგლისური. შემდეგ მოდიოდა ფრანგული, გერმანული და, ბოლოს, რუსული. როდესაც მათ ვკითხეთ, სკოლის გარეთ თუ სწავლობენ ინგლისურს, 50 პროცენტმა თქვა, რომ ემზადებიან კერძო მასწავლებელთან."

ინფორმაცია 3500-ზე მეტი კითხვარის მონაცემებს ეყრდნობა და ინგლისურზე მოთხოვნილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აღწერს. ის ადასტურებს, რომ როგორც საქართველოს საშუალო სკოლების უფროსკლასელების, ისე მათი მშობლებისა და პედაგოგების დიდი უმრავლესობა ინგლისურს ყველაზე მნიშვნელოვან უცხო ენად აღიარებს. ირკვევა ისიც, რომ საქართველოს საშუალო სკოლების დირექტორთა 90 პროცენტი ამჯობინებს მის სკოლაში ძირითად უცხო ენად სწორედ ინგლისური ისწავლებოდეს. ძირითად უცხო ენად რუსულს საშუალო სკოლების დირექტორთა მხოლოდ 9 პროცენტი აირჩევდა. აღნიშნულის მიუხედავად, იმ სკოლებში, სადაც ძირითად უცხო ენად გერმანული ან ფრანგული ისწავლება, მეორე უცხო ენად მაინც რუსული რჩება და, მშობელთა დაჟინებული მოთხოვნით, ინგლისური ენის სწავლების კერძო ჯგუფები იხსნება.

საქართველოს საშუალო სკოლებში, სახელმწიფო პროგრამით, უცხო ენის სწავლა მეხუთე კლასიდან იწყება, მაგრამ, ინგლისურ ენაზე მოთხოვნილების ზრდის მოტივაციით, ჩვეულებრივი არასპეციალიზებული სკოლების მეოთხედზე მეტში ინგლისური ენის სწავლება პირველ ან მეორე კლასებში იწყება. მშობლებს უღირთ დამატებითი სახსრები მოიძიონ და შვილებს ინგლისური ენის სწავლების საფასური ცალკე სკოლებში, ცალკე კიდევ კერძო მასწავლებლებთან გადაუხადონ. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლობაც მიმზიდველი პროფესია გახდა. ენის სწავლების მოძველებული მეთოდოლოგიის შეცვლაში მათ ბრიტანეთის საბჭო მასწავლებელთა გადამზადების ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებით ეხმარება.

ცალკე სფეროა ინგლისური ენის სწავლების კომერციული სექტორი, სადაც სწავლების თანამედროვე მეთოდების დეფიციტს არ უჩივიან. ინგლისური ენის კომერციული კურსები პოპულარული შედარებით უფროს თაობაშია და მათი სიმრავლე ცხადყოფს, რომ ინგლისურის სწავლება დღევანდელ საქართველოში კომერციული თვალსაზრისითაც გაცილებით მომგებიანია, ვიდრე რუსულის. მაგალითისთვის: თბილისში საკმაოდ პოპულარულ" პროფეშენალ ტრეინინგ გრუპში ," სადაც სპეციალიზებულ ინგლისურს ასწავლიან ( ჟურნალისტებს - ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის სპეციფიკური პროგრამით, ბიზნესმენებს - ბიზნესის სფეროზე მორგებული პროგრამით და ასე შემდეგ), წარსულში რუსულსაც ასწავლიდნენ, მაგრამ რუსულზე მცირე მოთხოვნილების გამო ამ მიმართულებით მუშაობა წამგებიანად მიიჩნიეს და შეწყვიტეს.

რატომ აძლევს უპირატესობას თანამედროვე საქართველოში ახალი და არამარტო ახალი თაობა, რუსულთან შედარებით, ინგლისურს, ვრცელი სასაუბროა. ძალიან მოკლედ კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოში ინგლისური და ინტერნეტი მოდაშიც შემოვიდა და დასჭირდათ კიდეც. და აი, რისთვის. მოვიყვან განმარტებას, რომელიც "პროფეშენლ ტრეინინგ გრუპის" ვებგვერდზეა განთავსებული:

"მე სტომატოლოგი ვარ. იმისთვის, რომ წავიკითხო პროფესიული ლიტერატურა, ინგლისური ენის კარგი ცოდნა მესაჭიროება. სამედიცინო ინგლისურის კურსის გავლა დამეხმარა ჩემი მიზნების მიღწევაში. "
XS
SM
MD
LG