Accessibility links

logo-print

დაპირისპირება მთავრობასა და პარლამენტს შორის გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 23 აგვისტოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში,

თუ პარლამენტი სამშაბათის სხდომაზე მაინც დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის განხილვას, ჯერ კიდევ არსებობს ამ საფინანსო ორგანიზაციასთან პროგრამის აღდგენის შანსი. წინასწარი ცნობებით, საეჭვოა, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბოს. უფრო ზუსტად, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი მხოლოდ იმისთვის შეიკრიბება, რომ რიგგარეშე სხდომა დახუროს და არდადეგებზე დაიშალოს.

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობა განსაკუთრებული კონსტრუქციულობით არასდროს გამოირჩეოდა - არც მაშინ, როცა საპარლამენტო უმრავლესობა არსებობდა და მთავრობის წევრთა დიდი ნაწილიც მმართველი პარტიის წევრი თუ არა, მხარდამჭერი მაინც იყო და არც ახლა, როცა საპარლამენტო უმრავლესობა არ არსებობს და მთავრობის წევრთა პოლიტიკური კუთვნილების და სიმპათიების დადგენა საკმაოდ რთული გახდა. ასეა თუ ისე, კრიზისულ ვითარებაში, როცა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების საქართველოსთან თანამშრომლობის ბედი ბეწვზე ჰკიდია, ხელისუფლების შტოს წარმომადგენლები დამნაშავის ძებნით არიან გართულნი.
შაბათს დილიდან პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, თავის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე გურიას ესტუმრა. მაშინ, როცა იგი პოტენციურ ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავდა, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტარებს საკუთარი მოვალეობები შეახსენა. უფრო ზუსტად, ის, თუ რისთვის იღებენ პარლამენტარები ხელფასს:
[ ავთნდილ ჯორბენაძის ხმა] " ქვეყანას აქვს რეალური შანსი, თავისი პროგრამა გააგრძელოს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას და აღსრულებას. ეს არის უმთავრესი საკითხი და მოთხოვნა ჩვენი საქართველოს პარლამენტის მიმართ, ოპოზიციის თუ პოზიციის მიმართ, რომლებიც ვალდებულნი არიან, თავისი მოვალეობა შეასრულონ, რისთვისაც ხელფასს იღებს ეგ ხალხი უპირველეს ყოვლისა და პოლიტიკური თამაშები არ უნდა იყოს ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი."
პოლიტიკური თამაშები, როგორც ჩანს, მაინც გაგრძელდება - პარასკევს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პარლამენტმა კვლავ ვერ შეძლო მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელი კვორუმის შეგროვება, პარლამენტარები იმ განწყობით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, რომ სამშაბათის სხდომაზე მხოლოდ სესიის დასახურად შეიკრიბებიან. ვინაიდან სესიის დახურვისთვის სულაც არ არის აუცილებელი კვორუმი, საფიქრებელია, რომ ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის განხილვას პარლამენტი არ დაუბრუნდება და მთელ პასუხისმგებლობას მთავრობას გადაულოცავს. მთავრობას მხოლოდ ის დარჩენია, რომ თავად მოახდინოს ბიუჯეტის სეკვესტრი, ოღონდ არა იმ პროექტით, რაც პარლამენტში წარადგინა, არამედ სხვაგვარად: ყველა ხარჯს პროპორციულად ჩამოაკლოს 10 პროცენტი, რაც საკმაოდ მტკივნეულად აისახება ისედაც კრიზისში მყოფ ქვეყანაზე. მაგრამ ყველაზე მძიმე დღეები მომავალ პარლამენტს მაშინ დაუდგება, როცა 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების დრო დადგება: ექსპერტთა ვარაუდით, საგარეო ვალების გამო, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არა მხოლოდ ხელფასებისა და პენსიების გაზრდაზე არ იქნება ორიენტირებული, არამედ ბევრი სოციალური პროგრამის დაფინანსება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
XS
SM
MD
LG