Accessibility links

logo-print

ელისაბედ ბათიაშვილს ლეონარდ ბერნსტაინის სახელობის პრემია მიენიჭა


"ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ლეონარდ ბერნსტაინის

სახელობის პრემიით დაჯილდოვდება" - ასეა დასათაურებული ცნობა, რომელიც ამ დღეებში გერმანიის მასმედიამ გაავრცელა. ცხადია, ცნობამ მაშინვე მიიპყრო ჩვენი ყურადღება: ლეონარდ ბერნსტაინი, დიდებული დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი გასული საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსად არის აღიარებული და მისი სახელობის პრემიით დაჯილდოვება გამორჩეულ წარმატებას ნიშნავს ნებისმიერი, მით უმეტეს ახალგაზრდა მუსიკოსისათვის. ეს მუსიკოსი კი 24 წლის ელისაბედ ბათიაშვილი გახლავთ.

ელისაბედ ბათიაშვილი უკვე არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების სტუმარი. ამის მიზეზს ახალგაზრდა მუსიკოსი ხშირად გვაძლევდა თავისი წარმატებებით: იქნებოდა ეს მეტად პრესტიჟულ "სიბელიუსის კონკურსში" მეორე ადგილის მოპოვება (სულ 16 წლის ასაკში!), თუ გამოსვლები ევროპის, იაპონიის, აშშ-ის წამყვან საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის წლევანდელი დებიუტი ნიუ-იორკის სახელგანთქმულ "კარნეგი ჰოლში". აი, რა გვითხრა ამ დებიუტთან დაკავშირებით ელისაბედ ბათიაშვილმა ორიოდე თვის წინ: [ელისაბედ ბათიაშვილის ხმა] "რა თქვა უნდა, ძალიან განსაკუთრებული შეგრძნებაა კარნეგი ჰოლში დაკვრა!ჯერ ერთი იმიტომ, რომ აკუსტიკაა აბსოლუტურად ფანტასტიკური და ამას შენ გრძნობ, როცა უკრავ. მერე არის ულამაზესი დარბაზი და ამას ემატება, რომ ადამიანი ფიქრობ, რა ისტორია მოჰყვება ამ დარბაზს".

კარნეგი ჰოლის ისტორიის განუყოფელი ნაწილი ლეონარდ ბერნსტაინიც გახლავთ: მისი, როგორც პიანისტისა და დირიჟორის გამოსვლები, და, რასაკვირველია, ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი კონცერტების სერია, რომლითაც ამ დიდმა ამერიკელმა ხელოვანმა ათასობით ადამიანს - დიდებსა და პატარებს შეაყვარა კლასიკური მუსიკა. ამ, გასული საუკუნის 50-ანი და 60-ანი წლების ლეგენდარული კონცერტების სათაურები იყო "რა არის კლასიკური მუსიკა", "რა არის მელოდია", "იუმორი მუსიკაში", "მუსიკალური ატომების, ინტერვალების შესახებ", "ფიდელიო, სიცოცხლის ზეიმი" და მრავალი სხვა. მოისმინეთ ჩანაწერი 1958 წლის 18 იანვრის კონცერტიდან, რომელზეც ბერნსტაინი კარნეგი ჰოლში შეკრებილებს, უმეტესწილად ბავშვებს ესაუბრება ჩაიკოვსკის მეოთხე სიმფონიის შესახებ: [ბერნსტაინის ხმა] "არ მოგსვლიათ ისე, რომ რაღაც ძალიან გინდათ, მთელი გულით გინდათ, მაგრამ გეუბნებიან, არაო. თქვენ იმეორებთ "მინდა", მაგრამ ისევ უარს გეუბნებიან! თქვენ ისევ მოითხოვთ, "მინდა" ოღონდ უფრო ხმამაღლა, უფრო აღელვებული: "მინდა", "მინდა"!!! ვიდრე უცებ ხვდებით, რომ თავი ხელში ვეღარ აგყავთ და ტირილს იწყებთ. ასეთია ეს მუსიკა... ყური დაუგდეთ: "მინდა", "მინდა."

როგორც ეს ჩანაწერიც ადასტურებს, ლონარდ ბერნსტაინს ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა და 1987 წელს (გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე) მან დააარსა ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის განკუთვნილი საორკესტრო აკადემია გერმანიაში ერთ-ერთი წამყვანი, "შლეზვიგ-ჰოლშტაინის მუსიკალური ფესტივალის" ფარგლებში: [ქრისტიან კუნდის ხმა] "საორკესტრო აკადემია თავს უყრის ახალგაზრდა მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და შლეზვიგ-ჰოლშტაინის მუსიკალური ფესტივალის დროს, ანუ ყოველ წელს 7 კვირის განმავლობაში ჩვენი ფესტივალის ორკესტრის როლს ასრულებს. ასე, რომ შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფესტივალი მჭიდროდ უკავშირდება ლეონარდ ბერნსტაინის სახელს და ჩვენ, მისი სახელობის პრემიის შემოღებით, ამ დიდი ხელოვანისა და პიროვნების ხსოვნის პატივისცემა გვინდოდა", ამბობს ფესტივალის დირექციის წევრი ქრისტიან კუნდი. მისივე განმარტებით, ბერნსტაინის პრემია არ არის განკუთვნილი ჯერ კიდევ მუსიკალურ სასწავლებლებში მყოფი ახალგაზრდებისათვის. ჟიური, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი და ლეონარდ ბერნსტაინის ქალიშვილი, ჯეიმი ბერნსტაინ-ტომასი შედიან, არჩევს ახალგაზრდა შემსრულებელს, რომელსაც დამთავრებული აქვს კონსერვატორია და კონცერტებს მართავს, უკვე დაწყებული აქვს კარიერა.

შარშან, როცა ლეონარდ ბერნსტაინის სახელობის პრემია პირველად გაიცა, არჩევანი ჩინელ პიანისტზე, 20 წლის ლანგ ლანგზე შეაჩერეს. წელს კი ჯერი ელისაბედ ბათიაშვილზე მიდგა. როგორც ქრისტიან კუნდმა მითხრა, საბედნიეროდ, ბათიაშვილს მიანიჭეს პრემია: [ქრისტიან კუნდის ხმა] "ბედმა გაუღიმა მასაც და ჩვენც. ის არაჩვეულებრივი მევიოლინეა! და დარწმუნებულები ვართ, რომ დაიმსახურა ეს პრემია. ელისაბედ ბათიაშვილმა სახელი გაითქვა ჯერ კიდევ სიბელიუსის კონკურსში წარმატებით. მან მომდევნო წლებშიც დაგვარწმუნა, რომ საუცხოო მუსიკოსია. ის მთელს მსოფლიოში საუკეთესო ორკესტრებთან უკრავს და იმის გამო, რომ ბათიაშვილი მიუნხენსა და ჰამბურგში სწავლობდა, მას გერმანიაში კარგად იცნობენ".

რას ფიქრობს თვით ელისაბედ ბათიაშვილი ლეონარდ ბერნსტაინის სახელობის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით, ეს მისგან, სამწუხაროდ ვერ შევიტყეთ: ქართველ მევიოლინეს სამშაბათს ბერლინში კონცერტი ჰქონდა და მასთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. იმედი გვაქვს, მას მალე დავუკავშირდებით! როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ელისაბედ ბათიაშვილს ათიოდე დღეში, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მუსიკალური ფესტივალის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს გადასცემენ ლეონარდ ბერნსტაინის სახელობის პრემიას და ფულად ჯილდოს, 10 000 ევროს. ვულოცავთ ქართველ მუსიკოსს ამ წარმატებას! გადაცემას კი დავამთარებთ ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკით - ნაწყვეტით ცნობილი მიუზიკლიდან "უესტ საიდ სტორი"...
[მუსიკა]
XS
SM
MD
LG