Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის საკითხზე ახალი


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც სამშაბათს ტერორისტული აქტი იქნა განხორციელებული გაეროს წარმომადგენლობაზე ბაღდადში,

რამაც სულ ცოტა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ასზე მეტი დაიჭრა, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღების შესაძლებლობას იხილავენ, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, დაუჭერს თუ არა საბჭოს ყველა წევრი ერაყში გაეროს მანდატის გაფართოების წინადადებას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო წარუდგენს განსახილველად უშიშროების საბჭოს.


ოთხშაბათს ღამით გამართულ საგანგებო სხდომაზე უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც მძაფრადაა დაგმობილი გაეროს წარმომადგენლობაზე ბაღდადში 19 აგვისტოს განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმა".

მაგრამ გაურკვეველია, დაიკავებს თუ არა უშიშროების საბჭო ერთიან პოზიციას ახალი რეზოლუციის საკითხში, რომელმაც მწვანე შუქი უნდა მისცეს შეერთებული შტატების თაოსნობით ერაყში შექმნილ კოალიციაში უფრო მრავალეროვან მონაწილეობას.

შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ, ოთხშაბათს ღამით გამართულ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა [ჯონ ნეგროპონტეს ხმა]: "ვფიქრობ აზრთა ინტენსიური გაცვლა მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება იმ არაერთ გამოწვევასთან დაკავშირებით, რასაც ერაყში დავუპირისპირდით, და ერთ-ერთი შესაძლებლობა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში რომაა ახლა მოქცეული, უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის მიღებას გულისხმობს. თუმცა ჩვენ რაიმე კონკრეტული წინადადება ამჟამად არ გაგვაჩნია".

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ოთხშაბათს დაბრუნდა შვეციიდან ნიუ-იორკში. უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ანანმა ერაყში უშიშროების განმტკიცების აუცილებლობაზე ილაპარაკა [კოფი ანანის ხმა]: "ყოველ ჩვენგანს კარგად მოეხსენება, რომ უშიშროების უზრუნველყოფა პრობლემას წარმოადგენს ერაყში, და ვიცი, რომ ძალისხმევაა მიმართული ამ საკითხის მოსაგვარებლად. ვიმედოვნებ, რომ ამას სულ მალე წარმატება მოჰყვება, ვინაიდან უშიშროების გარეშე შეუძლებელი გახდება ერაყში იმ მიზნების მიღწევა, საერთაშორისო თანამეგობრობას რომა აქვს დასახული".

მაგრამ თუ არსებითად არ გაფართოვდა ერაყში გაეროს როლი, ნაკლებადაა მოსალოდნელი არაბულმა და მუსულმანურმა ქვეყნებმა პოლიციის ან ჯარის ნაწილები გააგზავნონ კოალიციის გასაძლიერებლად ერაყში.

სირიის წარმომადგენელმა გაეროში ფაიზალ მექდადმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილ კოალიციას არ უნდა ჰქონდეს არაბული ქვეყნებისაგან სამხედრო დახმარების იმედი [ფაიზალ მექდადის ხმა]: "ესაა რთული საკითხი, მაგრამ სირიის, ან რომელიმე სხვა არაბული ქვეყნის ჯარი ოკუპირებულ ერაყში არ გაიგზავნება" - დასძინა ფაიზალ მექდადიმ.

ერაყის საკითხზე უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის მიღების შესაძლებლობაზე იმსჯელეს ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა მდივნმა კოფი ანანმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა.
XS
SM
MD
LG