Accessibility links

გასულ კვირაში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი აქცენტი ბიუჯეტის სეკვესტრზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი აქცენტი ბიუჯეტის სეკვესტრზე იყო გაკეთებული. საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღე-ღამე დაუთმო ამ პრობლემას და მაინც ვერ მოახერხა მისი გადაჭრა.

კანონმდებელთა მოღვაწეობის შესახებ 22 აგვისტოს გაზეთი "24 საათი" წერს:

"კიდევ ერთი "საპარლამენტო ღამისთევის" მიუხედავად, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, განსახილველი საკითხი ლოგიკურ დასასრულამდე მაინც ვერ იქნა მიყვანილი". "ბიუჯეტის სეკვესტრის თაობაზე სამთავრობო ფრაქციებსა და ოპოზიციას ე.წ. "თავისუფალი" მიდგომა აქვთ. ხელისუფლების მხარდამჭერი დეპუტატები მზად არიან ხმა მისცენ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეკვეცას, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ძირითადი ეკონომიკური კანონის შეუსრულებლობისთვის მთავრობას პასუხი მოეთხოვოს. ოპოზიცია საპირისპირო გზას ადგას: მისთვის მთავარია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება და ნაკლებად მნიშვნელოვანია ის, მოხერხდება თუ არა სეკვესტრის დამტკიცება."

როგორც გაზეთი აღნიშნავს, "...ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებმა - გიორგი ბარამიძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და აკაკი ასათიანმა, აგრეთვე ნოდარ ჯავახიშვილმა, სეკვესტრის მხარდაჭერის სანაცვლოდ მთავრობის გადაყენება მოითხოვეს."
"24 საათის" თქმით:

"ცხადია, სამთავრობო ძალები ასეთ ულტიმატუმს არ დათანხმდებოდნენ. მით უმეტეს, როგორც სახელმწიფო მინისტრის გამოსვლიდან გაირკვა, ხელისუფლებას სარეზერვო ვარიანტიც ჰქონია შემონახული - ავთანდილ ჯორბენაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ბიუჯეტის სეკვესტრს მხარს არ დაუჭერს, შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებს ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს."

23 აგვისტოს პრესა იტყობინება, რომ "სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა საქართველოს მომავალ წლამდე მარტო ტოვებს." გაზეთი "ხვალინდელი დღე" წერს, რომ "ფონდის მისია მთავრობას პარიზის კლუბში აღარ გაჰყვება და არც უცხოელ კრედიტორებთან საგარეო ვალების ჩამოწერაში ან მათ გადავადებაში უშუამდგომლებს".
გაზეთის თქმით:

"ხელისუფლება იძულებულია, სავალუტო ფონდთან კონსულტაციების ახალი რაუნდი დაიწყოს. თანხმობის შემთხვევაში, პრეზიდენტი თავის უფლებას გამოიყენებს და ბიუჯეტის 10-პროცენტიან სეკვესტრს პარლამენტი განახორციელებს.

სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ მთავრობა პარიზის კლუბის გარეშეც შეძლებს მუშაობას და პარტნიორ სახელმწიფოებთან მორიგებას დამოუკიდებლად მოახერხებს. უბრალოდ, დღეიდან ხელისუფლება სხვა რეჟიმში დაიწყებს მუშაობას და ახალ სიტუაციასთან ადაპტირებასაც მოახერხებს. ჯორბენაძე იმედს, როგორც ბოლო დროს ხშირად გვესმის ხოლმე, "სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე" ამყარებს, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში სავალუტო ფონდის ნდობა აღდგება და ისიც დახმარების სამწლიან პროგრამას გააგრძელებს".

თუმცა, - როგორც გაზეთი შენიშნავს, - "ჯორბენაძისგან განსხვავებით, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილია, ხელისუფლების უცხოელ კრედიტორებთან დამოუკიდებლად მორიგების შესაძლებლობას გამორიცხავს და ამგვარ მოსაზრებას არაკომპეტენტურად მიიჩნევს."
შემდეგ გაზეთი "ხვალინდელი დღე" წერს:

"პარლამენტმა ორკვირიანი ხმაურის შემდეგ 2003 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი ჩააგდო. ამაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიციის სამარცხვინოდ, 22 აგვისტოს მისი დასწრების მაჩვენებელი სახელისუფლებოზე გაცილებით უარესი იყო."
"მაგრამ საკუთარი უმრავლესობის, ანუ 118 დეპუტატის, შეგროვება ვერც სახელისუფლებო ბლოკმა შეძლო. მიზეზად დეპუტატი ირაკლი მინდელი პარლამენტში უმრავლესობის არარსებობას მიიჩნევს."
"სახელმწიფო მინისტრმა სეკვესტრის ჩაგდებაში მთავარ დამნაშავედ დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელსაც სხდომაზე გამოუცხადებლობა და საარჩევნო მოგზაურობა ვერ აპატია."

ახლა კი იმის შესახებ, თუ რა გამოხმაურება პოვა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მიერ პოლიტიკური ბლოკის "ბურჯანაძე-დემოკრატების" შექმნამ. 22 აგვისტოს გაზეთი "რეზონანსი" წერს:

"როგორც იქნა, ოპოზიციის ერთი ნაწილის გაერთიანებას დაადგა საშველი. ოპოზიციური ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" უკვე ერთი დღისაა. მართალია, ბლოკის ნათლობა მხოლოდ გუშინ შედგა, მაგრამ ბურჯანაძემ და ჟვანიამ წინასაარჩევნო მზადება უკვე დაიწყეს."
"აქამდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე პარტიას თუ ბლოკს პრობლემების მოგვარების კონკრეტულ გეგმებზე ესაუბრათ. ამიტომაც კონკრეტული პრობლემების მოგვარება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც პრობლემად რჩებოდა. ამის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყო, რომ არჩევნებში გაყალბებით გამარჯვებას პროგრამა არ სჭირდებოდა.

ამჯერად, ბურჯანაძისა და ჟვანიას საარჩევნო კამპანიის მთავარი პრინციპი, მათი თქმით, არა მხოლოდ პრობლემებზე საუბარი, არამედ ამ პრობლემების მოგვარებაა".

"საარჩევნო პროგრამას, ანუ როგორ აპირებენ "პრიორიტეტული საკითხების" მოგვარებას, ისინი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის წარმოადგენენ და, როგორც აცხადებენ, პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები უნდა გახდეს მათი არჩევნებში გამარჯვების საწინდარი."

22 აგვისტოს "მთავარი გაზეთის" მიხედვით, "...სასტუმრო "მეტეხი-პალასში" გამართულ პრეზენტაციაზე ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ შექმნილი გაერთიანება კონსტრუქციულ, ზედმეტი პოპულიზმისგან თავისუფალ გუნდად დაახასიათეს. კონსტრუქციულობის პირველი მაგალითი შეიძლება დავით სალარიძის პოზიცია გახდეს."
გაზეთი წერს:

"ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკის შექმნის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ულტიმატუმი - გაერთიანებას შევუერთდები, თუ სალარიძე და მისთანები აღარ იქნებიანო, ალბათ, მალე "გაიშიფრება".
თავად ყოფილმა "მრეწველმა", საგადასახადო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სალარიძემ, კერძოდ, განაცხადა: "თუ სააკაშვილის ამ ბლოკთან თანამშრომლობის ერთადერთი მიზეზი ჩემი პერსონაა, მზად ვარ დღესვე დავტოვო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანება. თუკი ამით ოპოზიციის კიდევ უფრო გაერთიანება გახდება შესაძლებელი, მოვიდეს მიშა, მე წავალ."

ახალშექმნილი გაერთიანების ლიდერები კი მიიჩნევენ, რომ მათ გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბეს და პოლიტიკური "კაპრიზების" გამო გუნდის დაშლას არ აპირებენ. ასეთი ურთიერთდამოკიდებულების შემდეგ ბლოკის სუბიექტად ნაციონალების ხილვა ნაკლებად სავარაუდოა."

"უკვე ცნობილია, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატების" საარჩევნო სიაში პირველ ნომრად პარლამენტის თავმჯდომარე იქნება. დემოკრატები გვარწმუნებენ, რომ სიებში დანარჩენი ადგილების გადანაწილებისას გაუგებრობა არ იქნება."

ახალმა გაერთიანებამ წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში ჩასვლით დაიწყო. 23 აგვისტოს "მთავარი გაზეთის" თქმით, "ნინო ბურჯანაძე ზურაბ ჟვანიას ახალი ფავორიტია. პარლამენტის ექს-თავმჯდომარემ დღევანდელი სპიკერი, ფაქტობრივად, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა გუშინ ზუგდიდში გამართულ რამდენიმეათასიან შეკრებაზე".
გაზეთის მიხედვით:

"ბურჯანაძე ამომრჩევლებს მოჯადოებული წრის გარღვევასა და წინსვლას ჰპირდება. ამავე დროს, აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოვლად უსუსური და უუნაროა და არ ძალუძს დანაწევრებული სახელმწიფოს გაერთიანება. როგორც მან განაცხადა: "ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში კი არ მოვიდეთ მხოლოდ, არამედ ხელისუფლებაში მოსვლა გამოვიყენოთ კონკრეტული საქმეების საკეთებლად."
მისი აზრით, "ამისათვის საჭიროა "მოხდეს რევოლუციური ცვლილებები, მაგრამ რევოლუციის გარეშე".

ხელისუფლებამ კი უკვე დაიწყო საკადრო ცვლილებების განხორციელება. საქართველოს პრეზიდენტმა დეპუტატ გელა კვარაცხელიას სახით სამცხე-ჯავახეთში ახალი რწმუნებული დანიშნა.
23 აგვისტოს "მთავარი გაზეთის" თქმით:


"უკვე ექს-რწმუნებულ თემურ მოსიაშვილის გათავისუფლება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა." "პრეზიდენტის რწმუნებულის შეცვლა არჩევნებამდე ორი თვით ადრე და მის ადგილზე მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის დანიშვნა ოპოზიციას გარკვეული ეჭვის საფუძველს აძლევს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსიაშვილი, რომელსაც პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტი ორი წლის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად ეკავა, ახალი მემარჯვენეების მიმართ სიმპათიებშია შემჩნეული.
თუ ვერსია მოსიაშვილის პარტიული ნიშნით გათავისუფლების შესახებ რეალური აღმოჩნდა, არჩევნების წინ თანამდებობის დატოვების საშიშროების წინაშე რამდენიმე რაიონის გამგებელიც აღმოჩნდება."
XS
SM
MD
LG