Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილავიამშენის" პროდუქცია დუბაის ავიასალონზე იქნება გამოფენილი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი "თბილავიამშენის" მიერ წარმოებული 5-ადგილიანი თვითმფრინავი "მევერიკი" წლის ბოლოს დუბაის პრესტიჟულ ავიასალონზე იქნება წარდგენილი, რაც ქართველი ავიამშენებლების მიღწევაა.

ეს ქარხანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა, ფაქტობრივად, იმ მცირერიცხოვან საწარმოთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული პროდუქციის წარმოება შეუძლიათ, თანაც ეს პროდუქცია მაღალტექნოლოგიურია და მასზე მოთხოვნაც სერიოზულია.

საბჭოთა პერიოდის ქართული ინდუსტრიული პოტენციალის დიდი ნაწილი დღეს გაპარტახებულია და ამ ინდუსტრიული გიგანტებიდან მხოლოდ ჯართის გროვაა დარჩენილი, თუმცა არის ბედნიერი გამონაკლისები, რომლებმაც შეძლეს მინიმალური სიმძლავრეების შენარჩუნება და მეტ-ნაკლებად კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება.

ამ საწარმოთა რიგს მიეკუთვნება სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენი", რომლის მიერ გამოშვებული 5 ადგილიანი თვითმფრინავი "მევერიკი" წლის ბოლოს, დეკემბერში, პირველად იქნება წარდგენილი დუბაის პრესტიჟულ ავიასალონზე.

"თბილავიამშენი" "მევერიკს" აშშ-თან ერთად აწარმოებს. თავად დუბაის ავიასალონი კი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც თავისი პრესტიჟულობით ცნობილ ლე-ბურჟესა და ფარნბორნის ავიასალონებს არ ჩამოუვარდება.

"თბილავიამშენის" გენერალური დირექტორის მოადგილის ზურაბ ცესკურიას განცხადებით, დუბაის გამოფენაზე პროდუქციის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს ბაზარი მეტად მომხიბლავია. ალბათ, ამის გამო მისცა უპირატესობა "თბილავიამშენმა" დუბაის ავიასალონს და გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიიღოს მოსკოვის ავიაგამოფენაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება.

თბილისის ავიამშენებელი ქარხანა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს, აშენდა. საბჭოთა პერიოდში საავიაციო ქარხნის ძირითად პროდუქციას მოიერიშე თვითვმფრინავები და ფრთოსანი რაკეტები წარმოადგენდა, რომლებიც, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების გარდა, მიეწოდებოდა ეგვიპტეს, სირიას, ალჟირს, ვიეტნამს, ინდოეთსა და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებს.

რამდენიმე წლის წინ "თბილავიამშენმა" ისრაელის კომპანია "ელბიტთან" ერთად მოახდინა საკუთარი წარმოების თვითმფრინავების სუ-25-ის მოდერნიზება და საავიაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა. ქართული წარმოების სუ-25-ზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მისი ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში ხდება.

დუბაის ავიასალონზე მონაწილეობის მიღებით თბილისის საავიაციო ქარხნის პროდუქციას, გასაღების ახალი ბაზრების მოპოვების გარდა, შეეძლება საკუთარი თვითმფრინავების რეკლამირება და შეკვეთების მიღება.
თავად ის ფაქტი, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას პრესტიჟულ ავიასალონში, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი საექსპორტო პოტენციალის ჩვენება, თანაც ისეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში, როგორიც ავიაციაა, შემოსავლებთან ერთად, ქვეყნის პრესტიჟზეც პოზიტიურად მოქმედებს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ მსგავსი კონკურენტული პროდუქცია, რომელიც ცნობილ გამოფენებში იქნება წარდგენილი, საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია.
XS
SM
MD
LG