Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის მიღებას აპირებს


ანდრო ეული, პრაღა შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკება დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან ახალი რეზოლუციის შესახებ,

რომელიც ერაყში უშიშროების განმტკიცების მიზანს მოემსახურება. საბჭოს არაერთმა წევრმა მიანიშნა, რომ ერაყში გაეროს როლის გაფართოებას უჭერს მხარს. თუმცა შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს, როგორც ჩანს, არ აწყობთ გაეროს გადააბარონ ერაყში დროებითი ადმინისტრაციის სადავეები.


ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს გაეროს უშიშროების საბჭოში ერაყის საკითხზე, რაც გაეროს წარმომადგენლობაზე ბაღდადში 19 აგვისტოს განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმამ გამოიწვია.

უშიშროების საბჭოს 15 წევრი-ქვეყნის წარმომადგენლებმა უნდა მოამზადონ ახალი რეზოლუციის პროექტი, რომლითაც გადაუდებელი ზომების მიღება იქნება გათვალისწინებული ერაყში უშიშროების განსამტკიცებლად. საბჭოს წევრებმა დაგმეს სამშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტი ბაღდადში და კვლავ განაცხადეს, რომ აუცილებლად მიაჩნიათ ერაყის აღდგენით პროცესში გაეროს მონაწილეობა.

მაგრამ აშკარა უთანხმოებასა აქვს ადგილი ერთის მხრივ შეერთებულ შტატებსა და მის კოალიციურ პარტნიორ ბრიტანეთსა და მეორეს მხრივ უშიშროების საბჭოს დანარჩენ წევრებს შორის იმის თაობაზე, თუ რამდენად უნდა გაფართოვდეს ერაყში გაეროს როლი.

აშშ-ისა და ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალ რეზოლუციაში ხაზგასმით უნდა იქნეს აღნიშნული ერაყის აღდგენასა და უშიშროების განმტკიცების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა. მათივე თქმით, ერაყში განთავსებული ნებისმიერი სამხედრო შენაერთი შეერთებული შტატების სარდლობას უნდა დაექვემდებაროს.

მაგრამ, ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ აუცილებლად მიიჩნია ერაყში გაეროს როლის გაფართოება. საფრანგეთმა და ინდოეთმა განაცხადეს, რომ არ გააგზავნიან ჯარს ერაყის მრავალეროვან სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, თუ გაეროს მანდატი ერაყში არ გაფართოვდა.

გაეროში პაკისტანის მუდმივმა წარმომადგენელმა მუნირ აქრამ თავის გამოსვლაში გაეროს როლის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი [მუნირ აქრამის ხმა]: "ჩვენის ღრმა რწმენით, გაერომ უფრო ფართო როლი უნდა იკისროს ერაყში, რათა ლეგიტიმურობა მიეცეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რაც ერაყში ვითარების სტაბილიზაციისა და პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად".

გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის ფოლფგანგ ტრაუტვაინის თქმით, რაც უფრო გაფართოვდება ერაყში გაეროს როლი, მით უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება ერაყში მრავალეროვან კოალიციას.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ გაერო გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ერაყის ეკონომიკურსა და პოლიტიკურ აღმშენებლობაში, და თან დასძინა, რომ კოალიციას ევალება ერაყში უშიშროების უზრუნველყოფა. ანანს მიაჩნია, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა ერაყში სტაბილური ვითარების დასამყარებლად [კოფი ანანის ხმა]: "დესტაბილიზებული, ქაოსში ჩაფლული ერაყი არც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის, და არც მსოფლიოს ინტერესებშია, და ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში სტაბილურობა".

პარასკევს კოფი ანანმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროსთან გამართა ნიუ-იორკში მოლაპარაკება. მხარეებმა ერაყში უშიშროების განმტკიცების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG