Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსში" გამოქვეყნებულია კომუნისტური რუმინეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსის,

1978 წელს შეერთებულ შტატებში გაქცეული გენერალ-ლეიტენანტის, იონ მიხაი პაჩეპას სტატია, რომელშიც რუმინელი გენერალი ოფიციალურ მოსკოვს ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ, მასობრივი განადგურების იარაღის დამალვასა ან ლიკვიდაციაში დაეხმარნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმს.
იონ მიხაი პაჩეპა წერს:

"ჩემთვის, როგორც რუმინეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, რომელიც საბჭოთა კაგებესაგან ღებულობდა ბრძანებებს, სავსებით ნათელია, რომ ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის გაუჩინარების უკან დგას რუსეთი. საბჭოთა კავშირსა და მის სატელიტ ქვეყნებში შემუშავებულ იქნა საგანგებო ვითარებაში ხსენებული იარაღის მოსპობის სტანდარტული პროცედურა, რაც იმისთვის იყო გამიზნული, რომ მესამე მსოფლიოს დესპოტების წინააღმდეგ "დასავლელ იმპერიალისტებს" არ ჰქონოდათ სამხილი. ამ სტანდარტული პროცედურის თანახმად, ქიმიური იარაღი მთლიანად უნდა დაეწვათ, ან ზღვაში ჩაეყარათ, ინახებოდა მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში უმტკივნეულოდ განახლებულიყო ამ იარაღის წარმოება. ასეთი გეგმა ჯერ კიდევ წარსულში მიიღო ერაყმა უშუალოდ მოსკოვისგან, ეს მე მითხრა ჩაუშესკუმ, რომელმაც ბრეჟნევისაგან შეიტყო ეს ინფორმაცია. საბჭოთა ბლოკი არა მარტო მასობრივი განადგურების იარაღს ჰყიდიდა სადამ ჰუსეინს, არამედ ისიც უჩვენა ერაყელ დიქტატორს, როგორ უნდა მოხდეს საჭიროების შემთხვევაში ამ იარაღის ლიკვიდაცია. ესტაფეტა რუსეთმა მიიღო. სწორედ ამ მიზნით ეწვივნენ ომის დაწყების წინ ბაღდადს ევგენი პრიმაკოვი და გადამდგარი რუსი გენერლები: ვლადისლავ აჩალოვი და იგორ მალცევი".

ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რამაც, როგორც ვარაუდობენ, ბოლო უნდა მოუღოს ჩრდილოეთ კავკასიაში ოთხი წლის მანძილზე მიმდინარე ომს, ექვსიოდე კვირაღა რჩება, და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ აჰმად კადიროვმა, რომელზეც მოსკოვმა შეაჩერა არჩევანი, შესაძლოა დამარცხებაც იგემოს ამ არჩევნებში. როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, თუ კადიროვი, კრემლის დახმარებით კიდევაც შესძლებს გამარჯვებას, ყოფილი მუფთი იმდენად არაპოპულარულია რესპუბლიკაში, რომ უკვე თავად ცალკეული რუსი სახელმწიფო მოხელეები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ კადიროვის პრეზიდენტობა ჩეჩნეთში ძალადობისა და დესტაბილიზაციის გარანტი იქნება.
გაზეთი განაგრძობს:

"კადიროვი და მისი მოიერიშეები იმდენად გავლენიან ძალას წარმოადგენენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში რომელიმე სხვა კანდიდატი გამოვა გამარჯვებული, მის წინააღმდეგ შესაძლოა ძალაც კი გამოიყენონ. ოფიციალურად მოსკოვი ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში არცერთ კანდიდატს არ ემხრობა. როგორც სერგეი იასტრჟემბსკი ამბობს, ფედერალური ხელისუფლება ამას იმიტომ აკეთებს, რომ წაგებულის გვერდით არ აღმოჩნდეს და, რომ თუ იგი არჩევნებში დამარცხდა, აჰმად კადიროვს, ჩეჩნეთის გარეთ შესთავაზებენ სამსახურს."

გაზეთი "ველტი" არჩევნებისწინა ვითარებას აღწერს რუსეთში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სრულიად რუსეთის ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორი იური ლევადა აღშფოთებას არ მალავს იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა დამოუკიდებლობა ჩამოართვას ხსენებულ ინსტიტუტს. გაზეთი წერს:

"დიახაც, ლევადას მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გულზე არ ეხატება კრემლს, თუმცა საქმე აქ მარტო იმაში როდია, რომ რუსების უმრავლესობა ჩეჩნეთში ომის შეწყვეტის მომხრეა. მთავარი ისაა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები პარტია "ერთიანი რუსეთის" დაბალ პოპულარობაზე მეტყველებს. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ რუსეთში საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა შეიქმნება, ხოლო გამოკითხვის შედეგებმა დაგვანახა, რომ პრეზიდენტის მომხრე პარტიებმა შესაძლოა ვერ მოიპოვონ ამგვარი უმრავლესობა. თანაც ბრძოლა მიმდინარეობს არა მარტო ადგილებისთვის ამჟამინდელ პარლამენტში, არამედ სხვადახვა ძალთა პოზიციებისთვისაც, როცა მიზანში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც, კონსტიტუციის თანახმად, პუტინი უკვე ვეღარ შესძლებს კენჭისყრას".

ამავე გაზეთში ვრცელი კომენტარია გამოქვეყნებული რუსეთში გამეფებული კორუფციის შესახებ. თუ მოსკოვის შემოგარენში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრავალრიცხოვან სანატორიუმთაგან ერთ-ერთს ეწვევით, თქვენს ყურადღებას ფეშენებელური ავტომანქანების მწკრივები მიიპყრობს, წერს გაზეთი "ველტი" და განაგრძობს:

"პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დედაქალაქის შემოგარენში ააშენა ვილა, რომლის ფასი ერთ მილიონ დოლარს აღემატება. ამ დროს ეს პირი ოფიციალურად თვეში სამასამდე დოლარს ღებულობს. სოციალური ფონდის "ინდემის" ხელმძღვანელი და ელცინის ყოფილი მრჩეველი გეორგი სატაროვი ყოველივე ამას სისტემატურ კორუფციას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი გამოანგარიშებით, კორუფციის წლიური ბრუნვა რუსეთში 36 მილიარდი დოლარია. ბევრისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა სატაროვის ნათქვამი სატელევიზიო ინტერვიუში იმის შესახებ, რომ ნიხრებია დადგენილი თავად უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე, სახელდობრ, მინისტრის მოადგილის თანამდებობა რუსეთში, ხუთასი ათასი დოლარი ღირს."
XS
SM
MD
LG