Accessibility links

''პრაღის გაზაფხულის'' 35-ე წელი


35 წლის წინ, 1968 წლის 20 აგვისტოს, ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ხუთი სახელმწიფოს ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ და ძალით ჩაახშვეს კომუნისტურ ევროპაში იმ დროის ყველაზე გაბედული რეფორმატორული წამოწყება,

ისტორიაში "პრაღის გაზაფხულის" სახელწოდებით შესული. გაგაცნობთ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტ მარკ ბეიკერის სპეციალურ რეპორტაჟს,რომელიც მან 35 წლის წინანდელი მღელვარე დღეების გახსენებას მიუძღვნა.

35 წლის წინ, 21 აგვისტოს, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შესახებ რადიო "თავისუფლება" მიუნხენიდან ასეთი შინაარსის ინფორმაციას გადასცემდა:

[რადიოს დიქტორი ჩეხურად] "გუშინ, 1968 წლის 20 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე, საბჭოთა კავშირის, პოლონეთის, აღმოსავლეთ გერმანიის, უნგრეთისა და ბულგარეთის არმიებმა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის საზღვრები გადმოლახეს. ეს ყველაფერი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ალექსანდრ დუბჩეკის დაუკითხავად მოხდა."


ამ ინტერვენციამ წერტილი დაუსვა ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ინტენსიურ რეფორმათა კურსს, რომელიც ერთი წლით ადრე ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის სათავეში ალექსანდრ დუბჩეკის მოსვლას მოჰყვა. ამ რეფორმის ცენტრალურ მიმართულებას შეადგენდა იმავე წლის აპრილის თვეში მიღებული სამოქმედო პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ცენზურის შერბილებას და აზრის თავისუფლად გამოხატვას ითვალისწინებდა. შემდგომ ამას მოჰყვა მწვავე დისკუსია და გავლენიანი სტატია, სახელწოდებით "2000 სიტყვა", რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა კომუნისტური პარტიის წარმმართველ როლს, რამაც იმდროინდელი საბჭოთა ლიდერის ლეონიდ ბრეჟნევის მოთმინების ფიალა აავსო.
შესაბამისად, ვარშავის ბლოკის ჯარების გამოჩენა ჩეხოსლოვაკიის საზღვრებთან პირველ გაფრთხილებას წააგავდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიის კომპარტიის ლიდერმა ალექსნადრ დუბჩეკმა ყურად არ იღო ეს გაფრთხილება, 17 აგვისტოს ჯარებმა შეჭრის ბრძანება მიიღეს.
ვარშავის ბლოკის ჯარები პრაღის ცენტრში დილიდანვე შეიჭრნენ და პირველი ობიექტი, რომელიც დაიკავეს, ჩეხოსლოვაკიის რადიოს შენობა იყო ვაცლავის მოედანზე. თუმცა ჟურნალისტები იატაკქვეშა რადიოსადგურებით მაინც ახერხებდნენ ინფორმაციის გავრცელებას. აი, როგორ აღწერდა ოკუპაციას ჟურნალისტი სლავა ვოლნი:
[სლავა ვოლნის ხმა] "ვაცლავის მოედანზე სროლები დილის 12-ის ნახევრიდან ისმის. ხალხი მახლობელი ქუჩებისკენ გარბის. ქუჩის ზემოდან კი ტანკი გამოჩნდა. მასზე მჯდომი ჯარისკაცი ტყვიამფრქვევიდან ისვრის."

იმავე დღეს ალექსანდრ დუბჩეკი და მისი მიმდევარი რეფორმატორები დააპატიმრეს და დასაკითხავად სასწრაფოდ მოსკოვში ჩაიყვანეს. მოგვიანებით კი დუბჩეკი უფრო დამყოლი გუსტავ ჰუსაკით შეცვალეს. მომდევნო თვეების განმავლობაში ჩატარებული წმენდების გამო, ათასობით მოხელე ჩამოაშორეს სახელმწიფო სამსახურს, ათეული ათასობით ჩეხი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ქვეყნის საზღვრები.
ხოლო პოლიტიკური ზამთარი, რომელიც პრაღის გაზაფხულს მოჰყვა, 20 წელიწადს გაგრძელდა.

მაგრამ ისტორიკოსთა ერთსულოვანი შეფასებით, სწორედ ჩეხოსლოვაკიის მოვლენებმა ჩაუყარეს საფუძველი მძლავრ ანტისაბჭოთა მოძრაობას, რაც 20 წლის შემდეგ იმავე ჩეხოსლოვაკიაში "ხავერდოვანი რევოლუციითა" და კომუნისტური ხელისუფლების შეცვლით დასრულდა. ხოლო დუბჩეკის რეფორმების ერთგვარ გამოძახილს წარმოადგენდა გორბაჩოვისეული "პერესტროიკა", რომელმაც დააჩქარა საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესი.
XS
SM
MD
LG