Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იყიდა "რაოეს"-მა "ეი-ი-ეს" თელასი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო ერთი თვის მანძილზე რუსული კაპიტალის ინტერვენციამ საქართველოში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. გაზისა და ენერტეგიკის შემდეგ, რუსეთი ინტერესს კავშირგაბმულობის სფეროს მიმართაც იჩენს.

ასეთ განცხადებას აკეთებს საქართველოს ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლის, გიორგი ბარამიძის, განცხადებით, რუსული როსტელკომი, საქართველოს ტელეკომის აქციათა საკონტროლო პაკეტის შეძენის მიზნით, აქციების 30 პროცენტის მფლობელ ამერიკულ მეტრომედიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. კავშირგაბმულობის მინისტრის მერაბ ადეიშვილის განმარტებით, მისთვის არაფერია ცნობილი როსტელკომის საქართველოს კავშირგაბმულობით დაინტერესების შესახებ. ასეთივე განცხადებები კეთდებოდა "რაოეს"-ის თბილისში შემოსვლის წინ. გაგაცნობთ ინტერნეტგამოცემა "გაზეტას" პუბლიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინა "რაოეს"-მა თელასი.

20 აგვისტოს ინტერნეტგამოცემა "გაზეტა" აქვეყნებს ინტერვიუს "რაოეს რუსეთის" ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იური შაროვთან, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს სურს "ეი-ი-ეს" თელასის აქციების გამოსყიდვა. მისი თქმით, როცა ჩუბაისი თბილისში პარლამენტის ოპოზიციას ხვდებოდა, მას ჰკითხეს კიდეც - მზად თუ ხართ აქციების ნაწილის გაყიდვისთვისო, რაზეც ჩუბაისმა განაცხადა, რომ ყველაფერი მხოლოდ შემოთავაზებულ ფასზე იქნება დამოკიდებული. მაინც რას აპირებს "რაოესი" - აქციების გაყიდვას თუ საქართველოში მუშაობას? - ამ კითხვაზე იური შაროვი ამბობს:

" გამოსავალი ორი შეიძლება არსებობდეს - ან გავყიდოთ აქციები, ან ვიმუშაოთ. ყველაფერი გათვლებზეა დამოკიდებული. თუ დათვლებით დავადგენთ, რომ უფრო მომგებიანია აქციების გაყიდვა, - და თუ კარგი მყიდველი გამოჩნდა, - აქტივებს გავყიდით. თუ დაანგარიშებით დავადგენთ, რომ უფრო მომგებიანია მუშაობის გაგრძელება, გავაგრძელებთ კიდეც."

ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, "რაოესი" საქართველოდან წასვლას არ გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, შაროვის განცხადებით, ამერიკელებთან ხელშეკრულების გაფორმების წინ ჩატარებული გამოკვლევებით, რუსული ენერგოკომპანია საქართველოში მუშაობაზე უარის თქმას არ აპირებს. თუმცა, მისივე აღიარებით, ერთია დოკუმენტებში აღწერილი ვითარება და მეორე - კომპანიაში რეალურად შესვლის შემდეგ იმის დადგენა, სად და რა ინვესტიცია მოახდინეს ამერიკელებმა. მაგალითად, თუ უკვე დაახლოებით ცნობილია, რამდენ სასამართლო სარჩელზე მოუწევს "რაოესს" სასამართლო პროცესში მონაწილეობა, რა მდგომარეობაა შექმნილი კონკრეტულ სადგურებში - მხოლოდ ორი-სამი თვის შემდეგ გაირკვევა.
როდის დაიწყებს რუსული მხარე თელასის მართვას? - ამ კითხვას იური შაროვი ასე უპასუხებს:

ამერიკელებთან დადებული შეთანხმება საკმაოდ რთულია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ერთ-ერთი ეტაპია - შეთანხმებაზე განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკის თანხმობა.ამის შემდეგ აქციები "რაოესს" გადაეცემა. ჯერჯერობით ასეთი თანხმობა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ მართვა არ დაგვიწყია და, თუ რაიმე კრიზისი ხდება საქართველოს ენერგოსისტემაში, ზარალს ამერიკელები განიცდიან და არა - ჩვენ."
და მაინც, რატომ გადაწყვიტა "რაოეს"-მა საქართველოში შემოსვლა? იური შაროვის განმარტებით, თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი მხოლოდ დამატებითი ფაქტორია. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მოსახლეობა და საწარმოები დენის საფასურის კარგი გადამხდელები არ არიან, აქტივები მაინც მომგებიანია:

"თბილისში ყოფნისას ჩუბაისმა განაცხადა, რომ საჭიროა ზომების გამკაცრება არგადამხდელების მიმართ, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის. საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი იმდენად მაღალია, რომ მასში ჩადებულია კომპენსაცია ყოველგვარი დანაკარგების ასანაზღაურებლად. ამის შედეგად, ჩვენ მიერ შეძენილი აქტივები მომგებიანია. ამერიკელებმა ეს მოგება თავიანთ ანგარიშში უჩვენეს კიდეც. ჩვენმა კონსულტანტებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ეს, მართლაც, ასეა."

და კიდევ ერთი ცნობა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დენის საფასურის ამოღება პრობლემატურია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასურს 100 პროცენტით უხდიდა.
XS
SM
MD
LG