Accessibility links

logo-print

"ამნესტი ინტერნეშენალის" უჩვეულო აქცია რუსეთში ადამიანის უფლებების პრობლემაზე ყურადღების გასამახვილებლად


ამ რამდენიმე დღის წინ პრაღის ქუჩებში გამოჩნდა ცისფერი ავტობუსი სხვადასხვა ენაზე, მათ შორის რუსულად გაკეთებული წარწერებით, რომლებიც გვამცნობს, რომ ავტობუსი ადამიანის უფლებათა დამცველ

ორგანიზაცია "ემნესტი ინტერნეშენალს" ეკუთვნის. მასში ორგანიზაციის შვეიცარიელი აქტივისტები სხედან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გავლით მიემგზავრებიან მოსკოვისაკენ, რომელსაც უკავშირდება კიდეც ავტობუსში მყოფთა მისია: ყურადღების გამახვილება რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემაზე.

"ემნესტი ინტერნეშენალს" 2003 წელი რუსეთის წლად აქვს გამოცხადებული - ეს ნიშნავს, რომ მისი ყურადღების ცენტრში დგას ადამიანის უფლებათა ხელყოფა რუსეთში, რომ ამ თემაზე მზადდება საანგარიშო მოხსენებები, გროვდება ხელმოწერები პეტიციებზე.

ცისფერი ავტობუსი კი სიახლე გახლავთ, რომელიც "ემნესტის" შვეიცარიის განყოფილებამ შემოიღო: გასულ თვეში გერჰარდ ვიზერ-ტუტმა, მისმა მეუღლე აგნესმა და "ემნესტის" კიდევ ორმა თანამშრომელმა თავი მოუყარეს ფოტომასალას, პეტიციებსა და საინფორმაციო ბროშურებს და ბერნიდან დაიწყეს ასდღიანი მოგზაურობა მოსკოვისაკენ. მათ უკვე გამოიარეს ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია, უნგრეთი და სლოვაკეთი და ახლა, როგორც უკვე ითქვა, პრაღაში იმყოფებიან. ქრისტა დოლდის ხმა "ეს პროექტი მიეკუთვნება რუსეთის შესახებ მსოფლიო კამპანიას, რომელიც "ემნესტი ინტერნეიშენალმა" შარშან ნოემბერში წამოიწყო. ავტობუსს ვიყენებთ კამპანიის იარაღად, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ორგანიზაციის აღმოსავლეთევროპული განყოფილებები - ისინი დიდი ხანი არ არის, არსებობენ, აკლიათ ფინანსური და საკადრო რესურსები. ასე, რომ აღმოსავლეთი ევროპის გავლით მივემგზავრებით რუსეთში, რათა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევას და საერთოდ, ადამიანის უფლებათა კონცეფციას", ასე განმარტავს ავტობუსში მყოფთა მიზანს მოგზაურობის ორგანიზატორი ქრისტა დოლდი, რომელსაც ჩვენი კოლეგა ჯერემი ბრანსტენი გამოელაპარაკა.

რუსეთში ადამიანის უფლებებზე საუბრისას, ბუნებრივია ჩეჩნეთის თემასაც შეეხებოდნენ: ქრისტა დოლდის ხმა "ერთ-ერთი მთავარი საკითხია კონფლიქტი ჩეჩნეთში. იქ ადამიანები ყოველ დღე უგზო-უკვლოდ იკარგებიან. მათ ქუჩაში აპატიმრებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ ოჯახის წევრებს არაფერს ატყობინებენ. ზოჯერ თვეების შემდეგ გაირკვევა ხოლმე, რომ დაპატიმრებული სასამართლო პროცესის გარეშე იქნა მოკლული. ზოგჯერ მათ ოჯახებს არაფერს ეუბნებიან ამის შესახებ".

"ემნესტი ინტერნეშენალის" ცისფერ ავტობუსში გამოფენილ სტენდებზე წაიკითხავთ ინფორმაციასაც, რომელიც ეხება რუსი სამართალდამცველების სისასტიკეს, დაკავებულთა წამებას სხვა, მშვიდობიან რეგიონებში, და ლაპარაკია კიდევ ერთ, ქართველი მსმენელისათვის, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესო თემაზე: ქრისტა დოლდის ხმა "კიდევ ერთი თემა, რომელზეც ვმუშაობთ, განსაკუთრებით ამ, ავტობუსის პროექტის ფარგლებში, არის რუსეთის ფედერაციის ეთნიკური უმცირესობები. ისინი სისტემატურად განიცდიან დისკრიმინაციას. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ერთ ეთნიკურ უმცირესობაზე, რომლის უფლებებსაც ხელყოფენ - საქმე ეხება მესხებს".

დიახ, "ემნესტი ინტერნეშენალის" აქტივისტი გულისხმობს მაჰმადიან მესხებს, ე.წ. "თურქ მესხებს", რომელთა წინაპრები მეორე მსოფლიო ომის დროს გადაასახლეს საქართველოდან შუა აზიაში. მაგრამ მაჰმადიან მესხებს იქიდან აყრაც მოუხდათ 1989 წელს სისხლიანი დარბევების გამო და დღეს მათი უდიდესი ნაწილი სამხრეთ რუსეთში იმყოფება. საქართველომ, როგორც ცნობილია, 1999 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას ივალდებულა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია, თუმცა, როდის, ან როგორ შეასრულებს ამ დანაპირებს, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება რუსეთს, იქ მაჰმადიან მესხებს უარს ეუბნებიან რეგისტრაციაზე, რუსეთის მოქალაქეობაზე, რის გამოც წელს ოქტომბერში, როცა საბჭოთა პასპორტებს ვადა გაუვა, ამ ადამიანების უმეტესობა საერთოდ მოქალაქეობის გარეშე დარჩება.

მაგრამ ამნესტი ინტერნეშენალი იმედს არ კარგავს, რომ ასე არ მოხდება: ის რუსეთის პასპორტის იმიტაციით შექმნილ სიმბოლურ დოკუმენტებზე ხელმოწერების სახით ამზადებს პეტიციას რუსეთის პრეზიდენტის სახელზე -პუტინს მოუწოდებს, დაიცვას რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი ვალდებულებები. მაგრამ ვიდრე პეტიციას მოსკოვში ჩაიტანდნენ, ცისფერმა ავტობუსმა უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის ტერიტორიებზე უნდა გაიაროს და რუსეთის საზღვარი გადაჭრას. ავტობუსის მძღოლი, გერჰარდ ვიზერ-თუქი შიშობს, რომ გასავლელი რჩება 100-დღიანი მოგზაურობის ყველაზე რთული მონაკვეთი: გერჰარდ ვიზერ-თუქის ხმა "ვიზები გვაქვს და, როგორც ვიცი, ამ ქვეყნებში იციან, რომ ჩვენ მარტო ტურისტები არა ვართ. მაგრამ ვიზა არ გვაძლევს გარანტიას, რომ მართლაც შეგვიშვებენ ქვეყნის ტერიტორიაზე. მათ შეუძლიათ, უარი თქვან - ეს არის რისკი, რომლის გაწევაც გვიხდება. რასაკვირველია, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ვიზა გამოგვადგება. იმედი გვაქვს, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება".

"ემნესტი ინტერნეშენალის" აქტივისტებს დღეისთვის 2 000 ხელმოწერა აქვთ შეგროვებული და პრაღაში სამშაბათამდე დარჩებიან.
XS
SM
MD
LG