Accessibility links

logo-print

მოლდავეთის და დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმა


მოლდავეთსა და დნესტრისპირეთს შორის კონფლიქტის მოგვარების არაერთი გეგმა არსებობს. მათ შორისაა მოლდავეთის შემადგენლობაში, ფედერაციის ნაწილის სახით, სეპარატისტული რეგიონის ჩართვა.

მაგრამ ამგვარი გეგმები იწვევს კამათს, რომელიც გაუთავებლად მიმდინარეობს არა მხოლოდ მოლდავეთის პოლიტიკოსთა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორისაც.

მოლაპარაკება მოლდავეთის კომუნისტურ მთავრობასა და პრორუსულ სეპარატისტებს შორის თვეების განმავლობაში გრძელდება. საუბრის ჩარჩოს წარმოადგენს ევროპაში თანამშრომლობისა და უშიშროების ორგანიზაციის - ეუთოს -წინადადება, რომელიც კიევში შარშან ორ მხარესა და თვით ეუთოს, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების დროს იქნა წარმოდგენილი. მაგრამ ამ გეგმას, რომელიც მოლდავეთის ფედერაციად გარდაქმნას და მასში დნესტრისპირეთის საგანგებო სტატუსით შესვლას ითვალისწინებს, არ ემხრობიან მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიაჩნიათ, რომ გეგმა მოსკოვის გავლენის ქვეშ მოლდავეთის დაბრუნებას ითვალისწინებს ეუთოს საშუალებით. ამ პოზიციას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორისაა"უოლ სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებული წერილი, რომელიც დაასკვნის, რომ ეს გეგმა გამოიწვევს არასტაბილურობას და ამ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ყოფნას დააკანონებს. ამ მოსაზრებას ეუთო არ ემხრობა. მოლდავეთში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი უილიამ ჰილი ამბობს: [ჰილის ხმა] "ეუთოს მისია, მასთან ერთად სხვა შუამავლები და წევრი ქვეყნები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი და ევროპის საბჭო, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, კიევის გეგმის ძირითად მიმართულებებს ემხრობიან. ეს არის კონფლიქტის მოგვარება ფედერაციული მოწყობით, რაც დნესტრისპირეთის რეგიონისთვის საგანგებო სტატუსს ითვლისწინებს, მაგრამ მოლდავეთის ერთიანობას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. გეგმა სქემატურია. მის მიხედვით, სეპარატისტული რეგიონი მოლდავეთის ახალი ფედერაციის სუბიექტი გახდება და საკუთარი მთავრობა და აღმასრულებელი სტრუქტურა, ამასთან, საკუთარი ბიუჯეტი და საფინანსო უწყება ექნება. რეგიონს შეეძლება იქონიოს ენის საკუთარი პოლიტიკა, მაშინ როცა სახელმწიფო ენად მოლდავური დარჩება. ჰილისვე თქმით, ახალ კონსტიტუციაზე მუშაობენ, ხოლო მის შესახებ რეფერენდუმი მოეწყობა დნესტრისპირეთსა და დარჩენილ მოლდავეთში. როგორც ითქვა, გეგმას კრიტიკოსები ჰყავს. გასულ კვირაში მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ დნესტრისპირეთში რეფერენდუმი "დემოკრატიის დაცინვა" იქნებოდა. განცხადება ბრალს სდებს ეუთოს მისიას, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში კრიზისის მოგვარებას თავი ვერ გაართვა და ქედი მოუხარა რუსეთის "ნეოიმპერიალისტურ თამაშს". განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ შეუძლებელია რეფერენდუმის მოწყობა დნესტრისპირეთში, სანამ იქ დემოკრატია არ მოიკიდებს ფეხს და სანამ იქ დამნაშავეები და შეიარაღებული ბანდები არ განადგურდება. ამასთან, ასახელებენ მთავარ პირობად სეპარატისტული რეგიონის დემილიტარიზაციას: მაშინაც კი, თუკი სტამბოლის სამიტის დაპირებას რუსეთი შეასრულებს და ჯარს გაიყვანს, იარაღი და აღჭურვილობა დარჩება დნესტრისპირეთის არაკონსტიტუციური ჯარის ხელში. სხვები სკეპტიკურად არიან განწყობილი რეფერენდუმის კანონიერების მიმართ, რადგან იქ არ არის დემოკრატიულად არჩეული მთავრობა."როიტერის" კორესპონდენტმა დმიტრი ჩუბაშენკომ, რომელიც რუსულენოვანი მოლდაველია, ჩვენს კორესპონდენტს უთხრა: [ჩუბაშენკოს ხმა] "დნესტრისპირეთში საბჭოთა ტიპის ტირანული რეჟიმია. იქიდან, ანუ მარჯვენა ნაპირიდან, ბევრი ლტოლვილი წამოვიდა - ისინი, ვინც მოლდავეთის დამოუკიდებლობას ემხრობოდნენ. მათ იქ არ ჰქონდათ თავიანთი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის საშუალება". ეუთოს მისიის ხელმძღვანელი უილიამ ჰილი კატეგორიულად უარყოფს აზრს, რომ მისი ორგანიზაცია რუსეთის ან დნესტრისპირეთის სასარგებლოდ მოქმედებს. ის ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოლდავეთის საზოგადოების ნაწილია და არის კიდევ სხვა გაერთიანებები, რომლებიც ეუთოს გეგმას ემხრობიან.

მოლდავეთის კონფლიქტის მოგვარებაში ევროპის კავშირის მეტ აქტიურობას ემხრობა გერმანელი პოლიტოლოგი კლაუს ნოიკირხი, რომელიც თანამშრომლობს კრიზისის საერთაშორისო, კონფლიქტების მოგვარებაზე მომუშავე არასამთავრობო ჯგუფთან. ნოიკირხი ფიქრობს, რომ ფედერაცია შეიძლება მოეწყოს, მაგრამ ყველაფერი ნელა, ნაბიჯ- ნაბიჯ უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG