Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გამწვავების ახალი მიზეზები


"რაო ეესის" მიერ საქართველოში მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების შეძენის შემდეგ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ვარაუდობდა, რომ დაძაბულობა ქართულ-რუსულ ურთიერთობაში თანდათან მინელდებოდა.

თუმცა, როგორც ირკვევა, რთულია ერთი ხელის მოსმით ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა უთანხმოების დაძლევა. გასულ კვირას რუსეთ-საქართველოს შორის კიდევ ერთმა ახალმა გამაღიზიანებელმა ფაქტორმა იჩინა თავი. ეს "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში" რუსეთის გაწევრიანების მიმართ საქართველოს ორიგინალური პოზიციაა.

რუსეთი "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში" გასაწევრიანებლად ემზადება. რუსეთის საკითხი შეიძლება წამოიჭრას 10-14 სექტემბრისთვის მექსიკის ქალაქ კანკუნში დაგეგმილ "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის" მინისტრთა საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ უმსხვილესი საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის წევრობა რუსეთისთვის ახალი ბაზრებისა და უფრო მეტი ინვესტიციების ათვისების პერსპექტივებს ქმნის. ამ მიზნის მიღწევა მოსკოვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის კრემლის ახალი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების უფრო მეტ საშუალებებსაც იძლევა.

მანამდე კი რუსეთს მოლაპარაკებები ელის "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის" წევრ 67 სახელმწიფოსთან. მათი ერთსულოვანი თანხმობის გარეშე რუსეთი კვლავ მსოფლიოს ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუტის მიღმა დარჩება. 67 სახელმწიფოს შორისაა საქართველოც, რომლის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ოფიციალური თბილისი სწორედ ამ ბერკეტის ამოქმედებას გეგმავს რუსეთთან ძველი ანგარიშების გასასწორებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დამუშავებული გეგმის მიხედვით, რომელიც მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა მთავრობის სხდომას 20 აგვისტოს გააცნო, საქართველო რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე სეპარატისტული რეგიონებისა და ქართული ღვინის ფალსიფიცირების საკითხებს დააყენებს. უფრო კონკრეტულად კი, საქართველო, რუსეთზე "ვაჭრობის ორგანიზაციის" ბერკეტის ზემოქმედებით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქთან რუსეთის მხრიდან ცალმხრივად გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოწესრიგებას შეეცდება.

სეპარატისტულ რეგიონებთან ამჟამად არსებული თითქმის უვიზო რეჟიმი საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული ტვირთების შემოდინების კარგ პირობებს ქმნის. რუსეთიდან საქართველოში შემოდის რუსული აქციზით დადარული პროდუქცია, ეს კი ქართულ ბიუჯეტს იმპორტირებული პროდუქციის აქციზიდან და დამატებული ღირებულების გადასახადიდან მისაღები შემოსავლის გარეშე ტოვებს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. ამასთან ერთად თბილისის საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს რუსეთის ტერიტორიაზე ფალსიფიცირებული ქართული მარკის მქონე ღვინის წარმოების აყვავება და სხვა.

მოსკოვი საკითხის ამგვარად დასმას "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის" პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობად აფასებს.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ მაქსიმ მედვედკოვმა 22 აგვისტოს ჟენევაში განაცხადა, რომ "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია" ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტია და საქართველოს მცდელობა, იგი პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს, შეიძლება შეფასდეს როგორც კონტრპროდუქტიული ნაბიჯი. "ჩვენ გვაქვს მთელი რიგი საშუალებები ჩვენ შორის არსებული პრობლემების სხვა ფორუმების ჩარჩოებში მოსაგვარებლადო, დასძინა მედვედკოვმა.

ეკონომიკის ექსპერტის დიმიტრი ქემოკლიძის განმარებით:

[იხ. აუდიოვერსია]

ანუ რუსეთის მიმართ საქართველოს პრეტენზიები "ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში" ახალი წევრის მიღებისას აპრობირებულ მოთხოვნათა ანალოგიურია და ის სულაც არ სცდება ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG