Accessibility links

იმერეთის გუბერნატორი ქურდების წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 21 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ იმერეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა იუსტიციის სამინისტროს იმ პიროვნებათა 20-კაციანი სია გადასცა,

რომელთაც, სავარაუდოდ, ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. სიაში შეტანილი არიან ე.წ. "კანონიერი ქურდები", რომელთაც რწმუნებული შაშიაშვილი, მათი ძალმოსილებისა და სახელმწიფო მმართველობაზე გავლენის გამო, ქართული სინამდვილის ტრაგედიას უწოდებს. იუსტიციის სამინისტრომ უნდა განიხილოს სიაში მოხსენებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. რწმუნებულის თქმით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო აპირებს იმსჯელოს კრიმინალური ავტორიტეტების სახელმწიფო მმართველობაში ჩარევის პრობლემაზე. საკითხავია: როგორ შეიძლება ადამიანს ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა და ვინ შეიძლება იყოს იმერეთის გუბერნატორის სამიზნე?

ე.წ. კანონიერი ქურდების პრობლემას რწმუნებული შაშიაშვილი პერიოდულად წამოსწევს ხოლმე. ამჯერად საკითხი გაამწვავა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ზაზა ძნელაძემ, ხოლო თემურ შაშიაშვილმა მხოლოდ აიტაცა ის. რწმუნებული ირწმუნება, რომ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები" ფულს არ იშურებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისათვის. შაშიაშვილი ამ დროს კონკრეტული არ არის, მაგრამ ყველამ იცის, რომ რწმუნებული უწინარესად გულისხმობს წარმოშობით ქუთაისელს, ესპანეთში მცხოვრებ ტარიელ ონიანს და პიროვნებებს, მისი შეწევნით რომ ცდილობენ პოლიტიკურ ასპარეზზე დამკვიდრებას. ასეთია ბონდო შალიკიანი, რომელიც ტყიბულის მაჟორიტარობას აპირებს. ჩემს ხელთ არსებული ცნობით, ტარიელ ონიანის ჩაურევლად არ მომხდარა ვალერი გელბახიანის შეყვანა საქართველოს იუსტიციის საბჭოში. ტარიელ ონიანმა შეუწყო ხელი ქუთაისის მერად ნუგზარ ფალიანის არჩევას. თავად ონიანს რამდენიმე წლის წინათ საფრანგეთში ასამართლებდნენ, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს.

რაც შეეხება ადგილობრივ ქურდებსა და მათ გავლენას იმერეთის რეგიონში, ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი ფრიდონ კერვალიშვილი, ამბობს, რომ ქურდები ქუთაისში ბევრ დარგს აკონტროლებენ, მათ შორის, ტრანსპორტს.

[კერვალიშვილის ხმა]: "ქუთაისში არსებობს შიდასაქალაქო სამარშრუტო ხაზები, მოძრაობენ მიკროავტობუსები, ე.წ. "მარშუტკები". აქ გარედან მოსული კაცი თავის ავტობუსს ვერ ჩასვამს, იმ ხაზის მაყურებელ ქურდთან თუ არ ჩააწყო საქმე, ანაც მისი ნათესავი უნდა იყოს. ეს ცალსახაა. ამასთან კამათს ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე ვერ გაბედავს".

ფრიდონ კერვალიშვილის თქმით, ქურდების გარეშე ნაყინი არ იყიდება ქალაქის ქუჩებში.

რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევას: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზაზა მეიშვილმა განმიმარტა, რომ ერთ-ერთი საფუძველი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად არის ამ პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ერთი რამ რჩება გაურკვეველი: კარგი, ვთქვათ, შეუწყვიტეს 20-მდე ქურდს საქართველოს მოქალაქეობა; დაკარგავენ ამით თავიანთ გავლენას?
XS
SM
MD
LG