Accessibility links

ბიუჯეტის სეკვესტრირება და დაპირისპირება საქართველოს მთავრობაში


საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთი მთავარი პირობა, ბიუჯეტის სეკვესტრირება, ჯერაც შეუსრულებელია.

ეს იმას ნიშნავს, რომ გაურკვეველი ვადით გადაიწევს სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენის თარიღი და საქართველოს ამ საერთაშორისო ინსტიტუტის მხარდაჭერის გარეშე მოუწევს კრედიტორებთან ურთიერთობა. ასეთი პერსპექტივა კი საქართველოს მთავრობის შიგნით დაპირისპირების საბაბი გახდა.

22 აგვისტოს საქართველოს პარლამენტს ბიუჯეტის სეკვესტრისთვის კენჭი უნდა ეყარა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საკანონმდებლო ორგანომ 22 აგვისტოს დილის 3 საათზე შეძლო კვორუმის შეგროვება და გადაწყვეტილებების მიღება, დღისით, 14 საათზე, კენჭისყრისთვის საჭირო დეპუტატების შეგროვება არ უნდა გაძნელებულიყო. თუმცა, ღამის სხდომისაგან განსხვავებით, დღის სხდომა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან 118 პარლამენტარის ერთად შეკრება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი უფრო სეკვესტრის მიმართ პარლამენტართა დამოკიდებულებაა, ვიდრე ღამის მუშაობით გამოწვეული დაღლა. ეს რომ ასეა, წინასაარჩევნო კამპანიის წამოსაწყებად 22 აგვისტოს დილით პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და მისი მთავარი პოლიტიკური პარტნიორის ზურაბ ჟვანიას ზუგდიდში გამგზავრებითაც დასტურდება.

არჩევნების წინ ოპოზიციისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია მთავრობას რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას, თუმცა ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტის ჩავარდნით პრობლემები არც საქართველოს უბრალო მოსახლეობას მოაკლდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ტაქტიკა ჯერჯერობით უცვლელი რჩება და ის ნაწილობრივ ამართლებს კიდეც. კერძოდ, ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტის დაუმტკიცებლობამ და სავალუტო ფონდის წინაშე, სავარაუდოდ, პრობლემების წარმოქმნამ, დაპირისპირება გამოიწვია თავად მთავრობის შიგნით.

ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი სეკვესტრის ჩავარდნის შემდეგ კრედიტორებთან სავალუტო ფონდის მხარდაჭერის გარეშე, დამოუკიდებლად ურთიერთობის წინადადებით გამოდის.

[მირიან გოგიაშვილის ხმა] "თუკი 2004 წლის ბოლომდე არ იქნება პარიზის კლუბი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული წერილები დონორებისგან, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს. საერთო კონტექსტში პარიზის კლუბი ჩატარდება მას შემდეგ, რაც სავალუტო ფონდის პროგრამა აღდგება და სავალუტო ფონდის მეშვეობით გავალთ პარიზის კლუბში. ამ შემთხვევაში იქნება რესტრუქტურიზაცია. ორმხრივი ურთიერთობები ყველა ვარიანტში იქნება იმ შემთხვევაში, თუ იქამდე არ დავასრულებთ პარიზის კლუბის ურთიერთობებს."

გოგიაშვილის ამ მოსაზრებებს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია დაუპირისპირდა:
[თემურ ბასილიას ხმა] "იყო რამდენიმე არაკომპეტენტური განცხადება რამდენიმე პირის მიერ, რომ შესაძლებელია ცალ-ცალკე კრედიტორებთან მოლაპარაკებების დაწყება. ეს, მე ვიტყოდი, არაკომპეტენტური განცხადებები არის, რადგან, თუ მხარდაჭერა არ იქნა და პირისპირ აღმოჩნდები ცალკეულ კრედიტორთან, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს და არამარტო ეკონომიკური, არამედ სხვა ინტერესებიც, ბუნებრივია, ძალიან რთული იქნება..."

საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და თავად ხელისუფლების შტოების შიგნით წინასაარჩევნო პოლიტიკური ინტერესებით წარმოქმნილი ეს დაპირისპირება მძიმე ეკონომიკური შედეგების წინაპირობებს ქმნის. ამ ეკონომიკური რეალობის დაძლევა კი საქართველოს უბრალო მოქალაქეების ყოფას დაამძიმებს.
XS
SM
MD
LG