Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აგებს პასუხს შეუსრულებელ ბიუჯეტზე


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში ბიუჯეტის შეუსრულებლობამ წლების მანძილზე ქრონიკული ხასიათი მიიღო. ასევე წლების მანძილზე საპარლამენტო ოპოზიცია აყენებს ბიუჯეტის შეუსრულებლობისთვის კონკრეტული პირების

პასუხისმგებლობის საკითს, თუმცა დღემდე ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზით არც ერთ მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია. ამჯერადაც საპარლამენტო ოპოზიცია, ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის განხილვის პარალელურად, მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. შეგახსენებთ პარლამენტისა და მთავრობის არცთუ მარტივი დამოკიდებულების რამდენიმე ფაქტს.

საქართველოს უახლეს ისტორიაში მთელი მთავრობა ორჯერ გადადგა. პირველად - 1998 წლის ზაფხულში, როცა მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის ნიკო ლეკიშვილის მაგალითი მთავრობის ყველა წევრმა გაიმეორა. მეორედ - 2001 წლის ნოემბერში, როცა, მორიგი სახელისუფლებო კრიზისის ფონზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძის გადაყენების შესახებ საკმაოდ ორიგინალურად დააკმაყოფილა და მთელი მთავრობა დაითხოვა.
მთლიანობაში, პარლამენტი თითქმის ყოველთვის კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავდა ბიუჯეტის პროექტის მიმართ. 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებისას, 2002 წლის იანვრის ბოლოს, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარის აკაკი ასათიანის შედარება, ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს კანონმდებელთა დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის ფენომენის მიმართ:
[ აკაკი ასათიანის ხმა] " ჩვენს ქვეყანაში ისეთი ბიუჯეტები იყო, რომ გავდა ნატვრის ხეს, რომელსაც ადამიანები ფერად-ფერად ბაფთებს აბამენ. ეს მათი ოცნებებია."
იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს შეფასება რეალობიდან შორს არ არის, ისევ და ისევ 2002 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პერიოდს შეგახსენებთ. მაშინ პრეზიდენტი პარლამენტს ბიუჯეტის სასწრაფოდ მიღებას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ვერ დახარჯავდა წინა წლის ბიუჯეტის პარამეტრების ზევით შემოსულ თანხებს:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ბიუჯეტის მიუღებლობა ხელს შეუშლის იანვარში დაგეგმილი დამატებით შემოსული თანხების განაწილებას - პირველ რიგში, პენსიონერებსა და ლტოლვილებზე. დრო ძალიან საშურია და მეორე წაკითხვა და მესამე წაკითხვა შემჭიდროებულ ვადაში უნდა მოხდეს."
პარლამენტარები დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას. პარლამენტართა განცხადებებით, მთავრობამ ყურად არ იღო პარლამენტართა შენიშვნები. 2002 წლის იანვარში უკვე ოპოზიციაში მყოფი ზურაბ ჟვანია აცხადებდა:
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] " არის თუ არა ფინანსთა მინისტრის და საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა საბიუჯეტო პროცედურებთან დაკავშირებით ის, რომ მოახდინოს პროვოცირება, რათა პარლამენტმა არავითარ შემთხვევაში ხმა არ მისცეს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს?"
პარლამენტმა მაშინ ბიუჯეტი მაინც მიიღო - ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ მაინც ვერ შეასრულა: პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, 2002 წლის ბიუჯეტს 120 მილიონი ლარი დააკლდა. პარლამენტმა მთავრობის მუშაობა "არასაკმარისად" შეაფასა.
2003 წლის ბიუჯეტის შესრულების შეფასება უკვე ახალ პარლამენტს მოუწევს.
XS
SM
MD
LG