Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო ცვლილებები პრეზიდენტის რწმუნებულთა რიგებში


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის რწმუნებულთა რიგებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული თემურ მოსიაშვილი გამოაკლდა და მისი ადგილი პარლამენტარმა გელა კვარაცხელიამ დაიკავა, ბევრისთვის აშკარა გახდა,

რომ სახელისუფლებო ფლანგი წინასაარჩევნო სამზადისს სერიოზულად შეუდგა. ხსენებული ფლანგი ახალ რწმუნებულს შრომისმოყვარე, აქტიურ, ერთგულ და ამ პოსტისთვის ღირსეულ კანდიდატად მოიხსენიებს. ოპოზიციას კი სჯერა, რომ გელა კვარაცხელიას სამცხე-ჯავახეთში წარგზავნა, ძირითადად, არაქართული მოსახლეობის საარჩევნო ხმების მონადირებასა და ხელისუფლებისთვის მირთმევას ისახავს მიზნად.

პრეზიდენტის რწმუნებულთა რიგებში განხორციელებული ეს ბოლო ცვლილება მწარე გაკვეთილის როლსაც შეასრულებს: მოსიაშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს ნებისმიერმა იმ რწმუნებულმა, რომელიც ხელისუფალთა წინასაარჩევნო საეჭვო დავალებებს წარმატებით ვერ ან არ შეასრულებს - ასეთია ახალი მემარჯვენეების გენერალური მდივნის, პარლამენტარ დავით საგანელიძის მოსაზრება. საგანელიძე სასტიკად უარყოფს გავრცელებულ ვერსიას, თითქოს მოსიაშვილის თანამდებობა მათთან, ანუ "ახლებთან", სიახლოვეს შეეწირა და დარწმუნებით აცხადებს, რომ ამგვარი სიახლოვე მათ შორის არასოდეს არსებულა.

გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო დაჯგუფებამ ექს-რწმუნებულს, არც მეტი - არც ნაკლები, პასიურობა დაუწუნა და მის ნაცვლად სამცხე-ჯავახეთში ისეთი კაცის გაგზავნა გადაწყვიტა, რომელიც ხელისუფალთა საარჩევნო იმედებს არ გააცრუებს. საგანელიძე მიიჩნევს, რომ ლევან მამალაძის გუნდის წევრს საარჩევნო ხმების მონადირება არ გაუჭირდება:

[საგანელიძის ხმა] "მამალაძეს შესანიშნავი გამოცდილება აქვს ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც, ძირითადად, აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, როგორ იმუშაოს არაქართული მოსახლეობის საარჩევნო ხმებზე. ხელისუფლებას, როგორც წესი, გარანტირებული აქვს ამგვარი ხმები ქვემო ქართლში. ანალოგიური მეთოდები, რა თქმა უნდა, საჭიროა სამცხე-ჯავახეთში, სადაც სომხური მოსახლეობაა, რომ მათი ხმები ხელისუფლებამ წამოიღოს თავის სასარგებლოდ. ამისათვის საჭირო იყო ისეთი პიროვნება, რომელიც ზუსტად გააკეთებდა იმის დუბლირებას, რასაც აკეთებს მამალაძე ქვემო ქართლში. სწორედ ასეთია გელა კვარაცხელია, რომელიც შესანიშნავი მოწაფეა მამალაძის და . . . "

სახელისუფლებო ბლოკში გაერთიანებული სოციალისტების ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის შეცვლას, რა თქმა უნდა, არჩევნების გაყალბების, ანუ საგანელიძის მოსაზრების, კონტექსტში არ განიხილავს. თუმცა მტკიცედ სჯერა, რომ ნებისმიერი რწმუნებული სწორედ პრეზიდენტის პოლიტიკურ კურსს უნდა მიჰყვებოდეს და აქტიურობითაც უნდა გამოირჩეოდეს:

[რჩეულიშვილის ხმა] "დღეს აქტიური ხალხი უნდა იყოს ყველა თანამდებობაზე, რომლებსაც პოლიტიკური ნებაც და პირადი აქტიურობაც შესაძლებლობას მისცემს, რაც შეიძლება სტაბილური გარემო შექმნან, რაც შეიძლება წესიერად ჩაატარონ არჩევნები და მართონ პროცესები, რომ დესტაბილიზაცია არ აგორდეს".[სტილი დაცულია]

მოსიაშვილის მაგალითის შემდეგ ხალხში მოსახსნელ რწმუნებულთა სიის ათასგვარი ზეპირსიტყვიერი ვარიანტი გავრცელდა. რჩეულიშვილის პირადი სია კი უკვე დიდი ხანია იმერეთის პირველი კაცით - თემურ შაშიაშვილით იწყება.
XS
SM
MD
LG