Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მცხოვრები რუსები ეროვნული უმცირესობის სტატუსზე უარს ამბობენ


ანდრო ეული, პრაღა ეთნიკური რუსები 8 მილიონით, უდიდეს ეროვნულ უმცირესობას შეადგენენ 49-მილიონიან უკრაინაში.

ათ წელიწადზე მეტია უკვე, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და მაინც, რესპუბლიკაში მცხოვრებ რუსებს კვლავაც არ სურთ უკრაინის, როგორც რუსეთისაგან გამოყოფილი სახელმწიფოს აღიარება.

უკრაინამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. თუმცა რესპუბლიკის რუსი მოსახლეობისთვის ისტორიული კავშირები უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ათწლიანი პოსტკომუნისტური სუვერენიტეტი.

რუსეთი ჯერ სამი საუკუნის განმავლობაში ბატონობდა აღმოსავლეთ უკრაინაში მეფეების დროს, რაც კომუნიზმის დროს 70 წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. მეცხრამეტე საუკუნის ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, აგრეთვე კომუნისტური მმართველობის დროს მილიონობით რუსი უკრაინაიში დასახლდა.

რუსეთიცა და უკრაინაც შუასაუკუნოვან კიევის რუსეთს მიიჩნევენ თავიანთ წინამორბედ სახელმწიფოდ. ხოლო უკრაინის დედაქალაქი კიევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მის სულიერ სახლს წარმოადგენს.

ეთნიკური რუსების პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უკრაინაში, აგრეთვე ცალკეულმა პოლიტიკოსებმა რუსეთში წამოაყენეს მოთხოვნა რომ რუსულს, უკრაინულთან ერთად, ოფიციალური ენის სტატუსი მიენიჭოს უკრაინაში. ისინი ორმაგ მოქალაქეობასაც მოითხოვენ.

უკრაინაში მოქმედი კანონის თანახმად სახელმწიფო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი ვალდებულია გამოცდა ჩააბაროს იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად ფლობს ეს პირი უკრაინულ ენას. საბჭოთა პერიოდში კომპარტიის ფუნქციონერები, ისტორიკოსები და სოციოლოგები ჯიუტად იმას ამტკიცებდნენ, რომ უკრაინული თურმე დიდად არ განსხვავდება რუსულისგან, ან უბრალოდ ამ უკანასკნელის დიალექტი ყოფილა. ხოლო დღეს მრავალი რუსი გამოთქვამს საყვედურს, რომ უკრაინულის სწავლა თურმე მეტად ძნელი ყოფილა. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ წამოყენებული მოთხოვნა უკრაინული ენის ცოდნასთან დაკავშირებით რესპუბლიკაში მცხოვრები ეთნიკური რუსების მოქალაქეობრივი უფლების დარღვევაა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლექსანდრ ჰორიკოვი აღნიშნავს, რუსები ზუსტად იმავე შეზღუდვებსა და მოთხოვნებს ექვემდებარებიან, რასაც უკრაინაში მცხოვრები ნებისმიერი სხვა უცხოელი [ოლექსანდრ ჰორიკოვის ხმა]: "რაც შეეხება უკრაინაში ცხოვრების უფლებას, ამ მხრივ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქენი ნებისმიერ სხვა უცხოელთან შედარებით არანაირი პრივილეგიებით არ სარგებლობენ".

ჰორიკოვმა განაცხადა აგრეთვე, რომ უკრაინა უარს ამბობს მოთხოვნაზე, რომ რუსულს, უკრაინულთან გათანაბრებული ოფიციალური ენის სტატუსი მიენიჭოს, თანაც ორმაგი მოქალაქეობა იქნეს რესპუბლიკაში შემოღებული [ოლექსანდრ ჰორიკოვის ხმა]: "აქ უკრაინაში, აკრძალულია ორმაგი მოქალაქეობა. თუ თქვენ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხართ და გსურთ გახდეთ უკრაინის მოქალაქე, უარი უნდა თქვათ იმ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე და ოფიციალურად მოითხოვოთ უკრაინის მოქალაქეობა".

უკრაინაში მოქმედი კანონი ორ კატეგორიაში აერთიანებს იმ პირებს, ვისაც უკრაინის მოქალაქეობის მიღება სურს. პირველს, უკრაინაში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების პირდაპირი შთამომავალნი ეკუთვნიან, ხოლო მეორე კატეგორიაში შედიან ის პირები, ვინც სულ ცოტა ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა უკრაინაში.

გამონაკლისს ამ მხრივ შეადგენენ ყირიმელი თათრები, რომლებიც სტალინის ბრძანებით 1944 წელს შუა აზიაში გადაასახლეს, ხოლო დღეს ისინი მშობლიურ მიწა-წყალზე, ყირიმში ბრუნდებიან.

როგორც კიევში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორს ივან ლოზოვის მიაჩნია, ორმაგ მოქალაქეობაზე უარი, უწინარესად, უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსების მისამართითაა ნათქვამი.

მრავალი ეთნიკური რუსისთვის, ამბობს ლოზოვი, ვისაც ნათესავები და მეგობრები ჰყავს რუსეთში და ხშირად სტუმრობს მათთან, ერთობ ხელსაყრელი გახდება ორმაგი მოქალაქეობა იმ შემთხვევისთვის, თუ ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი იქნება შემოღებული. მისივე თქმით, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინას [ივან ლოზოვის ხმა]: "მაშინ უკრაინა შესაძლოა აღმოჩნდეს იმგვარ მდგომარეობაში, როცა ეს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები მეხუთე კოლონად იქნებიან გამოყენებული უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. არ მინდა იმის თქვა, რომ ეს დღეს მოხდება, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, მომავალში, ამგვარი საფრთხე არაა გამორიცხული".

მოსკოვმა გასულ წელს წამოაყენა შესაძლებლობა, რომ ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი იქნეს შემოღებული. მაგრამ ამ თვის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე, ყირიმში, უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა გადაწყვიტეს სამომავლოდ გადადონ ამ საკითხის განხილვა.

ივან ლოზოვი აცხადებს, რომ რუსული ენისთვის უკრაინულთან გათანაბრებული სტატუსის მინიჭება სახიფათოა, ვინაიდან მასობრივ პროტესტებს გამოიწვევს ცენტრალურსა და აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსახლეობა მოჭარბებული პატრიოტიზმით გამოირჩევა. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ უკრაინულისა და რუსულის გათანაბრებული სტატუსი უკრაინის ეროვნულ თვითმყოფადობას დააკნინებს.
XS
SM
MD
LG