Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების ბედი საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 აგვისტოს დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი წევრების წარდგინება. პოლიტიკურმა პარტიებმა კომისიას თავიანთი კანდიდატები შესთავაზეს. მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის

ორშაბათის სხდომაზე გაირკვა ერთი საკანონმდებლო ნიუანსი, რომელმაც, შესაძლოა, საერთოდ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ეს ნიუანსი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გია ზესაშვილმა გააცნო საზოგადოებას:

[ზესაშვილის ხმა] "ვკითხულობ კანონს: ახლად შექმნილი ცესკოს პირველი შეკრება იმართება საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომდევნო წლის 3-დან 8 იანვრამდე. ახლად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება - 11-დან 18 თებერვლამდე. ეს ნიშნავს, რომ, რა თქმა უნდა, კომისიის წევრები დაინიშნებიან, მაგრამ მათ პირველი შეხვედრის უფლება არ ექნებათ. არაფერი ამის საწინააღმდეგო ახალ საარჩევნო კოდექსში არ წერია."

გია ზესაშვილი კითხულობს ახალი საარჩევნო კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტს. იქ ასევე წერია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ზესაშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედმა კომისიამ დიდძალი სამუშაო გასწია არჩევნების მოსამზადებლად და აპირებდა, საქმეები ახალი კომისიისათვის გადაებარებინა, მაგრამ ახლა კანონი ამის საშუალებას აღარ აძლევს. მოკლედ, გამოდის, რომ 2 ნოემბრის არჩევნები ძველმა საარჩევნო კომისიებმა უნდა ჩაატარონ, რადგან ახალი კომისიები, მართალია, დაკომპლექტდება, მაგრამ მომავალი წლის იანვარ-თებერვლამდე არ იქნებიან უფლებამოსილნი, იმოქმედონ.

ამ თითქოსდა სენსაციურ განაცხადს მშვიდად შეხვდნენ როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, ისე პოლიტიკურ პარტიათა სხდომაზე მყოფი წარმომადგენლები. მეტიც, მანამდე კომისიის წევრმა დენის დავითაშვილმა წამოაყენა წინადადება, ეუთოს გია ზესაშვილის კანდიდატურა შევთავაზოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზეო. წინადადებას მოწინააღმდეგენი არ ჰყოლია.

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა და ორშაბათიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა ბადრი ნიაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

[ნიაურის ხმა] "გარდამავალი დებულებები აწესრიგებს ყველაფერს, რაც დღეს აქ ვითომდაც პრობლემად წარმოჩნდა. ეს ცვლილებები შევიდა სწორედ საიმისოდ, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. კოდექსში ასახულია ყოველი მომდევნო კომისიის შეკრებისა და ფორმირების წესი. გარდამავალი დებულებების 128-ე მუხლი გასაგებად ამბობს, რომ 2 ნოემბრის არჩევნები უნდა ჩაატარონ ახალმა საარჩევნო კომისიებმა."

მე-20 მუხლი არც "ნაციონალურ მოძრაობას" აღელვებს: იურისტმა და პარლამენტის წევრმა ზურაბ ადეიშვილმა ზემოთ მოყვანილი დებულება ახალი საარჩევნო კოდექსის ხარვეზად მიიჩნია და მითხრა, რომ ის ვერ გახდება არჩევნების ჩაშლის საფუძველი. კანონი უფრო ფართოდ უნდა იქნეს განმარტებული და გავყვეთ არა ზოგადი წესის, ანუ მე-20 მუხლის, არამედ გარდამავალი დებულებების ლოგიკას, რომლებიც სწორედ 2 ნოემბრის არჩევნებს არის მორგებული.

[ადეიშვილის ხმა] "ეს კანონი ამგვარად უნდა იქნეს გაგებული: ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალდანიშნულ შემადგენლობას აქვს უფლება, შეიკრიბოს და უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება. ლაპარაკია სწორედ 2 ნოემბრის არჩევნების ჩატარებაზე. ეს არის, მარტივად რომ ვთქვათ, დღეს არსებული ცესკოს მცდელობა, ჩაებღაუჭოს თავის ძალაუფლებას და ჩაატაროს არჩევნები დღეს მოცემული შემადგენლობით. ეს არის, ასევე, ხელისუფლების გარკვეული პოზიცია."

დაბოლოს, ორშაბათ საღამოს ცნობილი გახდა ის 14 პიროვნება, პოლიტიკურმა პარტიებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად რომ წარადგინეს. თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობას სამშაბათს შევიტყობთ. უფრო ცნობილები ყველანი ამიერიდან გახდებიან.
XS
SM
MD
LG