Accessibility links

logo-print

რა ძალები გაერთიანდა ახალ პოლიტიკურ ბლოკში "ბურჯანაძე - დემოკრატები"


"ბურჯანაძე - დემოკრატები" - ასე ეწოდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ჯგუფისა და "გაერთიანებული დემოკრატების" პარტიის ახალ პოლიტიკურ ბლოკს.

21 აგვისტოს სასტუმრო მეტეხში გაიმართა "ბურჯანაძე - დემოკრატების" პრეზენტაცია, რომელზეც ნინო ბურჯანაძემ, თავის საპროგრამო თეზისებთან ერთად, ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობაც დაასახელა. რა ძალები გაერთიანდა ბურჯანაძის პოლიტიკურ ბლოკში?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მცდელობა დიდი ოპოზიციური გაერთიანება შეექმნა ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად რჩება. ბურჯანაძე მხოლოდ თავის ყოფილ თანაპარტიელთა და ნაკლებად პოპულარულ პოლიტიკოსთა შემოერთებას თუ ახერხებს, თუმცა ამ პროცესშიც უამრავი ხელშემშლელი ბარიერია აღმართული.

ამ ბარიერის შესახებ ბურჯანაძის ყოფილმა თანაპარტიელმა, ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ გამოაცხადა. სააკაშვილს ბურჯანაძის გვერდით დავით სალარიძისა და კიდევ რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატის ყოფნა აღიზიანებს. მან ბურჯანაძეს ამ ხალხზე უარის თქმა და ნაციონალურ მოძრაობაში პიროვნულად გაწევრიანება შესთავაზა. მაგრამ ეს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკურ ამბიციებს არ აკმაყოფილებს, რადგან ნინო ბურჯანაძისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მინიმუმ, თანაბარწონადი პარტნიორის სტატუსით გაერთიანებაა მისაღები. სწორედ პოლიტიკური ძალის ილუზიის შესაქმნელად დაუკავშირდა იგი დავით სალარიძეს და მის გუნდს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დავით სალარიძე არც ზურაბ ჟვანიას გაერთიანებული დემოკრატებისთვის იყო მისაღები, თუმცა, როგორც ჩანს, 21 აგვისტომდე ეს წინააღმდეგობები მეტ-ნაკლებად დაძლეული იქნა. მიუხედავად ამისა, დავით სალარიძე თავს მაინც უცხოდ გრძნობდა "ბურჯანაძე - დემოკრატების" ბლოკის პრეზენტაციისას. მაშინ, როდესაც ნინო ბურჯანაძე სხვადასხვა სფეროში თავის პოლიტიკურ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ჩრდილოვან კაბინეტს ასახელებდა, სალარიძე დარბაზში არ იმყოფებოდა, ხოლო როდესაც გამოჩნდა, ტრიბუნასთან მივიდა და აი, რა განაცხადა.

[სალარიძის ხმა] "ჩემთვის ეს გაერთიანება იმდენად ახლობელია, იმდენად ძვირფასია, იმდენად მინდა, რომ წარმატებული იყოს, თუკი სალარიძე უშლის ამ საქმეს ხელს, მე მზად ვარ დღესვე ამ ბლოკიდან წავიდე, ოღონდ ის სააკაშვილი მოვიდეს, ამ ბლოკში შევიდეს და იმუშაოს მათთან. თუკი ის მიიღებს, თუკი იმ პრინციპებზე იქნება და... მე ამისთვის მზად ვარ. მთავარია, მათ გაარკვიონ ერთმანეთთან ურთიერთობა."

თუმცა სალარიძემ კარგად იცის, რომ მას ბურჯანაძე ვერ დათმობს, რადგან ერთგული დასაყრდენი გუნდის გარეშე იგი ყოფილი თანაპარტიელების გავლენის ქვეშ მოექცევა. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე სააკაშვილის სანაცვლოდ სალარიძის დათმობის შესახებ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხებს.

[ბურჯანაძის ხმა] "თქვენ ვერ იპოვით პრაქტიკულად ვერც ერთ პოლიტიკოსს, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკოსი გარკვეულ ნაკლს არ მოუძებნის. ყველა ადამიანს აქვს თავისი ნაკლი, ყველა ადამიანს აქვს თავისი დადებითი თვისებები. მთავარია, რომ დადებითი თვისებები იყოს მეტი, ვიდრე უარყიფითი. გარწმუნებთ, რომ ახლა არ არის კინკლაობის დრო, ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩვენ-ჩვენი პოტენციალი გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ."

"ბურჯანაძე - დემოკრატები" წინასაარჩევნო კამპანიას 22 აგვისტოს ზუგდიდიდან იწყებს და თუ როგორ აპირებენ მისი წევრები საკუთარი პოტენციალის გამოყენებას, ამას საზოგადოებას, წინასაარჩევნო პროგრამის სახით, 20 სექტემბრისთვის წარუდგენენ.
XS
SM
MD
LG