Accessibility links

logo-print

აგრესიული და არააგრესიული პოლიტიკა


საზოგადოების წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებში ხშირად იმეორებენ, რომ არ მოსწონთ აგრესიული პოლიტიკა, ზედმეტად ენერგიული დებატები, ოპონენტის შეურაცხყოფა ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიერ,

მოსმენის კულტურის დეფიციტი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების მთავარი დაკვეთა პოლიტიკოსების მიმართ აგრესიაზე უარის თქმა და მშვიდი პოლიტიკის წარმართვაა. რამდენად ესადაგება რეალობა ამ შთაბეჭდილებას?

საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმა საზოგადოების რიგითი წევრებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ის ადამიანები, რომლებსაც გაზეთის ფურცლებს ან ტელე- და რადიოეთერს უთმობენ, როგორც წესი, საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან. ბოლოხანს გაჩნდა ტენდენცია, რომ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები პოლიტიკოსებს დაბეჯითებით ურჩევენ, უკუაგდონ აგრესია, მოუსმინონ ერთმანეთს, გაერთიანდნენ, მამაკაცებმა ასპარეზი ქალბატონს დაუთმონ. ერთი სიტყვით, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი პოლიტიკოსებისგან მშვიდობიან საქმიანობას და დათმობით ურთიერთობებს ითხოვს.

რამდენად შეგვიძლია, რომ ამგვარი განცხადებები, რომლებიც, მცირედი სახეცვლილებებით, ყოველდღე ქვეყნდება, საზოგადოებრივ დაკვეთად მივიჩნიოთ? საზოგადოების პოლიტიკური გემოვნება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებში მოწმდება. გასულ წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში თითქმის თანაბარი რაოდენობის ადგილები მოიპოვეს გამარჯვებულებმა - ლეიბორისტებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ. ორივე პარტიის ლიდერი კი ქართველ პოლიტიკოსებს შორის აგრესიის ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა. როგორ შეიძლება ამ მოვლენის ახსნა? აშკარაა, ერთი მხრივ, მოწოდება მშვიდი პოლიტიკის წარმართვისკენ და, მეორე მხრივ, აგრესიის მხარდაჭერა არჩევნებში.

შესაძლოა, პასუხი ის იყოს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების კრებული უმცირესობაა, უცნობი და რიგითი წევრები კი - უმრავლესობა. უმცირესობა, უმრავლესობასთან შედარებით, მეტ-ნაკლებად უკეთეს პირობებში ცხოვრობს და მეტ-ნაკლებად სიმშვიდისკენ არის მიდრეკილი. უმრავლესობა კი, რომელიც წყვეტს არჩევნების ბედს, შინაგანად ისეთივე აგრესიულია, როგორიც მისი რჩეული პოლიტიკური ლიდერი. ამ აგრესიის წყარო, ცხადია, არსებული მდგომარეობის მიუღებლობა და მისი შეცვლის სურვილია.

არსებულ ვითარებაში, ერთი შეხედვით, გაუგებარია ნინო ბურჯანაძის საუკეთესო რეიტინგი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, თანაც, საზოგადოების ნებისმიერ ფენაში. საქმეც ის არის, რომ ბურჯანაძის პოლიტიკური ფიგურა წარმატებით ითავსებს ორგვარ იმიჯს: ერთი მხრივ, იგი დინჯი, არააგრესიული პოლიტიკოსია; მეორე მხრივ, მას არ ახასიათებს დათმობითი პოლიტიკა და ხშირად მამაკაცებზე მეტად პრინციპულია. ამას ადასტურებს მისი ურთიერთობა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ოპონენტებთან. ასე რომ, ნინო ბურჯანაძის წარმატება, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი და აუხსნელია, შესაძლოა, ეფუძნებოდეს რეალურ საზოგადოებრივ დაკვეთას პოლიტიკოსების მიმართ: როგორც დინჯი, ასევე აგრესიული პოლიტიკის მომხრეთა სიმპათიის ჯამს.
XS
SM
MD
LG