Accessibility links

logo-print

ბაღდადში გაეროს ოფისის აფეთქება აშშ პრეზიდენტს მძიმე არჩევნის წინაშე აყენებს


ბევრს ჰგონია, რომ გაეროს ოფისზე განხორციელებული ტერაქტი შეერთებული შტატების პრეზიდენტს აიძულებს მიიღოს გადაწყვეტილება ერაყში მოქმედების ტაქტიკის ამა თუ იმ

მიმართულებით შეცვლის თაობაზე. ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა ყურადღება მახვილდება ერაყში მომავალი თანამშრომლობის თაობაზე შეერთებული შტატებისა და გაეროს ურთიერთობათა გარკვევაზე. მთავარ საკითხად რჩება - დათმობს თუ არა ვაშინგტონი მარტოხელა მოთამაშის როლს და ჩათვლის თუ არა თავს ვალდებულად წავიდეს გაეროს არაერთი წევრის, მათ შორის ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და რუსეთის მოთხოვნაზე - ერაყში აღდგენაში გადამწყვეტი როლის გაეროსთვის მინიჭების თაობაზე.

შეერთებული შტატები არ უარყოფს, რომ ერაყში ვითარების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო დახმარება სჭირდება, მაგრამ ჯიუტად არ თმობს ერაყში პატრონის როლს. ცნობისათვის, ერაყში ყოფნა შეერთებულ შტატებს თვეში 4 მილიარდი დოლარი უჯდება. ბევრი სახელმწიფო, რომელიც ერაყში საომარ მოქმედებებს გმობდა, დღეს მზად არის ერაყის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ გაეროს ეგიდით. 19 აგვისტოს ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როცა გაეროს ოფისი ერაყში სრულიად დაუცველი აღმოჩნდა, შეერთებული შტატების პოზიცია ბევრმა შესუსტებულად ჩათვალა. მეორენი მომხდარს თავად გაეროს გაუფრთხილებლობას აბრალებენ, რადგან მან არ ჩათვალა აუცილებლად ბაღდადის იმ რაიონში დარჩენილიყო, რომელსაც კოალიციის ჯარები მეტად აკონტროლებდნენ იმ მოტივით, რომ ერაყელებს გაეროს მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ, ვიდრე კოალიციის ჯარების მიმართ და გაეროს არავინ დაესხმებოდა თავს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიმომხილველები ერაყში ვაშინგტონის პოლიტიკის შეცვლის სამ ძირითად ვერსიას განიხილავენ: პირველი - შეერთებული შტატების მთავრობა სძლევს სიამაყეს და სთხოვს გაეროს შეასრულოს ცენტრალური როლი ერაყის სტაბილიზაციასა და აღმშენებლობაში; მეორე - ბუშის ადმინისტრაცია კიდევ უფრო მეტი მონდომებით წარმოაჩენს საკუთარ მნიშვნელოვანებას და დამატებით ძალებს შეიყვანს ერაყში და მესამე - ვაშინგტონი შეეცდება ერაყში სტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა მეტად გადააბაროს თავად ერაყელებს. ამ სამივე ვერსიას ჰყავს სერიოზული ოპონენტები, საფუძვლიანი არგუმენტებით. შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი გენერალი უილიამ ნეში ამბობს:

[ნეშის ხმა]
"სამშაბათის შემთხვევის მიუხედავად, რომელმაც უდიდესი სირთულეების წინაშე დაგვაყენა, მე ნაკლებად ვხედავ ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან ერაყში ოპერაციის ინტერნაციონალიზაციისაკენ ლტოლვის ენთუზიაზმს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც, ჩემი აზრით, ეს უნდა არსებობდეს".

რაც შეეხება მეორე ვერსიას - დამატებითი სამხედროების შეყვანას, ამას ეწინააღმდეგება თავად შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი. მას მიაჩნია, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს ერაყის საკუთარი უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე. რასმსფელდი ამბობს:

[რამსფელდის ხმა]
"უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული იქ, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ შეუძლებელია უსაფრთხოების დაცვა ყოველ ქუჩასა და კალიფორნიის ზომის ქვეყნის ყველა ადგილას. ამას დასჭირდება პოლიტიკური პროცესი, ეკონომიკური წარმატება და პროგრესი ისევე, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაზრდილი შესაძლებლობები, რაზეც თავიდანვე ვამბობდით".

თავდაცვის მინისტრის ეს კომენტარი გამოხატავს პოზიციას მესამე ვერსიის - ერაყში სტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობის ერაყელებისთვის გადაბარების საკითხის მიმართაც. ამ ვერსიის მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ერაყელების ჩართვა საკუთარ ქვეყანაში სტაბილიზაციის დაცვაში მეტ ქაოსს გამოიწვევს, რადგან ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ერაყელებისგან შექმნილ უშიშროების ძალებს ერაყის მოსახლეობა სამართლებრივად ვერ აღიქვამს და ეს კიდევ უფრო გააღვივებს შიდა დაპირისპირებას.
XS
SM
MD
LG