Accessibility links

logo-print

ჩვენს გადაცემაში დღეს ვისაუბრებთ ერთ უჩვეულო


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენს გადაცემაში დღეს ვისაუბრებთ ერთ უჩვეულო

პროექტზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მხატვრები - მათ შორის, ქართველი მხატვრები - ახორციელებენ თბილისში. ამ მხატვართა დიდი ნაწილი ამსტერდამის რიტფელდის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. გადაცემის მეორე ნაწილში გავესაუბრებით ნინო ფურცხვანიძეს, არქიტექტორს, ამჟამად ჰოლანდიაში მცხოვრებს. ნინომ მცირემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო ხსენებულ ახალგაზრდა მხატვრებზე. დღეს, თავის პერსონაჟებთან ერთად, ის თბილისშია. ჩვენი გადაცემა დაიწყო კომპოზიციით "დაბრუნება ამსტერდამში", რომელსაც ჰოლანდიელი მუსიკოსი კონსტანტინე რუხაძე ასრულებს. არ მოგესმათ? მთელ პროგრამას სწორედ ნიდერლანდების მკვიდრის კონსტანტინე რუხაძის შესრულებული კომპოზიციები გასდევს. ახლა კი სიტყვას ეკა წამალაშვილს გადავცემ.


[ეკა წამალაშვილი]

თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე 6 ქართველი და 6 უცხოელი ახალგაზრდა მხატვარი მუშაობს. მათგან 9-ს, 6 უცხოელს და 3 ქართველს, ამსტერდამში, რიტფელდის სამხატვრო აკადემიაში, აქვს მიღებული განათლება. თბილისის ხელოვნების აკადემიის 3 კურსდამთავრებულთან ერთად ისინი ასრულებენ მუშაობას პროექტზე, რომელსაც "უცხოელი" ჰქვია. დაწყებული კლასიკური მხატვრობიდან ვიდრე კონცეპტუალურ ხელოვნებამდე, ვიდეო და აუდიოპროექტების, ფოტოგრაფიისა და სკულპტურის ჩათვლით, მხატვრები სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ და ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ერთობლივი გამოფენის გახსნისთვის ემზადებიან. 28 აგვისტოს მათ ფართო საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებით უნდა აჩვენონ, თუ რა საერთო და რა განმასხვავებელ ნიშნებს ხედავენ ქართულ და დასავლურ სამყაროს შორის. ამ დღეს ქართველი და უცხოელი მხატვრები კომუნისტური ეპოქიდან შემორჩენილ და უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში ამ ქალაქზე, ხალხზე და თავად ამ შენობაზე ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსაზრებებს შემოგვთავაზებენ; გვაჩვენებენ როგორ შეუძლიათ წარმოაჩინონ ერთი და იგივე თემა სრულიად განსხვავებულ გარემოში გაზრდილ ერთი თაობის შემოქმედებს.

ასეთი პროექტის განხორციელების იდეა ჰოლანდიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქართველ მხატვარს სოფო ტაბატაძეს გაუჩნდა. 6 წლის წინათ მან მიატოვა საქართველოს ხელოვნების აკადემიაში სწავლა და ნიდერლანდებს მიაშურა, სადაც რიტფელდის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. მას ახლა უკვე უჭირს თქმა, სადაა მისი სახლი - საქართველოში, სადაც 20 წლამდე ცხოვრობდა, თუ ჰოლანდიაში, სადაც ახლა ცხოვრობს. ფიქრობს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის სხვაობა იმდენად დიდია, ამ სხვაობით ისინი ავსებენ კიდეც ერთმანეთს. "ამ ორ ქვეყანაში განსხვავებულია სიტყვა "უცხოელის" მნიშვნელობაც: საქართველოში იგი მდიდარ, მოღიმარ და უპრობლემო ადამიანთან ასოცირდება, ჰოლანდიაში კი უცხოელი ესაა ღარიბი, ემიგრანტი, გაუთლელი," - ამბობს სოფო და ამ სიტყვებით განმარტავს კიდეც, რატომ აირჩია თბილისში ჩაფიქრებული პროექტის სახელწოდებად სიტყვა "უცხოელი". ამ პროექტის დანიშნულებად მას და მის მეგობარ თამუნა ჭაბაშვილს (თამუნაც რიტფელდის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია და ჰოლანდიაში ცხივრობს) შემდეგი მიაჩნიათ :

[თამუნა ჭაბაშვილის ხმა] "პროექტი უკვე უახლოვდება დასასრულს, მაგრამ, ალბათ, იმავე დასაწყისს. ლაპარაკი იყო უცხოს თვალით დანახულზე, მაგრამ მთავარია, რა მოიტანა პროექტმა, რომელიც ჯერ კიდევ პროცესშია."

[სოფო ტაბატაძის ხმა] " მართლაც, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროცესი. დასრულებულ გამოფენაზე მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი, ძიება და კითხვების დასმა. ძიებაშია ყველაფერი. ჩემთვის ეს პროექტი არის სწორედ ძიება და ის არც ახლა იწყება და არც ახლა სრულდება. ის გრძელდება და გრძელდება."

ყველაზე საინტერესო, ალბათ, ის არის, თუ რას და როგორ ეძებენ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მომუშავე მხატვრები, "უცხოელები" იმ გაგებით, როგორც ამ სიტყვას ერთ-ერთი მათგანი, ამერიკელი ადრიელ ვან დრიმმელენი, ხსნის. მისი აზრით, სხვადასხვა და ერთ გარემოში აღზრდილებიც - ყველანი უცხოელები ვართ, რადგან ამ ქვეყნის სტუმრები ვართ. "უცხოელის" ამ გაგების გადმოსაცემად ადრიელმა ტილოსგან ორი კაცუნა შეკერა, ორივე ნახერხით გამოტენა; ერთი ღვინით გაჟღინთა, მეორე კი, გადაწყვიტა, ნესტიანი და დაობებული იყოს. გამოფენის სტუმრებს ეს ორი "უცხოელი" ღვინის ქარხნის სარდაფში დახვდება. თამუნა ჭაბაშვილი პოლიეთილენისგან აგებულ გამჭვირვალე ფიგურებს წარმოგვიდგენს, რომლებიც ერთმანეთთან წყლის მილებით იქნება შეერთებული. იდეა გამჭვირვალობას და ერთიანობას გულისხმობს. სოფო ტაბატაძე - გორგოლაჭებზე შედგმულ სახლ-დახლს. ის მისი საკუთარი სახლია - და საკუთარი სახლის ძიების იდეით არის დატვირთული. რაც შეეხება ჰოლანდიელ კირსტენ ლეენაარსს, ის ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმის მომლოდინე კაცების ფოტოების გამოყენებით ქმნის საკუთარ ნამუშევარს და სურს ამ ნამუშევრით ქართულ საზოგადოებას ამ ადამიანების არსებობა შეახსენოს - ადამიანების, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ელიან საქმეს და ყოველთვის მზად არიან, ვინმეს ემსახურონ. კირსტენი საქართველოში უკვე მეორედაა. ამ უცხოელის თვალით დანახული თბილისი ასეთია:

[კირსტენ ლენაარსის ხმა] "რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, ეს ქალაქი ნიუ-იორკს მაგონებს. უამრავი მანქანით, რომლებიც განუწყვეტლივ დადიან და დადიან. გაზეთების ჯიხურებით, სარეკლამო ბილ-ბორდებით და ქუჩაში მცხოვრები ხალხით. რიტმთან შერწყმული სიგიჟე საერთოა, მაგრამ ნიუ- იორკის შემთხვევაში ეს რიტმი დროის შეგრძნებითაა გაჯერებული. აქ დრო თითქოს გაჩერებულია. აქ ყველა რაღაცის მოლოდინშია. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემს ნამუშევარში ამესახა ელიავას ბაზრობასთან მდგომი კაცების მოლოდინი".

კირსტენმა თბილისში კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა. მაინცდამაინც აქ ინატრა, ხატვა მასაც სცოდნოდა და აი, რატომ: რიტფელდის აკადემიაში, სადაც ის სწავლობდა, დიდი დატვირთვა ენიჭება იდეის, შემდეგ კი უკვე დასრულებული ნამუშევრის პრეზენტაციას. აქ კი მხატვრები ყველაზე დიდ ყურადღებას ტექნიკას, ვიზუალურ მხარეს ანიჭებენ. ისე, როგორც ამას, ვთქვათ, თბილისელი მხატვარი ზურა მაჭარაშვილი აკეთებს.

[ზურა მაჭარაშვილის ხმა] " ყველას შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა და როგორც უნდა. ჩემი აზრით, პირველად უნდა დაინახო. ჩემთვის პირველი მაინც თვალია და ის პროცესი, როგორც მუშაობს ხელოვანი. "

ზურას ურჩევნია იდეა ხელით, საკუთარი ნამუშევრით გადმოსცეს და არა სიტყვით, თუმცა ფიქრობს, რომ დასავლური სკოლა სულ სხვაა და ის დასავლეთში განათლებულ მხატვრებს დიდ უპირატესობას ანიჭებს.

მას და მის ქართველ თუ უცხოელ მეგობრებს პროექტი "უცხოელი" თავის ფინალამდე მიჰყავთ, მაგრამ როგორც თამუნამ და სოფომ აღნიშნეს, ამით არაფერი მთავრდება. იმას, რაც აქ, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე, იქმნება, ორიგინალის თუ ფოტოზე ან ვიდეოფირზე აღბეჭდილის სახით, ჰოლანდიაში წაიღებენ. პროექტი "უცხოელი" 14-დან 17 სექტემბრამდე ამსტერდამში საქართველოს დღეებზე იქნება წარმოდგენილი.


[დავით პაიჭაძე]

ეს იყო ეკა წამალაშვილი. ახლა კი ვესაუბროთ ადამიანს, რომელმაც ეკა წამალაშვილის რესპონდენტები ფილმის პერსონაჟებად აქცია. შესაძლოა, ეს მცირემეტრაჟიანი ფილმი აჩვენოს კიდეც რომელიმე ქართულმა არხმა. ჩვენ კი მის ავტორს, ნინო ფურცხვანიძეს, დავუსვით რამდენიმე კითხვა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG