Accessibility links

logo-print

ხელისუფლებას კონტრაბანდასთან ბრძოლის იმიტაციაც კი უჭირს


მთავრობის ბოლო სხდომაზე უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს, პრეზიდენტის ბოლო დავალების თანახმად, იმ ადამიანთა გვარები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდით

ქვეყნის ბიუჯეტს აღარიბებენ. თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ რატომღაც კონკრეტული გვარები დღემდე არავის დაუსახელებია. სხდომისადმი საზოგადოების ინტერესსაც, ძირითადად, ეს მოლიდინი კვებავდა. თუმცა, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა, მთავრობამ საკუთარ მოსახლეობას იმედი ამჯერადაც გაუცრუა. სამართალდამცავი ორგანოები ერთთვიანი კამპანიის სახითაც კი ვერ ახერხებენ კორუფციის წინააღმდეგ არათუ რეალურ ბრძოლას, არამედ ბრძოლის ილუზიის შექმნას. იყო კი მოსალოდნელი მსხვილი კონტრაბანდისტების მთავრობის სხდომაზე გამოჭენება? რამდენად შესაძლებელია ამგვარი ერთჯერადი და კამპანიური ზომებით კონტრაბანდასთან ბრძოლა? საზოგადოების დიდ ნაწილს ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხი აქვს.

საქართველოს ხელისუფლების ხელში უდანაშაულობის პრეზუმფცია ის ქოთანია, რომელსაც ყურს, სურვილის მიხედვით, საიდანაც უნდათ, იქიდან გამოაბამენ ხოლმე. თუ გადაწყვეტილება "ზემოდან" მოდის, ქართველი სამართალდამცავები ადამიანის უფლებების დაცვას დიდად არ დაგიდევენ.
სულ ახლახან უშიშროების სამინისტრომ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, საზოგადოებას სააქციო საზოგადოება "ჭიათურმანგანუმის" ხელმძღვანელობის დანაშაულისა და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ლევან ჩრდილელის სამსახურებრივი გულგრილობის შესახებ უპატაკა.

თუმცა სხვა ამბავია, როცა ამა თუ იმ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის კორუფციასა და კონტრაბანდის მფარველობაში მხილება პირადი პასუხისმგებლობით გიწევს. ამ დროს ქართველი ძალოვნები სამხილის უკმარისობასა და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე იწყებენ საუბარს. ამ მოტივით შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა მთავრობის ბოლო სხდომაზე სიგარეტის კონტრაბანდით დაკავებული მოხელეების გვარები არ დაასახელა. იგივე გააკეთა უშიშროების მინისტრმა: ვალერი ხაბურძანიამ პრეზიდენტის მაგიდაზე საწვავის მსხვილი კონტრაბანდისტების სია ვერ დადო.

ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ საზოგადოებას კვლავ იმედი გაუცრუა. მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის იმიტირებასაც კი ვერ ახერხებს. იმის მტკიცება, რომ მაღალი რანგის მოხელეები თავიანთი შავი ბიზნესის შესახებ დოკუმენტებს არ ქმნიან და ამიტომ მათი მხილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი და ანტიკორუფციული ბიუროს წევრი ნიკა ონიანი აცხადებს:
[ნიკა ონიანის ხმა] "კრიშა, ალბათ, დოკუმენტს არ ქმნის, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებს ოპერატიული სამსახურები აქვთ - ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე, რომელიც მერე მტკიცებულებებით გამაგრდება, შეიძლება კონკრეტულ პიროვნებას წარედგინოს ბრალი და, თუ ამ ეტაპზე არიან, რომ ბრალის წარსადგენად არიან მზად, მაშინ გვარის დასახელებასაც არაფერი არ უშლის ხელს, ოღონდ მერე, რა თქმა უნდა, შემდეგი ღონისძიებები უნდა მოჰყვეს ამას: ყველაფერი, საბოლოო ჯამში, სასამართლომდე მივიდეს."(სტილი დაცულია)

საზოგადოების თვალში რატომღაც კონკრეტული გვარების დასახელება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებელ პირობად აღიქმება, თუმცა მარტო გვარების დასახელება რომ საკმარისი არ არის, ამაზე წარსულის გამოცდილებაც მეტყველებს. იგივე ნიკა ონიანი ამბობს, რომ სასამართლომდე ჯერჯერობით არც ერთი სერიოზული საქმე არ მისულა.
[ნიკა ონიანის ხმა] "ჯერჯერობით პრაქტიკულად არაფერი არ მისულა და ეხლა თუ მივა რამე, ძალიან კარგი იქნება" (სტილი დაცულია).
XS
SM
MD
LG