Accessibility links

საქართველოში საპროტესტო აქციების გახშირების მიზეზები


საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. განსხვავებულია როგორც ამ აქციებზე გამოყენებული პროტესტის ფორმა,

ასევე მათი მიზანი. მათ შორის საერთო მხოლოდ ის არის, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა და მისი ინტენსივობა სულ უფრო და უფრო მწვავდება საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ეს კი კიდევ უფრო ამძიმებს წინასაარჩევნოდ საქართველოში შექმნილ ისედაც რთულ პოლიტიკურ ვითარებას.

მეექვსე დღეა, რაც აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების შენობის წინ ასევე აფხაზეთიდან დევნილთა შიმშილობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აფხაზეთის ომის მონაწილე მეომრები მესამე დღეა მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ და ამგვარი მწვავე პროტესტის ფორმით აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს გადადგომას მოითხოვენ. ამ მოთხოვნას ახლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. აქციის ორგანიზატორის რუზგენ გოგოხიას განცხადებით:

[რუზგენ გოგოხიას ხმა] "ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს, აი პირველი პირები უნდა შეიცვალოს. ამ გადაწყვეტილებამდე იმ გაუსაძლისმა მდგომარეობამ მიმიყვანა, რომელშიც დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ყველაფერი გააჩნიათ, რაღაც რომ დასჭირდებათ, ხალხია მოსაყვანი მხარდასაჭერად, იმ ხალხს ყველაფერი ურიგდება და ერთ დაძახილზე ყველანი აქ არიან."[სტილი დაცულია]

რუზგენ გოგოხია დევნილთა საპროტესტო აქციის პოლიტიკასთან რაიმე კავშირს გამორიცხავს და წინასაარჩევნო რთულ პერიოდთან აქციის თანხვედრას მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლების მიერ რამდენიმე თვის წინ მთავრობის რეორგანიზების თაობაზე გაცემული დაპირების შეუსრულებლობას აბრალებს.

ასევე, ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო კამპანიასთან არავითარ კავშირშია 25 აგვისტოს გენერალურ პროკურატურასთან მოწყობილი საპროტესტო აქცია.

იქ პარლამენტარ გურამ შარაძის თაოსნობით შეკრებილმა ბასილ მკალავიშვილის მრევლმა სექტანტური ლიტერატურა დემონსტრაციულად დაწვა. ამით აქციის მონაწილენი თავიანთი სულიერი მოძღვრის უდანაშაულობისა და საკუთარი ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობდნენ. ასევე ცეცხლის ალში გაეხვია წიგნი "ცვლილებები სხეულში, ცვლილებები ცხოვრებაში". დეპუტატ შარაძის განცხადებით, აღნიშნული ლიტერატურა მოზარდთა გარყვნას ისახავს მიზნად და ამიტომ მასზე უმკაცრესი სანქციები უნდა დაწესდეს. ეს კი არცთუ ურიგო წინასაარჩევნო თემებია, პურის ვირტუალური გაძვირების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მსგავსად.

ერთი შეხედვით, არჩევნებისგან შორს დგას გორის რაიონში გამავალი ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვის ფაქტიც. სოფელ ტირძნისის მოსახლეობა რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებული გიორგი დურგლიშვილის (მეტსახელად "კოხტა") და ნიკოლოზ ხმიადაშვილის (მეტსახელად "რობოტა") გათავისუფლებას მოითხოვდა. პოლიცია ეჭვობს, რომ დაკავებული პირები კონტრაბანდისა და ერგნეთის ბაზრობის კრიმინალური მფარველები არიან, თუმცა სულ სხვაგვარად ფიქრობს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის რამდენიმე ქართული სოფლის მოსახლეობა. ჩვენი გორელი კორესპონდენტის გოგა აფციაურის ინფორმაციით:

[გოგა აფციაურის ხმა] "მოსახლეობა ამ აქციაზე იმ განწყობითაც გამოდიოდა, რომ ისინი არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, საერთოდ არ მივლენ საარჩევნო უბნებში, თუ მათი თანასოფლელები - ამ შემთხვევაში, დაკავებული პირები - გათავისუფლებულნი არ იქნებიან. ასევე მათმა თანასოფლელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არჩევნებისთვის ძალიან სჭირდება ფული და აქვს სურვილი, სწორედ "რობოტსა" და "კოხტას" გამოსძალოს ეს ფული, რომ ის სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო ყულაბაში მოხვდეს."

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე პიკეტის დაშლა პოლიციამ 2 საათის შემდეგ შეძლო, თუმცა ასე მარტივად არ შეიცვლება კონფლიქტის ზონის მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობა.
XS
SM
MD
LG